"ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად" - ამაღლებას გილოცავთ - კვირის პალიტრა

"ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად" - ამაღლებას გილოცავთ

დღეს ამაღლებაა - დღე, როდესაც მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა თავის მოწაფეთა თვალწინ ინება ზეცად ამაღლება. ეს აღდგომიდან მეორმოცე დღეს მოხდა. მანამდე კი თავის მოწაფეებთან იყო, განსწავლიდა და მოციქულებრივი ჯვრის ტვირთისათვის ამზადებდა. სასუფევლის შესახებ უამბობდა სულიერად განაძლიერებდა.

შემდეგ კი, მეორმოცე დღეს, მათთან ერთად ავიდა ელეონის მთაზე და სწორედ მათ თვალწინ ამაღლდა ზეცად. მოწაფეებმა საკუთარი თვალით იხილეს, როგორ შეიწყნარა მათი საყვარელი მოძღვარი და მაცხოვარი ღრუბელმა თვალთაგან კაცთა.

ამაღლდა და ადამიანური ბუნებაც აღამაღლა, ადამიანური ხორცით ჯვარცმულმა და აღმდგარმა მკვდრეთით. ამაღლდა და დაჯდა მარჯვენით მამისა. ამაღლდა და ჩვენც აღგვამაღლა და კვლავ გვაზიარა ზეციურ სავანეს.

მოციქულები თვალს ვერ წყვეტდნენ ზეცასა და ღრუბელს, რომელსაც მიეფარა ქრისტე. ამ დროს მათთან ორი კაცი მივიდა, სპეტაკი სამოსით მოსილი. მივიდნენ და ჰკითხეს: "კაცნო გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად" (საქმე მოციქულთა, 1, 10-11). ამ სიტყვებით ნუგეშიც სცეს მოციქულებს და, ამავე დროს, მათ და მთელ კაცობრიობას, უფლის მეორედ მოსვლის საიდუმლო გაუმხილეს: უფალი კვლავ მოვა, ოღონდ დიდებით, ზეციდან, თავისი ანგელოზთა და წმინდანთა დასის თანხლებით. პირველად მხოლოდ მწყემსთა და მოგვთა თაყვანისცემა იკმარა, მაგრამ მეორე მოსვლისას მთელი სამყარო მიეგებება და თაყვანს სცემს მას. ასე რომ, ყველა სწავლება, რომელიც უფლის მეორედ მოსვლას კვლავ ადამიანთა შორის ქადაგებს ადამიანური ხორცით, მცდარია და სახარებისეულ სწავლებას ეწინააღმდეგება.

უფალი ელეონის ანუ ზეთისხილის მთიდან ამაღლდა. ზეთისხილი კი მშვიდობის სიმბოლოა. თავისი განხორციელებით, სწავლებით, ჯვარცმით, აღდგომითა და ამაღლებით მან ჭეშმარიტი მშვიდობა მოგვიტანა და მოგვმადლა ადამიანთა მოდგმას. მშვიდობა, რომელიც მხოლოდ რჩეულთა გულებში ისადგურებს და რომლის მოსაპოვებლადაც საკუთარ თავსა და ბოროტთან დაუნდობელი ბრძოლაა საჭირო. როგორც წმინდა მამა ამბობდა, ყოველგვარი მშვიდობა როდია უფლისმიერი. ბოროტთან დადებული ზავით მიღწეული მშვიდობა, პირიქით, უფლის გაცემისა და უარყოფის ტოლფასია. ზეცამდე მხოლოდ ქრისტესმიერი გზით სიარული აღგვამაღლებს.