"ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ!" - კვირის პალიტრა

"ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ!"

დღეს გიორგობაა-წმინდა გიორგის თავისკვეთის დღე. დასასრული რამდენიმეთვიანი

წამებისა და ტანჯვისა, დამცირებისა და გვემისა. 23 ნოემბერს ბორბალზე გაკვრით დაწყებული მოწამებრივი გზა 6 მაისს დასრულდა და წმინდა გიორგი ზეციურ მხედრობას შეუერთდა.

მამით ობოლი და დედისერთა დედამ კაბადოკიას განარიდა-ადგილს, სადაც შეიპყრეს და ქრისტიანობისათვის წამებით მოაკვდინეს გიორგის მამა. ზრდიდა თავის ერთას და ქრისტეს სიყვარულს მტკიცედ უნერგავდა გულში - ასწავლიდა, რომ ქრისტიანობა მხოლოდ მოძღვრება და ფილოსოფიურ-თეოლოგიური ხედვა არაა, ეს ცხოვრების წესიცაა - გზა, რომელსაც ერთგულად უნდა მისდიო; და რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ უნდა წამოდგე და კვლავ ქრისტესაკენ გააგრძელო სვლა.

გიორგი ბრწყინვალე ჭაბუკი დადგა-ახოვანებითა და სილამაზით შემკულს არც სამამაცო და სარაინდო ზნენი აკლდა. მაგრამ მის პიროვნებას, ყველაფერზე მეტად, სწორედ ქრისტეს ნათელი ასხივოსნებდა. ნათელი, რომელიც არ დაიმალება - რომელიც იმიტომ აინთო, რომ გაანათოს ბნელი.

არადა, მაშინ რომის იმპერიაში ცოდვის წყვდიადი მეფობდა, რომლის სიღრმიდან წამებულ ქრისტიანთა ხმები აღწევდა. დიოკლეტიანეს ბრძნებით, დეკრეტიც გამოიცა, რომელიც ნაზარეველის მიმდევართა განუკითხავ ჟლეტას ბრძანებდა და ამართლებდა.

გიორგი ვერ გაამართლებდა და ვერც შეეგუებოდა ამ სისასტიკეს-არც შეეგუა. არათუ დამალა თავის მრწამსი, არამედ პირისპირ წარსდგა იმპერატორის წინაშე და ხმამაღლა განაცხადა: "მეც ქრისტიანე ვარ!" ვერც შეგონებებით  "შეაგონეს", ვერც დაპირებებით მოხიბლეს. მაშინ დაშინება სცადს - სპეციალურად მისთვის შექმნეს საწამებელი იარაღი-ბორბალი და ფიცარნაგზე აყვანილს ჰკითხეს, შესწირავდა თუ არა კერპებს მსხვერპლს. უარის გაგონებისთანავე ბორბალზე გააკრეს, ნაწილებად დაჩეხეს და მომაკვდავი ბორბალზე გაკრულივე დატოვეს. მაგრამ ზეციდან მოვლენილმა ანგელოზმა მკვდრეთით აღადგინა გიორგი და ჩამოხსნა ბორბლიდან. უფლის ხმამ კი გაამხნევა: "ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ!"

გიორგი თამამად გაემართა საკერპო ტაძრისაკენ, როგორც კი ფეხი შედგა შენობაში, ყველა კერპი მაშინვე დაიმსხვრა და ჩამოიშალა. მოწამემ კი კვლავ აღიარა ქრისტე.

მერე მხნედ გაუყვა თავის გოლგოთას-მიუყვებოდა ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებულ ჩექმებით; გულზე დადებული ლოდითაც  და საკირეში ჩაგდებულიც ადიდებდა ღმერთს. 5 თვეზე მეტხანს აწამეს... ამიტომაც ეწოდა დიდმოწამე. ბოლოს, რომ ვერ დაადუმეს და ვერც დაიმორჩილეს, თავი მოჰკვეთეს.

და დღეს წმინდა გიორგის თავისკვეთის დღეა.

30 წლისა აღესრულა.

დაკრძალულია ქალაქ ლოდში.

კვლავაც გულმოდგინედ ლოცულობს ჩვენთვის, მიწაზე მყოფთათვის.

ის ქრისტეს ახოვანი მხედარია, სნეულთა მკურნალი, ტყვეთა განმათავისუფლებელი და მეფეთა უძლეველი წინამძღოლი.

ჩვენ, ქართველებს, უზომოდ გვიყვარს იგი.

წმინდა გიორგი ფარავდეს მთელ ჩვენს მოდგმასა და ნაწილებად დაჩეხილ მშობლიურ მიწას.