მირქმა - მოლოდინის დასასრული - კვირის პალიტრა

მირქმა - მოლოდინის დასასრული

იერუსალიმის ტაძრის ეზოში ის ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებსაც უფლისათვის მიეძღვნათ საკუთარი სიცოცხლე. მათ შორის იყო მართალი სვიმეონი - უხუცესი მათგან. მისი წარმომავლობის შესახებ არაფერია ცნობილი. მაგრამ, რადგან იმ დროისათვის საუკეთესო განათლება ჰქონდა მიღებული, სავარაუდოდ, არისტოკრატთა ფენას ეკუთვნოდა - იგი ერთ - ერთი იყო იმ 70 ბრძენიდან, პტოლომეოს ფილადელფოსმა ალექსანდრიაში რომ მიიწვია წმინდა წერილის სათარგმნად. თარგმანზე მუშაობისას ეჭვებმა აავსო სვიმეონის გული-როგორ შეიძლებოდა, ქალწულს ეშვა ძე და კვლავ ქალწულად დარჩენილიყო? მან გადაწყვიტა "დედაკაცი" ჩაეწერა "ქალწულის" ნაცვლად, მაგრამ ხელი გაუჩერდა და წერა ვეღარ განაგრძო. ამიტომ იმ დღეს შეწყვიტა მუშაობა და გაისეირნა. მდინარეზე გადასვლისას კვლავ მსჯელობდა ამ საკითხზე თავის თანამგზავრებთან. მსჯელობისას ხელიდან მოიძრო ბეჭედი, წყალში გადააგდო და თქვა, რომ იწამებდა ამას, თუკი კვლავაც ნახავდა თავის ბეჭედს.

დილით თევზი იყიდა საუზმისათვის და, როდესაც გაჭრა, მუცელში საკუთარი ბეჭედი უპოვა. გაოგნებულმა აღიარა შემოქმედის ძლიერება და გულმოწყალება. მერე ხმაც მოესმა, რომელიც აუწყებდა, რომ ვერ იხილავდა, სიკვდილს, სანამ ხელში არ აიყვანდა ქალწულისაგან შობილს, მხსნელს ადამიანებისას.

ამ მოლოდინში 300 წელზე მეტი გავიდა. სვიმეონი უკვე 360 წლისა გამხდარიყო და, რადგან უკვე აღარავინ ჰყავდა ახლობელი გვერდით, იერუსალიმის ტაძრის ეზოში დაედო ბინა.

ძველი აღთქმის ეკლესიაში დაწესებული იყო: პირველშობილი ვაჟი მშობლებს აუცილებლად იერუსალიმის ტაძარში უნდა მიეყვანათ, თან შესაწირიც უნდა მიეტანათ.

იერუსალიმის ძველი აღთქმის ტაძარში ლოცვები და მსხვერპლშეწირვა სჯულის მკაცრი დაცვით მიდინარეობდა. სწორედ ამიტომ მოხუცმა იოსებმა და ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა ახალშობილი იესო შობიდან მე-40 დღეს იერუსალიმის ტაძარში მიაბრძანეს და მტრედის ორი მართვეც მიიყვანეს შესაწირად, რათა უფლისაგან დაწესებული რჯული აღესრულებინათ. ტაძარში რომ მივიდნენ, სვიმეონს შემოესმა:

"აღდეგ, მოხუცებულო! რად ჰზი? აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!" გახარებული მოხუცებული გამოვიდა და იმდენ ხალხში პირდაპირ ღვთისმშობელთან მიიყვანა სულიწმინდამ. გამოართვა ჩვილი, გულში ჩაიკრა და გახარებულმა შეჰღაღადა ღმერთს: "აწ განუტევე, უფალო, მონაი შენი მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა. ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა!" იმ წუთებში მოხუცებული, ადამიდან მოყოლებული, მთელ კაცთა მოდგმას განასახიერებდა, მოუთმენლად რომ ელოდა სამყაროს მხსნელის ხილვას. უფლის სიყვარულით გაოგნებული სვიმეონი შემდეგ ღვთისმშობელს მიუბრუნდა და გააფრთხილა, რომ მას გულს ტკივილის მახვილი დაუფლეთდა და დაემშვიდობა წმინდა ოჯახს.

ძალიან მალე ბეთლემში 14 000 ბავშვი დახოცეს. იმ საშინელ დღეს მოკლეს წმინდა სვიმეონიც, რომელმაც ადამიანთა მთელი მოდგმის სახელით სცა თაყვანი განკაცებულ ღმერთს. ამიტომაც 15 თებერვალს ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს.