სამძიმარი - კვირის პალიტრა

სამძიმარი

მათი ბავშვობა საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიისათვის უმძიმეს პერიოდს დაემთხვა: ეკლესიები ინგრეოდა და იხურებოდა, სასულიერო პირებს დევნიდნენ, ასახლებდნენ, აწამებდნენ, ჟლეტდნენ... მაგრამ მათს ოჯახს არასოდეს უთქვამს უარი არც უფალზე და არც უფლის მსახურებაზე – გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილი და ნატალია კობაიძე Yთავიანთ შვილებს სასოებითა და ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ: ოჯახში არ ისმოდა ხმამაღალი სიტყვა, ერთმანეთისადმი სიყვარულითა და რიდით შვილებსაც სიყვარულის ნამდვილ მაგალითს აძლევდნენ. ყოველ შაბათ-კვირას მთელი ოჯახით დადიოდნენ ეკლესიაში, სახლშიც მოაწყვეს მცირე ეკლესია და ყოველ შაბათს მამა შვილებთან ერთად ხატებთან ლოცვებს კითხულობდა, შემდეგ კი ნაკურთხ წყალს ასხურებდა ხოლმე. იფარებდნენ რწმენისათვის დევნილებსაც და მათ ლუკმასა და თავშესაფარს უყოფდნენ. შვილმრავალ და მადლმრავალ ოჯახში წესრიგი, სათნოება და სიყვარული სუფევდა.

ბიბლიაში წერია: ასწავლე ბავშვს გზა, რომელზეც უნდა იაროს და ის არასოდეს გადაუხვევს მისგანო. და ეს ოჯახი ამის ნათელი მაგალითია: შვილებს არ დაუკარგავთ ღვთისაკენ მიმავალი გზა. და უფლის მადლმა და წყალობამაც არ დაახანა. ერთი შვილი – ირაკლი, რომელსაც ეს სახელი ერეკლე მეორის საპატივცემულოდ დაანათლეს, 24 წლისა ბერად აღიკვეცა. მას სახელად ილია უწოდეს. გავიდა წლები. ილია საქართველოს ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღასაყდრეს და დღემდე საოცარი სიბრძნითა და მოთმინებით მიუძღვის თავის ერსა და მრევლს ჭეშმარიტებისაკენ. მეორე შვილმა, ვიქტორმა, რომელიც ირაკლიზე უფროსი იყო, საერო ცხოვრების წესი ირჩია, მაგრამ ჭეშმარიტად ქრისტიანული საერო ცხოვრების წესი – ერშიც დაუღალავად ემსახურებოდა უფალსა და ეკლესიას. ცხოვრების მიწურულს კი, მას შემდეგ, რაც საყვარელი მეუღლე გარდაეცვალა, ბერადაც აღიკვეცა და ბერობის სახელად გიორგი უწოდეს. სამოღვაწეოდ მცხეთაში განამწესეს. აქვე, მცხეთის წმინდა გიორგის მონასტერში, გარდაიცვალა 87 წლისა. ის უკანასკნელი იყო პატრიარქის დედმამიშვილთაგან და ყველანაირად ცდილობდა, საყვარელი ადამიანების მონატრება შეევსო ძმისათვის.

პავლე მოციქული ამბობს, ოჯახი მცირე ეკლესიაა, სადაც ცოლ-ქმარი ერთმანეთსა და შვილებს უფლისათვის და უფლის სიყვარულით ზრდისო. ქრისტიანობა ხომ რწმენაა, რომელიც ადამიანმა ცხოვრების წესით უნდა განამტკიცოს. და ოჯახი საამისოდ ერთ-ერთი საუკეთესო ასპარეზია. ხოლო პატრიარქისა და მისი ძმის აღმზრდელი ოჯახი ამის თვალსაჩინო ნიმუში. დიახ, თუკი ოჯახი `სახლის ეკლესიაა~, თუკი იქ ერთმანეთი, მოყვასი და უფალი უყვართ, თუკი ამ სიყვარულს საქმითაც განამტკიცებენ, იგი შენს შვილებს ნებისმიერ განსაცდელს გამოატარებს და გადაარჩენს. თუკი შენ ცხონდები, შენ გარშემო მრავალნი ცხონდებიან, რადგან არავინ ანთებს სანთელს ხვიმირის ქვეშ შესადგმელად, არამედ იმისათვის, რომ ბნელი გაანათოს. შენს სულში ანთებული ნათელი კი, პირველ რიგში, შენს შვილებს უნათებს გზას.

ამგვარი მაგალითებით სავსეა ქრისტიანობის ისტორია: წმინდა სოფიო თავისი სამი შვილით, წმინდა ივლიტა თავის პატარა კვირიკესთან ერთად, წმინდა ფოტინე თავისი ვაჟებით. . . ბედნიერია დედა, რომელსაც შეუძლია, უფლის წინაშე კადნიერად წარდგეს და უთხრას, რომ შვილებს უფლის გზა და მსახურება ასწავლა. მართალია, ძნელია, მაგრამ არა _ შეუძლებელი, თუნდაც ჩვენს სულიერებისაგან დაცლილ და უსულგულობისაგან დაღლილ სამყაროში. ათეიზმის მძვინვარებისა და ქრისტიანთა დევნისას, გიორგიმ და ნატალიამ შეძლეს შვილების ქრისტიანულად აღზრდა და ისე შეაყვარეს უფალი, რომ ორმა მათგანმა მას საკუთარი ნება და ცხოვრება შესწირა.

ბერი გიორგი გარდაიცვალა. მთელი საქართველოს უერთგულესი ჭირისუფალი, კათოლიკოს –პატრიარქი ილია II ახლა თავისი ხორციელი და სულიერი ძმის ჭირისუფალია.