ივლიტას სამი წლის კვირიკე ხელში ჰყავდა აყვანილი და ისე წარსდგა სამსჯავროზე - დღეს კვირიკობაა
28-07-2016
ივლიტას სამი წლის კვირიკე ხელში ჰყავდა აყვანილი და ისე წარსდგა სამსჯავროზე - დღეს კვირიკობაა
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდათა ივლიტასა და კვირიკეს ხსენებას აღნიშნავს. ქართველებმა საოცრად შეისისხლხორცეს ეს დღე და მას ჩვენებურად კვირიკობა უწოდეს.

ივლიტა, საოცრად მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, წარჩინებულთა გვარს ეკუთვნოდა და ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდა. მეუღლე რომ გარდაეცვალა, შვილი რამდენიმე თვისა დარჩა. ივლიტა ქრისტიანი იყო და თავის ერთადერთ ვაჟსაც უფლის რწმენითა და სასოებით ზრდიდა.

მერე, დიოკლეტიანეს ბრძანებით, ქრისტიანთა დევნა დაიწყო. ივლიტას შეეშინდა, რომ წამებას ვერ გაუძლებდა, ამიტომ მთელი თავისი ქონება დატოვა და ჯერ
სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი - ტარსოსში. იქ საოცარი უბრალოებით ცხოვრობდა მდაბიოთა და გლახაკთა შორის. მაგრამ მაინც იცნეს, შეიპყრეს და მმართველთან მიიყვანეს, რომელსაც სახელად ალექსანდრე ერქვა. ივლიტას სამი წლის კვირიკე ხელში ჰყავდა აყვანილი და ისე წარსდგა სამსჯავროზე. ალექსანდრემ ვინაობა ჰკითხა, პასუხად კი მიიღო:

"მე ქრისტიანი ვარ...
ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!"

ივლიტას შვილი ხელიდან გამოჰგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუწყეს ცემა. კვირიკე ტიროდა, დედისაკენ იწევდა, მაგრამ ამაოდ. ამ ტირილმა ალექსანდრეს ყურადღება მიიქცია. იგი დააკვირდა ბავშვს და მისი სილამაზით მოიხიბლა. ბრძანა, მასთან მიეყვანათ. კალთაში ჩაისვა, მოეფერა და ტკბილეული შესთავაზა. მაგრამ პატარა განუწყვეტლივ ტიროდა და კვლავ დედისაკენ იწევდა, თან გამუდმებით იმეორებდა: "მეც ქრისტიანი ვარ!"

ალექსანდრემ ბავშვი ძირს დაანარცხა და წიხლი ჰკრა. კვირიკე იმ კიბის საფეხურებზე დაგორდა, რომელიც მმართველის ტახტისაკენ მიემართებოდა, თავი დააარტყა და გარდაიცვალა.

ამ ყველაფერს საკუთარი თვალებით ხედავდა ივლიტა და შვილის ტკივილი ხარის ძარღვებზე მეტად უფლეთდა გულს. მაგრამ, იმის დანახვამ, რომ მისი შვილი ქრისტიანად აღესრულა, კიდევ უფრო გააძლიერა და განამტკიცა შვილმკვდარი ქალი. მადლობა შესწირა უფალს იმისათვის, რომ კვირიკე წმინდანთა დასს შეუერთდა და ალექსანდრეს მიერ მოვლენილ სასტიკ სატანჯველს უდრტვინველად შეხვდა: მას რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამდნარ ფისს ასხამდნენ.

რამდენჯერმე მოუწოდა მმართველმა, შებრალებოდა თავისი ყმაწვილქალობა და სიცოცხლე და კერპებისათვის შეეწირა მსხვერპლი, მაგრამ ივლიტა შეუდრეკელი იყო და მუდმივად ერთსა და იმავეს პასუხობდა: "არ მოვუდრეკ ქედს უტყვსა და უსმ კერპებს. მე მხოლოდ ჩემს უფალს, იესო ქრისტე ვეთაყვანები!"

ალექსანდრე მისი ტანჯვის ყურებით დაიღალა, ჯალათები - მისი წამებით, მაგრამ წმინდა ივლიტა კვლავ მტკიცედ აღიარებდა ქრისტეს. მაშინ მმართველმა ბრძანა, მსხვერპლისათვის თავი მოეკვეთათ. ქალმა მადლობა შესწირა უფალს სიკვდილის წინა ლოცვაში, იმის გამო, რომ ისიც და თავისი ძეც უფალთან ყოფნის ღირსი გახადა, და თავი მოუხარა ჯალათს.

ეს ამბავი დაახლოებით 305 წელს მოხდა. დედა-შვილის გვამები მხეცების დასაჯიჯგნად დაყარეს ქალაქგარეთ, ტრიალ მინდორზე. თუმცა, ივლიტას ერთგულმა მხევლებმა ფარულად წამოიღეს და პატივით მიაბარეს მიწას მათი ნატანჯი სხეულები.

მართლმადიდებელი ქრისტიანები დღესაც სიყვარულით ლოცულობენ მათი ხატების წინაშე და წმინდა კვირიკესა და ივლიტას ოჯახის კეთილდღეობასა და სნეული ბავშვების გამოჯანმრთელებას ევედრებიან.

რედაქტორის რჩევით