"ადვოკატა" - კვირის პალიტრა

"ადვოკატა"

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კიდევ ერთი სასწაულმოქმედი ხატის შესახებ

"ადვოკატა" მხსნელსა და მეოხს ნიშნავს. და, მართლაც, ეს ხატი სასწაულებრივად ეხმარება ყველას, ვისაც მისი მეოხება სჭირდება.

ერთ-ერთი გადმოცემით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მსგავსად, ეს ხატიც ზღვით გასცლია ხატმბრძოლობის ერესით შეპყრობილ ბიზანტიას და მრავალი წელი გაუტარებია ზღვაში – ფიცარი, რომელზეც ხატია დაწერილი, მარილიანი წყლისაგანაა დაზიანებული. ზღვითვე მიბრძანდა რომში და სანტა მარია ტემპულოში, რომის ერთ-ერთ უძველეს საყდარში, მონაზვნებთან დაიდო ბინა. მეორე გადმოცემის მიხედვით კი, ხატი წმინდა კაცმა ჩააბრძანა რომში. მოგვიანებით, რომის პაპმა იგი დიდებულ ტაძარში გადაასვენა, მაგრამ ხატი სასწაულებრივად დაუბრუნდა თავის პირვანდელ ადგილს –სანტა მარია ტემპულოს. მოგვიანებით მონაზვნები სან სისტოში გადავიდნენ და ხატიც თან წააბრძანეს. იგი დღემდე იმ მონასტერში იმყოფება.

ხატი ლუკა მახარებელს სიონის მთაზე, საიდუმლო სერობის დარბაზში დაუწერია და საოცარი სიზუსტით ემთხვევა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიტყვიერ პორტრეტს, რომელიც მის თანამედროვე რომაულ წყაროებშია შემონახული. მოგვიანებით ხატი იერუსალიმიდან ეფესოში წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა გადაასვენა, საიდანაც, მისი გარდაცვალების შემდეგ, კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.

"ადვოკატა" მხსნელსა და მეოხს ნიშნავს. და, მართლაც, ეს ხატი სასწაულებრივად ეხმარება ყველას, ვისაც მისი მეოხება სჭირდება. გარდა იმისა, რომ ხატი სასწაულებრივად გადაადგილდებოდა და თავად იცვლიდა და ირჩევდა სამყოფელს, იგი ვნების შვიდეულში ფერს იცვლიდა, ხოლო წითელ პარასკევს თითქმის მთლიანად უფერულდებოდა ხოლმე. მრავალჯერ უხსნია ადგილობრივები შავი ჭირის ეპიდემიისაგანაც.

მონასტერი, რომელშიც ხატია დაბრძანებული, საკმაოდ მკაცრი ტიპიკონითა და კარჩაკეტილობით გამოირჩევა. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ხატი ნელ-ნელა მიივიწყეს. მას ნაკლებად იცნობდნენ არა მარტო დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროში, არამედ თავად იტალიაშიც კი. მისი აღმოჩენის პატივი ცნობილ გერმანელ ისტორიკოსსა და ჟურნალისტს, პაულ ბადეს, ერგო, რომელმაც ხატის შესახებ ერთ-ერთ ბერთან საუბრისას შეიტყო – წმინდა მიწაზე მოღვაწე ხატმწერმა ბერმა მას გაუმხილა, რომ ლუკა მახარებლის დაწერილი ღვთისმშობლის ხატი რომში, მარიოს მთაზე, ინახებოდა. პაულიც ჩავიდა რომში და სავანის ძებნა დაიწყო. როდესაც მისი პოვნის ყოველგვარი იმედი დაკარგა, სწორედ მაშინ დაინახა მონასტერი. რადგანაც იმ დღეს მომლოცველებს უკვე აღარ უშვებდნენ ტაძარში, მეორე დღემდე მოუწია დაცდა. და, როდესაც სავანეში შევიდა, ერთ-ერთ სარკმელში გისოსებს მიღმა ეს საოცარი ხატი დაინახა. გაოგნებული და ძრწოლითა და სასოებით აღვსილი მიეახლა ხატს, მაგრამ მობილურის ზარმა გამოაფხიზლა. მაშინვე გათიშა ტელეფონი და ყურადღებით დაიწყო ხატის შესწავლა. მონასტრიდან გამოსვლის შემდეგ ჩართო ტელეფონი და პირველი სასწაულის მომსწრეც გახდა, რომელიც ამ ხატმა მის ცხოვრებაში აღასრულა: პაულს რაღაც უსიამოვნო საქმის მოსაგვარებლად ადვოკატის აყვანა სჭირდებოდა. იმ წუთებში კი, როდესაც იგი ხატთან მივიდა, ეს საქმე ყოველგვარი ადვოკატის ჩარევის გარეშე მოგვარდა და ამ ზარით სწორედ ამის უწყება სურდათ მისთვის. მხოლოდ შემდეგ შეიტყო ბადემ, რომ ხატს სახელად "ადვოკატა" -ადვოკატი ერქვა. ამის შემდეგ დაწერა სტატია "ადვოკატი სიონიდან – რომის დაფარული საუნჯე" და სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინა იგი მეორედ მორწმუნე მრევლმა.

სულ ახლახან, დედა ღვთისას შემწეობითა და მეოხებით, მრევლის სურვილითა და ძალისხმევით, ქართველმა ხატმწერებმა შექმნეს "ადვოკატას" ქართული ასლი.