მაცხოვარმა ამაღლებით ჩვენც აღგვამაღლა
მაცხოვარმა ამაღლებით ჩვენც აღგვამაღლა
აღდგომის შემდეგ 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა ქრისტე თავის მოსწავლეებს, ასწავლიდა, სასუფევლის საიდუმლოებებს უმხელდა, წმინდა წერილს განუმარტავდა… სიყვარულითა და სასოებით აღვსილიყვნენ მოციქულები – მათ გვერდით ხომ კვლავ მათი უსაყვარლესი მოძღვარი იყო.

მეორმოცე დღეს კი სთხოვა იესომ, ელეონის მთაზე გაჰყოლოდნენ. ელეონი ზეთისხილის ადგილს ნიშნავს, ზეთისხილი კი მშვიდობის სიმბოლოა-გახსოვთ, ალბათ, წარღვნის შემდეგ ნოემ მტრედი რომ გაუშვა კიდობნიდან და მან ზეთისხილის რტო მოუტანა ნისკარტით, ნიშნად წარღვნის
დასრულებისა. თავად ქრისტემ კი, თავისი განკაცებით, ჯვარცმით, აღდგომითა და ამაღლებით მშვიდობა მოუტანა კაცობრიობას და სამყაროს ცოდვისა და სიკვდილის წარღვნის დასასრული ამცნო.
ელეონის მთაზე გასულებს მაცხოვარმა მოციქულები გააფრთხილა, არ დაეტოვებინათ იერუსალიმი სულიწმინდის გარ
დამოსვლამდე; უბრძანა, ექადაგათ მთელ დედამიწაზე, რომ მხსნელი იშვა, მოკვდა, აღდგა და ამაღლდა… და იხსნა სამყარო… კვლავაც უბრძანა, ეუწყებინათ ადამიანებისათვის ნათლისღების საიდუმლოს შესახებ და ნათელ-ეცათ მათთვის სამების სახელით. შემდეგ კი ანუგეშა, აკურთხა და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცად. და "ღრუბელმან შეიწყნარა იგი თვალთაგან მათთა".
მოციქულები თვალს ვერ აშორებდნენ ღრუბელს, რომელმაც მათს თვალთაგან დაფარა მათი საყვარელი მოძღვარი. იცოდნენ, რომ ეს ახლის დასაწყისი იყო. მოძღვრის მონატრებასა და ამ ახლის მოლოდინს აევსო მათი გულები. უცებ ორი კაცი იხილეს, სპეტაკი სამოსით მოსილნი. "კაცნო გალილეველნო," - მიმართეს მათ მოციქულებს - "რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად" (საქმე მოციქულთა, 1, 10-11).
ამ სიტყვებით მეორედ მოსვლის საიდუმლო გაუმხილეს ზეციურმა მაცნეებმამოციქულებს: თუკი პირველად მიწაზე იშვა, ბაგაში ჩაწვა, მართალ იოსებთან ერთად შრომობდა და დურგლობდა; თუკი შიოდა, წყუროდა, ტკიოდა… თუკი ჯვარს ეცვა, მოკვდა და აღდგა . . მხოლოდ ჩვენთვის და ჩვენ გამო… მეორედ მოსვლისას მოვა ზეციდან მთელი თავისი დიდებულებით, წმინდანთა და ანგელოზთა დასით . . მოვა მეუფე სამყაროსი და მოითხოვს პასუხს თავისი ქმნილებისაგან.

სხეული, რომლითაც ამაღლდა, სწორედ ის სხეულია, რომლითაც იშვა და ჯვარს ეცვა – მან ადამიანური ბუნება აღამაღლა ზეცად, ბუნება და სხეული, და დაჯდა მარჯვენით მამისა. ეს იყო უდიდესი მხვერპლშეწირვა დედამიწაზე, რომლის ძალითაც მოხდა ჩვენი დახსნა სიკვდილისა და ცოდვების საკრველთაგან და ჩვენი ამაღლება ზეცად. მან მხოლოდ სიკვდილი არ დაამარცხა; მხოლოდ ჯოჯოხეთი არ წარმოტყვევნა – მან განადიდა და განაღმრთო ყველა, ვინც შეისმენს მისას, განუღებს გულს, იშვება მეორედ სულისაგან წმინდისა და მისი გზის გავლას მოისურვებს. და, რადგანაც მძიმეა გზა, რადგანაც გოლგოთაა სახელი მისი, რადგანაც ბრძოლაა განუწყვეტელი საკუთარ თავთან, ამიტომაც ნუგეშად დაგვიტოვა: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა!" "აჰა, ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა!"

datiko48
21 მაისი 2015 15:34
ყველა სულით ქართველ მართლმადიდებელს ვულაცავ ამაღლებას!!!უფალს ვთხოვ რომ,დღეს დაცემული და ფულზე სულგაყიდულ ქართველთა სული რომ აამაღლოს წმინდა რწმენის მართლმადიდებლობის გზაზე!!!
luxo
21 მაისი 2015 12:14
“gonierebam, `saმyaros yvela saidulo romc amoxsnas,
უღმერთოდ მაინც გაუჭირდება ” (ლუხო)
ღმერთთან საუბრობ .
ფეხმძიმე ქალს რომ, ადგილს დაუთმობ,
მოხუცებულს რომ ხელს შეაშველებ,
შენს უნებურად ღმერთთან საუბრობ,
დახმარებისთვის ღმერთს უწვდი ხელებს.
გაჭირვებულს რომ ლუკმას გაუყოფ,
თავშესაფარს რომ არ დააყვედრი,
მაშინაც, დიახ ღმერთთან საუბრობ,
და სიყვარული, სიყვარულს ერთვის.
ავადმყოფს რწმენით, გულს რომ გაუთბობ,
მიუსაფარს რომ მოეფერები,
მაშინ უფალი შენთან საუბრობს,
გამოწვდილი აქვს შენსკენ ხელები.
. . .
ჯერ არაფერი არ შობილა უსიყვარულოდ,
და ღმერთისკენაც, სიყვარულის გზა მიდის მხოლოდ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები