კრება მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ძალთა - ანგელოზთა ზეციური იერარქია ცხრა დასად განიყოფება - კვირის პალიტრა

კრება მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ძალთა - ანგელოზთა ზეციური იერარქია ცხრა დასად განიყოფება

ზეციური დასნი უფალმა მატერიალურ სამყარომდე შექმნა. სიტყვა "ანგელოზი" ბერძნული სიტყვაა და ქართულად "მაუწყებელს" ნიშნავს. ანუ ისინი ღვთაებრივ ნებას გვამცნობენ და გვაუწყებენ იმას, რაც ჩვენი სულის გადარჩენისთვისაა აუცილებელი. წმინდა იოანე დამასკელი წერს: "ანგელოზი არის არსება გონისმიერი, მარად მოძრავი, თვითუფლებრივი, უსხეულო, ღვთისადმი მომსახურე, მადლით უკვდავების მიმღები ბუნებაში, რომლის არსების სახე და საძღვარი მხოლოდ შემოქმედმა უწყის."

მეოთხე საუკუნის დასაწყისში, ლაოდიკიის საეკლესიო კრებამ დაადგინა ანგელოზთათვის მართლმადიდებლური პატივის მიგება და დაგმო მათთვის ღვთაებრივი პატივისცემის წესი. მაშინ წელიწადის ათვლა მარტიდან იწყებოდა. ამიტომაც ანგელოზთა თვედ მეცხრე თვე - ნოემბერი აირჩიეს, რომელიც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამებოდა. რიცხვად კი თვის მერვე დღე აირჩიეს - ახალი სტილით 21 ნოემბერი ძველი სტილით სწორედ 8 ნოემბერია. მერვე დღე სამყაროს "მერვე დღის" ანუ მეორედ მოსვლის მიმანიშნებელია, როდესაც "მოვიდეს ძე კაცისაი დიდებითა თვისითა და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა".

ანგელოზთა ზეციური იერარქია ცხრა დასად განიყოფება, რომლებიც სამ იერარქიად ერთიანდებიან. უმაღლეს იერარქიას, რომლის წარმომადგენელნიც ყველაზე ახლოს დგანან ყოვლადწმინდა სამებასთან, წარმოადგენენ:

ექვსფრთიანი სერაფიმები - ღვთაებრივი ცეცხლით ანთებულნი, ადამიანებსაც ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლით აღანთებენ.

მრავალთვალა ქერუბიმები - სერაფიმთას შემდეგ დგანან უფალთან. მათი სახელი "სიბრძნის გარდამოსვლას" ნიშნავს და ადამიანებს უფლის შეცნობაში ეხმარებიან;

საყდარნი - ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან;

საშუალო იერარქიაშიც სამი დასი შედის:

უფლებანი - მეუფებენ ანგელოზთა მომდევნო დასებზე, ხოლო მიწიერ ხელისუფალთ, რომელნიც უფლისგან არიან დადგენილნი, სწორ და ბრძნულ მმართველობაში ეხმარებიან;

ძალნი - უფლის ერთგულ და რჩეულ ადამიანებს ანიჭებენ მორჩილების, განჭვრეტის, მოთმინებისა და სასწაულმოქმედების ნიჭსა და მადლს.

ხელმწიფებანი - ადამიანებს საკუთარი ბუნების მართვაში ეხმარებიან: განარიდებენ ეშმაკთა საცდურებს, შეეწევიან ბოროტი გულისთქმების დამარცხებაში;

მესამე, უმდაბლესი იერარქიაც სამ დასს მოიცავს:

საწყისნი - მათ ევალებათ სამყაროს განმგებლობა; ქვეყნების, ერების, ტომებისა და ხალხების დაცვა;

მთავარნაგელოზნი - გვიცხადებენ უფლის ნებას, სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს;

ანგელოზნი - ადამიანებთან ყველაზე ახლოს მდგომნი. მუდმივად გვიფარავენ და შეგვეწევიან.

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი - ის, ვინც მოუწოდა უფლის ერთგულ ანგელოზებს, არ აჰყოლოდნენ სატანაილის ცდუნებას, პატივმოყვარეობამ სატანად რომ აქცია უფლის ნათლისაგან განძარცვის შემდეგ. ვინც წინამძღვრობდა ღვთის ერთგულთა მხედრობას და ზეციდან გამოაძევა უფლისა და საკუთარი დანიშნულების უარმყოფელნი. ამიტომაც მას ხატებზე ჯავშნით ანუ საღვთო მადლით შეჭურვილს გამოსახავენ, ხელში თეთრალმიანი შუბით ან ცეცხლოვანი მახვილით, რომელზეც მეწამული ჯვარია გამოსახული. მთავარანგელოზ მიქაელს დემონური ცდუნებების დროს ევედრებიან. მისი სახელი, მიქაელი, ებრაული სიტყვაა და გამოითარგმანება "რომელი, ვითარცა ღმერთი".

მთავარანგელოზი გაბრიელი (სიმტკიცე, ძალა ღვთისა)- ყოველთვის თან ახლდა ყოვლადწმინდა ქალწულს და განაძლიერებდა მას. ამიტომაც ხატებზე მას ხშირად გამოხატავენ სამოთხის რტოთი ხელში, რომელიც ღვთისმშობელს მიართვა.

რაფაელი (ღვთიური მკურნალი)- ადამიანებს ხორციელ სნეულებათაგან კურნავს; სასოწარკვეთილებისა და უიმედობის ჟამს სულიერ ნუგეშს უვლენს მვედრებელს. მას უცხო ქვეყანაში ყოფნის დროსაც ევედრებიან;

ურიელი (ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი)- გადმოცემით, ადამსა და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და ცრემლებად დაღვრილი მათი სინანული უფლის ტრაპეზზე მიჰქონდა. ამიტომაც იგი მონანულთა მფარველია. თანაც გვეხმარება, გონებით შევიცნოთ სარწმუნოება და საიდუმლოებანი. გონებას გვინათლებს და უფლის ნათელთან გვაახლოვებს. ურიელი ღვთისმეტყველთა მფარველადაც ითვლება.

სელაფიელი (მლოცველი)- უხილავად შეეწევა ადამიანებს ლოცვისას. თანაც ითვლება ეპილეფსიისა და მალარიის მკურნალად.

იეგუდიელი (ღვთის დიდება)- თავადაც ადიდებს უფალს და მოღვაწეებსაც განამტკიცებს და შეეწევა, რომ ადიდონ სამყაროს შემოქმედი. ამათანავე, მოგზაურთა მფარველია და გაჭირვებულთა შემწე.

ვარაქიელი (კურთხევის ანგელოზი) - ადამიანებისათვის ღვთიურ კურთხევას გამოითხოვს.