ღვთისმშობლის კვართი - კვირის პალიტრა

ღვთისმშობლის კვართი

დღეს ზუგდიდში ხალხმრავლობაა – რადგან დღეს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი უნდა გამოაბრძანონ მორწმუნეებთან. კვართი, რომელიც თავად ქალწულმა მარიამმა დაუტოვა მიძინების წინ მის მომვლელ ერთ-ერთ ქალწულს და სთხოვა, სიკვდილის მოახლოებას რომ იგრძნობდა, ისევ ვინმე კეთილმორწმუნე ქალწულისათვის გადაეცა მოსავლელად. ასე გადაეცემოდა თაობიდან თაობას ეს უდიდესი სიწმინდე, რომლის შესახებაც შემთხვევით შეიტყვეს პალესტინაში მოსალოცად ჩასულმა ძმებმა, იმპერატორთან დაახლოებულმა პირებმა, გალბიუსმა და კანდიდმა. მათ მასპინძლისაგან, რომელიც იყო ღვთისმშობლის სამოსის მცველი, წამოაბრძანეს კიდობანი ამ საოცარი სიწმინდით და კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.

468 წლის 2 ივლისს სამოსი ახალ კიდობანში გადააბრძანეს. კიდობანში, ასევე, ჩააბრძანეს ღვთისმშობლის ომოფორი და სარტყლის ნაწილი. ახალი კიდობანი პატივით გადააბრძანეს ვლაქერნის მონასტერში.

გავიდა წლები, საუკუნეები. კონსტანტინოპოლი დაეცა და სტამბულად იქცა, ბიზანტიის იმპერია განადგურდა. და ვლაქერნის სიწმინდეებიც, მტერს განრიდებული, იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში აღმოჩნდა. მერე დაშლილ-დაქუცმაცებულმა ქვეყანამაც ვეღარ შეძლო თავისი სალოცავის მოვლა-პატრონობა და ჯვრის მონასტრიდან წამოსულმა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა მონასტერში დაცული სიწმინდეები საქართველოში, სამეგრელოში, ჩამოაბრძანა – ნიკოლოზი ლევან II დადიანის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში, რათა კორცხელის მონასტრის წინამძღვრობა ეტვირთა.

მეორე ვერსიის მიხედვით, კვართი ჩვენთან ხატმებძოლთა ერესისათვის გამოურიდებიათ და მერვე საუკუნიდან ინახება ქართულ მიწაზე, სადადიანოში. დასავლეთ საქართველოში – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს გულში –მცხეთაში –თავად მაცხოვრის კვართი საქართველოს ერთიანობისა და განუყოფლობის სიმბოლოა. იმედია, რომ, ადრე თუ გვიან, დაშლილ-დანაწევრებული მისი სხეული კვლავ აღდგება და უფლისმიერი მადლით გაბრწყინდება.

2000 წელს კვართზე იესო ქრისტეს ხელთუქმნელი გამოსახულება აღიბეჭდა.

ყოველ წელს, ვლაქერნობას, ეს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, მორწმუნეებთან გამოაქვთ და მისი მოლოცვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.