"ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი" - კვირის პალიტრა

"ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი"

ოქტომბერი ჩემთვის უცნაურად ქართული თვეა -1- ლ ოქტომბერს წმინდა მოწამეთა -ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღეა; 9 ოქტომბერს ათონის ივერთა მონასტრიდან საქართველოში ინება ჩამობრძანება კარიბჭის ივერიის ღვთისმშობლის ხატმა; 14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობაა, 15 ოქტომბერს ქართული ეკლესია არგვეთის მთავართა - დავითისა და კონსტანტინეს -ხსენებას აღნიშნავს, 18 ოქტომბერს კი წმინდა გრიგოლ ხანძთელს განადიდებს.

. . . როდესაც პირველად დავინახე მოწამეთა, სუნთქვა შემეკრა. პირველად რაც გავიფიქრე და ვიგრძენი, ის იყო, რომ ამ მიწისათვის მეც დაუნანებლად მოვკვდებოდი - დაუნანებლად და დაუფიქრებლად. . . ამ გრძნობამ მთლიანად ამავსო და დამიმორჩილა . . . სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო - სწორედ იქ, მოწამეთას კედლებთან, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ, ქართველობა ქართველისათვის მართლაც ძნელია, მაგრამ აუცილებელი - როგორც მოწამეთაში მოღვაწე მამა გიორგი ბასილაძე არიგებდა ხოლმე მასთან მისულ ადამიანებს. ამასვე გრძნობდნენ, ალბათ, ისინიც - დავითიცა და კონსტანტინეც - ულამაზესნი, უშიშარნი, ამაყნი და ძლიერნი თავიანთი მიწისა და რ დავითი და კონსტანტინე წმენის მშვენიერებით, დიდებულებითა და ჭეშმარიტებით. ამიტომაც იბრძოლეს ბოლომდე - არც კი უფიქრიათ, დამალვოდნენ სისასტიკით განთქმულ მურვან-ყრუს, ზვავივით რომ დაატყდა თავს საქართველოს. მათი მოწამებრივი აღსასრულიც ამ ბრძოლის დასკვნითი ნაწილი იყო, დიდებული და ამაღლებული.

გრიგოლ ხანძთელი

მერე გრიგოლ ხანძთელი იყო - "ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი"; საქართველო და ქართული გენი რომ შეინახა, გაათბო და აღმოაცენა ფერფლიდან საკუთარი ლოცვითა და ღვაწლით. ჰო, სწორედ იქ, ტაო-კლარჯეთში, დღეს უკვე ნანგრევებად თუ მეჩეთებად ქცეულ ქართულ ტაძრებში ინახებოდა, სათითაოდ გროვდებოდა და ფურცელ-ფურცელ იკინძებოდა ქართველთა ბრწყინვალე და დიდებული მომავალი - დავით აღმაშენებლისა და თამარის დროს ნიკოფსიიდან დარუბანდამდის გადაჭიმული. საოცარი რწმენის ძალით ნაბიჯ-ნაბიჯ მოიმუშაკა ქართული მიწა, ულამაზესი ტაძრები ააგო სანთლად და ამ ნათლით გააბრწყინა ყოველივე ქართული: "ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების". და მიეცა წმინდა გრიგოლს ნიჭი სასწაულმოქმედებისა და მის მიერ აღსრულებულ უამრავ სასწაულს შორის უპირველესი სწორედ ის იყო, სახელად რომ საქართველო ეწოდა. იქ, ტაო-კლარჯეთში, დიდებული ნანგრევების მნახველს სუნთქვა გეკვრის - როგორ შეძლეს, როგორ ააგეს, როგორ გაამთლიანეს… არადა, შეძლეს . . . ააგეს . . . გაამთლიანეს . . . ჩვენ კი ვერ შევინარჩუნეთ, ვერ დავიცავით, ვერ გავათბეთ . . .

რამდენიმე საუკუნის შემდეგ, უკვე მერამდენედ, საქართველო და ქართველობა განადგურებისა და გადაჯიშების საფრთხის წინაშე დადგა. ულუსთა ტომები დედაწულიანად აყრილიყვნენ და კახეთში გადმობარგებულიყვნენ მთელი ქონებით, თხების ფარებით, ურმებითა და დაფა-ზურნით. ამას უკვე ვეღარ გაუძლებდა სისხლისაგან დაცლილი ქართული მიწა-წყალი.

და სამმა ადამიანმა ითავა აჯანყება ამ ბოროტების წინააღმდეგ - ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები წარუძღვნენ ქართველებს წინ და ერთიანად ამოწყვიტეს ჩვენს გადასაჯიშებლად და გადასაგვარებლად ჩვენს მიწაზევე მოსული მტერი. მერე სპარსეთის შაჰმა თავისთან დაიბარა მოთავენი. თუ არ წავიდოდნენ, კვლავ ქართლ - კახეთის აოხრებით იმუქრებოდა გადამთიელი. და სამივე გაუდგა ისპაჰანისაკენ მიმავალ გზას. იცოდნენ, რომ აღარას ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები ოდეს დაბრუნდებოდნენ უკან - საყვარელ სამშობლოში, მაგრამ მაინც წავიდნენ, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი. საშინელი სისასტიკით აწამეს - ფალანგ-ფალანგ დაჩეხეს, სახსარ-სახსარ უწყვიტეს ძარღვები. სულ ბოლოსღა გაუგმირეს გული - გული, რომელიც, ასეთი წამების მიუხედავად, ქრისტესა და საქართველოს სიყვარულით მაინც ძგერდა.

მეშვიდე კლასში ვიყავი, ცხრა აპრილის ტრაგედია რომ მოხდა. მახსოვს, მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა სულში… -რატომ? რატომ დაგვჩეხეს? რატომ გაგვიმეტეს? ჰო, დედაჩემის პასუხიც მახსოვს: იმიტომ, რომ ქართველები ვართო. ტკივილი ადამიანების სულში ვერ დაეტია და უამრავ ლექსად თუ სიმღერად დაიღვარა. რამდენიმე მათგანის სტრიქონები ახლაც იმ დღეების ექოდ ხმიანდება გონებაში. ფრიდონ ხალვაშის ლექსიდანაც მახსოვს ფრაზა:

"და, თუ ვინცა ვარ,

იმის დაცვას უნდა ამდენი,

მე სწორედ ახლა მიხარია,

რომ ვარ ქართველი . . . "

ჰო, ქართველობა ყოველთვის ძნელი იყო ქართველისათვის, მაგრამ აუცილებელი.

ასეა დღესაც. დღეს უფრო, ალბათ.

ოქტომბერი უცნაურად ქართული თვეა-მეთქი ჩემთვის. თავისთავად გადაება ამ ყველაფერს ფიქრები ჩემს საქართველოზე - ისეთზე, როგორსაც მე ვხედავ; როგორსაც ვუტოვებ საკუთარ შვილებს; როგორიც მინდა, რომ იყოს; და როგორიც, ვიცი, რომ აუცილებლად იქნება. და ჩემი შვილებიც აუცილებლად გაისიგრძეგანებენ, რომ ქართველობა ქართველისათვის ძნელია, მაგრამ აუცილებელი.