"ამ სისხლის კვალი დღესაც ეტყობა მის ხელს" - კვირის პალიტრა

"ამ სისხლის კვალი დღესაც ეტყობა მის ხელს"

კიევო-პეჩორის ლავრა მართლმადიდებელთა ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც უკრაინაში მდებარეობს. მონასტრის კედლებში უამრავი წმინდანის წმინდა ნაწილები უხრწნელადაა შენახული და მომლოცველთა განცვიფრებასა და მოკრძალებას იწვევს.

ბოლშევიკებმა ეს ლავრაც ისევე დახურეს, როგორც უამრავი სხვა ეკლესია-მონასტერი. თუმცა, წმინდანთა სხეულები, რომლებიც ღია სანაწილეში ესვენა, უფლის შეწევნით, არ შეურაცხყვეს და ხელუხლებლად დატოვეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელებმა კიევი რომ დაიკავეს, მათმა კომენდანტმა კიევო-პეჩორის მონასტრის მონახულება გადაწყვიტა. მონახეს ბერი, რომელიც ადრე ამ მონასტერში მოღვაწეობდა, და მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს. კომენდანტი გააოცა იქ ნანახ სხეულთა სიმრავლემ. უცებ ერთ-ერთ სანაწილესთან შეჩერდა და იკითხა, რა მასალისგანაა აქ მოთავსებული სხეული დამზადებულიო. ბერმა განუმარტა, რომ ეს იყო სხეული წმინდა სპირიდონისა, რომელიც 800 წლის წინ გარდაიცვალა, თავისი მიწიერი ცხოვრების დროს უფლის მადლის ჭურჭლად იქცა და, ღვთის სათნო ცხოვრების გამო, უხრწნელებას ეზიარა. კომენდანტმა არ დაუჯერა ბერს, განრისხდა კიდეც, რადგან ეგონა, ასულელებდნენ. და თავისი "სიმართლის" დასამტკიცებლად რევოლვერი წმინდა სპირიდონის ხელს დაარტყა. წმინდანის ხელზე, რომელიც საუკუნეთა გამო გამომშრალი და ჩამუქებული იყო, უეცრად გადასკდა ხორცი და იქიდან ალისფერმა სისხლმა გადმოხეთქა. კომენდანტი შეძრწუნებული გაიქცა, ხოლო ამ სისხლის კვალი დღესაც ეტყობა წმინდა სპირიდონის ხელს.

თუმცა, ამ ამბავს უკვალოდ არ ჩაუვლია - კომენდანტის ბრძანებით, კიევო-პეჩორის ლავრა მეორე დღესვე გახსნეს არა მარტო მომლოცველთათვის, არამედ მასში დამკვიდრების მსურველთათვისაც.