მამა გაბრიელი: "თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს" - კვირის პალიტრა

მამა გაბრიელი: "თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს"

"12 წლიდან შენ მოგდევ, უფალოო" - უთხრა უფალს და მაცხოვრის ხატს მოეფერა. მერე ღამე იყო, მეორე დღის 4 საათამდე გაუსაძლისი ტკივილებით სავსე. მერე ხმაურით დაიწყო სუნთქვა. დედას უხმობდა . . . მერე სულის გასვლის ლოცვები წაუკითხეს. აღარაფერს ამბობდა, მხოლოდ თვალმოუშორებლად შესცქეროდა წმინდა ნიკოლოზის ხატს. ლოცვის დამთავრებისას გაიღიმა და სული განუტევა. და, რადგანაც 2 ნოემბერს გარდაიცვალა, სწორედ ეს დღე დააწესა ქართულმა ეკლესიამ მამა გაბრიელის ხსენების დღედ, როდესაც იგი წმინდანთა დასში შერაცხა და წმინდა ღირსი მამა გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი, უწოდა.

ეს მისი 66-წლიანი მიწიერი, ბრძოლებით სავსე ცხოვრების დასასრული და ზეციურ, მოზეიმე ეკლესიასთან შეერთების დღე და საათი იყო.

მაშინ დაიბადა, როდესაც საბჭოთა ტერორი და ათეიზმი სულსა და სხეულს ერთნაირად უმახინჯებდა ადამიანსაც და ერსაც. იქ, იმ სიმახინჯეში შეიცნო ღმერთი - აბსოლუტური, სრულყოფილი მშვენიერება. ჯერ კიდევ პატარა, კენჭებისაგან პატარა ეკლესიებს აგებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა.

7 წლის იყო, როდესაც მეზობლების ჩხუბს შეესწრო და ისიც გაიგო, ერთმა მეორე რომ უთხრა-რა ჯვარს მაცვი ქრისტესავითო. იმ მეზობელს ჰკითხა, რას ამბობო, მან კიდევ ეკლესიისაკენ მიუთითა. ტაძარში რომ შევიდა და ჯვარცმა დაინახა, ფეხებზე მოეხვია ქრისტეს და ცრემლები წამოუვიდა ღაპაღუპით, ასე როგორ გაგიმეტესო. მერე ეკლესიის დარაჯს უთხრა, ვინ იყო, მითხარიო. დარაჯმა კი უთხრა, მის ცხოვრებაზე წიგნია დაწერილი და "სახარება" ჰქვიაო. პატარა ვასიკომ ფულის შეგროვება დაიწყო წიგნის საყიდლად, მხოლოდ რამდენიმე მანეთის მოგროვება შეძლო. ნავთლუღის ბაზარში წავიდა, სადაც სახლიდან გამოტანილ ნივთებს ყიდიდნენ. სწორედ იქ შეიძინა სასწაულებრივად, წმინდა ნიკოლოზის ხელიდან, სახარება და მას შემდეგ ეს საოცარი წიგნი მისი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი გახდა: გამუდმებით კითხულობდა, მასზე ფიქრობდა, ქადაგებდა . . .

12 წლისას უკვე სასწაულმოქმედებისა და საღმრთო გამოცხადების ნიჭი მიემადლა: მეზობელი იხსენებდა "ბიძაჩემს საოცარი ღონის გამო "მუხას" ეძახდნენ. ერთხელ სახლში გაოცებული დაბრუნდა " წმინდა გიორგის დანგრეულ ეკლესიასთან რომ გამოვიარე, დავინახე, ვასიკო როგორ ასუფთავებდა დიდი ლოდებისაგან ტაძარსო. რომ შემამჩნია, მითხრა, მუხა ძია, მოდი, თუ შეძლებ, ეს ლოდი ასწიეო. რამდენი ვეცადე, ძვრაც ვერ ვუყავიო. ვასიკომ კიდე - ქრისტეს სახელითო -თქვა, ასწია და გარეთ გატანილ ლოდებთან დადოო". 12 წლისას დედამ სახარება საპირფარეშოში ჩაუგდო. ვასიკომ მაშინვე ამოიღო წიგნი, გაწმინდა და . . . სახლიდან წავიდა. მან უკვე იცოდა, რომ მისი ჯვარი ქრისტეს თავდაუზოგავ მსახურებას აკისრებდა.

მცხეთაში წავიდა. სწორედ ეს ქალაქი, მეორე იერუსალიმად წოდებული, იქცა ვასიკოსათვის მონაზვნური ცხოვრების აკვნადაც და საბოლოო სამყოფლადაც. მაგრამ ბერობამდე სხვადასხვა მონასტერი მოიარა - არასრულწლოვანის დიდხანს გაჩერების უფლება არ ჰქონდათ მონაზვნებს. ამასობაში დედამაც იპოვა, ბოდიში მოუხადა და სახლში დაბრუნება სთხოვა. კვლავ ძველებურად ცხოვრობდა "მხოლოდ ქრისტეთი სულდგმულობდა, სიწმინდეებს პატივს მიაგებდა, ნაგავსაყრელებზე ეძებდა ხატებსა და საეკლესიო ნივთებს, წმენდდა, ასუფთავებდა და სახლში მოჰქონდა. როდესაც კომუნისტებმა იუნკერთა საფლავები ბულდოზერით გადაასწორეს, რომ ზედ პარკი გაეშენებინათ, მიწის ზემოთ ამოყრილ მათს ძვლებს აგროვებდა და უსაფრთხო ადგილას კვლავ მიწის კალთას აბარებდა.

ჯარში რომ გაიწვიეს, იქაც ახერხებდა ლოცვას, მარხვის შენახვას. წმინდა ნიკოლოზი იქაც განსაკუთრებულად იფარავდა და იცავდა. ზღვაში შესული, დასახრჩობად განწირულიც გადაარჩინა.

ჯარიდან ჩამოსულმა თავისი სახლის ეზოში მცირე სამყოფელი აიშენა და იქ განმარტოვდა. წირვებზე სიონში ყოფნისას კათალიკოს-პატრიარქის ყურადღება მიიქცია და დაიწყო მის ცხოვრებაში სასურველი ეტაპი, რომელიც მისი ბერად აღკვეცით დასრულდა. მერე ბეთანიაშიც მსახურობდა თავის საყვარელ მოძღვრებთან, მამა იოანე მხეიძესა და მამა იოანე მაისურაძესთან. მერე, მათი გარდაცვალების შემდეგ მონასტერი რომ დახურეს, სახლში დაბრუნდა და სრულიად მარტომ ააშენა ეზოში ეკლესია. დაუნგრიეს, ხელახლა ააშენა და დღესაც ბრწყინავს ულამაზესი გუმბათი მზის სხივებზე.

მერე 1-ლი მაისიც დადგა და დემონსტრაციაზე ლენინის უზარმაზარი პორტრეტი დაწვა. თან ქრისტეს უქადაგებდა გაოგნებულ და თავზარდაცემულ ხალხს. დაიჭირეს, უშიშროების იზოლატორში გადაიყვანეს. დახვრეტა არ ასცდებოდა, მაგრამ მანამდე მისგან ქრისტეს უარყოფას მოითხოვდნენ. ამასობაში მისი ამბავი დასავლეთმაც გაიგო და პრესაში ატეხილი ხმაურის გამო სიცოცხლე მიუსაჯეს-დიახ, მიუსაჯეს ფსიქიატრიულში. იქიდან, უფლის ნებით, ავლიპ ზურაბაშვილის დახმარებით, 7 თვეში გაათავისუფლეს და მსახურებიდან განაყენეს. დროდადრო ისევ იბარებდნენ, საშინლად სცემდნენ და უშვებდნენ. ამ ხნის განმავლობაში ეკლესიათანა მჯდარა მათხოვრებთან ერთად ხელგწვდილი, სასაფლოზეც უთენებია ღამეები საფლავის ქვაზე ეძინა ხოლმე. ზამთარში, ცალი გვერდი რომ გაეყინებოდა, მეორეზე ბრუნდებოდა, გაყინულ გვერდს კი თოვლი უფარავდა. ხშირად ნაგვიდან ამოღებული ნარჩენებით საზრდოობდა. სალოსობის ღვაწლი იტვირთა უმძიმესი ადამიანურ თუ მონაზვნურ ღვაწლთა შორის.

მერე სამთავროს დედათა მონასტრის მოძღვრად დაადგინეს და მცხეთაში დამკვიდრდა ბერი. სასწაულმოქმედების მადლით გაბრწყინებული უამრავ ადამიანს შეეწეოდა და ნუგეშს სცემდა. მერე ჩვენება იხილა, როგორ იღვრებოდა რუსთაველზე ქართველის ხელით ქართველის სისხლი და გოდება დაიწყო. როდესაც რუსთაველზე პირველი ტყვია გავარდა, მონასტერში ზარებს არისხებდა და მდუღარე ცრემლით ტიროდა. ამასობაში აფხაზეთის ტკივილმაც დატანჯა ქვეყანა. და, როდესაც სვეტიცხოველში მისული შეიარაღებული ხალხი დაინახა, პარაკლისი გადაუხადა, დალოცა, უქადაგა, რომ გონს მოეყვანა მაგრამ, როდესაც მათ კვლავ განაცხადეს, რომ, სამშობლოს დაცვის ნაცვლად, სამეგრელოში მიდიოდნენ "საომრად", კვერთხით გამოყარა ტაძრიდან. იმ საშინელი ცოდვის კალოს ტრიალის დროს მარხვა გაამკაცრა და თითქმის აიკრძალა საზრდელი. გამუდმებით ლოცულობდა და ღვთისმშობელს ავედრებდა სამშობლოს. ერის გამრავლებსაც სთხოვდა, ჩვენება რომ იხილა " მაღალ, უფანჯრებო კოშკში შეიყვანეს და რაღაც წებოვანში ჩაეფლო. კარგად რომ დააკვირდა, ადამიანის სისხლის ტბა იდგა, რომელშიც ბავშვების სხეულის ნაწილები დაცურავდა. ზემოდან კი კვლავ და კვლადვ ცვიოდა ჩვილთა დაჩეხილი სხეულები, მოკვეთილი მკლავები, შუაზე გაპობილი თავის ქალები. და მოესმა ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის ხმა: ამათ გამრავლებას მთხოვ?! და მიხვდა ბერი, რომ უფალი კი გვაძლევს კურთხევას ჩვილთა სხმის სახით, მაგრამ აბორტის უმძიმესი ცოდვით სწორედ ასე ვანაწევრებთ ამ კურთხევასაც და საკუთარ შვილებსაც საკუთარ წიაღში.

მან მთელი საქართველოს ჯვარი იტვირთა - სისხლში, უიმედობასა და სიღატაკეში ჩაფლული საქართველს ღვაწლი. სიცოცხლის ბოლო წელს ბოლო ჟამზეც დაიწყო ქადაგება ყველას აფრთხილებდა: "თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. . . როცა დევნა დაიწყება და მთებში მოგიწევთ წასვლა, ნუ შეშინდებით! როგორც ისრაელიანებს არაფერი აკლდათ უდაბნოში, როდესაც ფარაონის და ეგვიპტის მონობიდან გამოვიდნენ, ისევე მოგხედავთ ღმერთი თქვენც, რომლებიც ქრისტეში თავისუფლებისათვის გახვალთ მთებში, რათა გაექცეთ ეგვიპტის - ამ სოფლის, და ფარაოს - ანტიქრისტეს მონებას. იცოდეთ, ეს ღვაწლი აღთქმულ ქვეყანაში შეგიყვანთ და მზესავით გაგაბრწყინებთ".

როცა გარდაიცვალა, ჭილოფში გახვეული ჩააწვინეს საფლავში, მაგრამ მიწის მისაყრელად ვერ გაიმეტეს. მერე საფლავის კიდეს აყრიდნენ. ბოლოს თავად ჩამოიშალა და გულში ჩაიკრა უფლისა და მისი სიყვარულისათვის წამებულის სხეული. მისი მადლით თავადაც მადლის წყაროდ იქცა და მამა გაბრიელის საფლავზეც უამრავი სასწაული აღესრულებოდა.

წლების შემდეგ გახსნეს. უხრწნელად შეენახა მისთვის მიბარებული საუნჯე ქართულ მიწას. ამოაბრძანეს და მის თაყვანის საცემად მისულ ადამიანთა შორის ჩაატარეს. ჯერ სამებაში დააბრძანეს, ახლა კი სამთავროს დედათა მონასტერშია დაბრძანებული და იქ ხვდება მასთან ნუგეშის საძიებლად მისულთ. კვლავაც უამრავ სასწაულს აღასრულებს - ხილულსაც და უხილავსაც. პირადსაც და საზოგადოსაც. მარტო ხატებიდან განუწყვეტელი მირონდენა რად ღირს. კვლავაც ჩვენი მამა გაბრიელია - სამშობლოსა და მშობელი ხალხის ჯვრისა და ტკივილის მტვირთველი.