"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..." - კვირის პალიტრა

"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..."

"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ.... " - სწორედ ამ სიტყვებით ახარა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ყოვლადწმინდა ქალწულს, რომ ის მესიის დედა უნდა გამხდარიყო. ახარა ნაზარეთში, მართალი იოსების სახლში დამკვიდრებულს, უფლის ერთგულსა და მისი სიყვარულით აღსავსეს.

ჯერ კიდევ პატარა მიაბარეს ქალწული მარიამი სოლომონის ტაძარში. მალე მშობლებიც გარდაეცვალა. ტაძარში აღიზარდა. იქვე შეითვისა ცხოვრების წესი, არასოდეს რომ აღარ უღალატია: ლოცვა, ხელსაქმე, წმინდა წერილის კითხვა, კვლავ ლოცვა, ანგელოზებთან საუბარი - ეს მისი ყოველდღიურობა იყო. ასევე განაგრძო ცხოვრება მას შემდეგ, რაც იოსების სახლში დაიდო ბინა. ტაძარში გახდა 16 წლისა. უთხრეს, რომ უნდა გათხოვილიყო. მან გაუმხილა აღმზრდელებს, რომ ღმერთისათვის ერთგულებისა და ქალწულების აღთქმა ჰქონდა მიცემული. შეფიქრიანდნენ მღვდელმთავრები: ტრადიციის თანახმად, დავითის ტომის არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩენილიყო დაუოჯახებელი, რადგან, წმინდა წერილის ცნობით, სწორედ დავითის ტომში უნდა შობილიყო მესია. უფლის ნებით, მალე მონახეს გამოსავალი: დაიბარეს მოხუცებული ქვრივი მამაკაცები და, უფლისავე მინიშნებით, მათგან აარჩიეს ერთი - მართალი იოსები, რომელიც 80 წელს იყო მიტანებული. იგი იმდენად სუფთა სულის პატრონი იყო, რომ მართალი იოსები ეწოდა. იხმეს იოსები, გაუმხილეს მარიამის მიერ დადებული უბიწოების აღთქმა და უთხრეს, რომ ქალწულს მას აბარებდნენ. ამის შემდეგ დაიდო ბინა მარიამმა მართალი იოსების სახლში, ნაზარეთში. თუმცა, იქაც განუწყვეტლივ ლოცულობდა, უფალსა და ანგელოზებს ესაუბრებოდა, წმინდა წერილს კითხულობდა და ოჯახის ყოველდღიურობის მძიმე ტვირთს უხმოდ ეზიდებოდა.

ერთ დღესაც, ესაიას წინასწარმეტყველების კითხვისას, მთელი გულით ინატრა, იმ ქალწულის მოახლეობის ღირსი გაეხადა უფალს, რომელსაც წილად ხვდებოდა, თავის წიაღში ეტვირთა ძე ღვთისა. სწორედ ამ დროს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი და ახარა, რომ თავად ის აერჩია უფალს მაცხოვრის დედად. ის, რომ მთავარანგელოზის დანახვისას და მისი ხმის გაგონებისას ყოვლადწმინდა ქალწული არც შეშინებულა და არც გაოცებულა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ იგი ხშირად ხედავდა და ესაუბრებოდა ზეციურ მაცნეებს. მან მხოლოდ ის გაიოცა, როგორ უნდა აღსრულებულიყო ეს უდიდესი საიდუმლო. ამ კითხვაზეც მიიღო პასუხი:

"სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა". ამიტომაც, უფლის ნებასა და განგებას მინდობილმა, ანგელოზს უპასუხა: "აჰა, მხევალი უფლისაი. მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა".

ხარების დღე და წუთი იმ სიხარულის დასაბამად იქცა, მთელი კაცობრიობის უფალთან შერიგება რომ ეწოდა სახელად - ქალწულის შეუგინებელ ტაძარში მეყვსეულად შევიდა სულიწმინდა და განწმინდა მისი ბუნება.

7 აპრილს - ძვ. სტილით 25 მარტს -შექმნა ღმერთმა ადამი. 7 აპრილსავე ეხარა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და ადამის მთელ მოდგმას მაცხოვრის განკაცების შესახებ. ქალის ურჩობისა და შეგონების შედეგად ცდუნდა და დაეცა ადამი. საუკუნეების შემდეგ კი ისევ ქალწულის მორჩილებისა და სიწმინდის წყალობით დაეცა ბოროტი და იშვა ძე ღვთისა. ადამი-ანი კი კვლავ დაუბრუნდა ზეცას.