ღვთისმშობლის სარტყელი - უშვილოთა შემწე - კვირის პალიტრა

ღვთისმშობლის სარტყელი - უშვილოთა შემწე

ათონის მთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რჩეული ადგილია, ბერთა სამკვიდრებელი, მოკაშკაშე კელაპტრად ანთებული მსოფლიო ქაოსში. უამრავი მონასტერი, მოღვაწე თუ ხატი გაბრწყინდა უფლისმიერი მადლითა და სასწაულით.

მათ შორისაა ვატოპედის მონასტერიც. ვატოპედი ქართულად "ყმაწვილის ბუჩქს" ნიშნავს - მონასტერი სწორედ იმ ადგილასაა აგებული, სადაც იპოვეს გემიდან გადმოვარდნილი უფლისწული არკადი, რომელსაც სველს, მაგრამ სრულიად უვნებელს, ეძინა ბუჩქებში. ამ მონასტერშია დაბრძანებული ყოვლადწმინდა მარიამის სასწაულმოქმედი ხატები, აქვე ინახება დედა ღვთისმშობლის სარტყელიც.

სარტყელი თავად ქალწულ მარიამს დაუმზადებია საკუთარი ხელით აქლემის ბეწვისაგან-ღვთისმშობელს განსაკუთრებული ხელსაქმე სცოდნია. ცნობილია, რომ სწორედ მისი ნახელავი იყო სოლომონის ტაძრის კრეტსაბმელის ფარდა, რომელიც ქრისტეს ჯვარზე აღსრულებისას შუაზე გაიპო. ასევე, მისი მოქსოვილი იყო უკერველი კვართი, რომელიც ყრმა იესოს ეცვა და მასთან ერთად იზრდებოდა. ეს სწორედ ის კვართია, სვეტიცხოველში რომაა დაფლული.

მიძინების წინ ღვთისმშობელმა სარტყელი თომა მოციქულს გადასცა. აქედან დაიწყო მისი გზა, რომელიც, საბოლოოდ, ვატოპედის მონასტერში დასრულდა. გზადაგზა ანაწევრებდნენ, იტაცებდნენ, იპარავდნენ. ამის გამო ისჯებოდნენ და ინანიებდნენ. ვატოპედის მონასტერშიც, ამის გამო, მისმა ნაწილმა მოაღწია. მაგრამ ეს მცირე ნაწილიც კი აღასრულებს სასწაულებს: კურნება იქნება ეს თუ შემოსეული მწერების განსხმა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი უშვილოებს შეეწევა: თავად ყველაზე დიდი სიყვარულის დედა სხვა დედებს შვილიერების სიხარულს ანიჭებს. იგი ყველას თხოვნას ისმენს-მათისაც, ვისაც რამდენიმე წლის განმავლობაში შვილი არ ჰყავდა, და მათისასაც, რომელთაც, ექიმთა დასკვნით, არასოდეს მიეცემოდათ შვილი.

ვატოპედის მონასტერში უამრავი ადამიანი მიდის სწორედ ამ ტკივილის გამო. და სარტყლის მოლოცვიდან რამდენიმე თვეში მათი მეუღლეები ფეხმძიმედ რჩებიან. მათ, ვინც ვერ მიდის ათონის მთაზე, შეუძლიათ, გამოაგზავნინონ სარტყელზე მინადები ქამარი. ამ შემთხვევაშიც ხდება სასწაული. არის სიმსივნისაგან კურნების უამრავი შემთხვევაც.

სარტყლის მისაღებად უნდა გააგზავნოთ წერილი მონასტერში, მოკლედ აღუწეროთ თქვენი მდგომარეობა და სთხოვოთ, გამოგიგზავნონ ღვთისმშობლის სარტყელზე მინადები ქამარი. მონასტრის მამები, სარტყელთან ერთად, დაწვრილებით მითითებებსაც გამოაგზავნიან. აი, მისამართიც:

Vatopedi Monastery

63086 Karyes, Mount Athos

Greece