მეორენაირად მცხეთობა ვუწოდეთ და, საკმევლის სუნის ნაცვლად, მწვადის სუნით გავჟღინთეთ... არადა, დღეს სვეტიცხოვლობაა!
მეორენაირად მცხეთობა ვუწოდეთ და, საკმევლის სუნის ნაცვლად, მწვადის სუნით გავჟღინთეთ... არადა, დღეს სვეტიცხოვლობაა!
დღეს სვეტიცხოვლობაა... საქართველოში კი არა, გაბრიელ ბერის თქმით, ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ დედამიწაზე აღარ არსებობს სვეტიცხოველზე უფრო წმინდა ადგილი, რადგან სწორედ აქ შეერთდა ხილულად მიწა და ზეცა და ამით დაანახა მოკვდავთ, რომ ქრისტეს აღდგომის შემდეგ მიწა კვლავ დაუბრუნდა ზეცას.

დღეს სვეტიცხოვლობაა. ამ დღეს, საუკუნეების წინ, წმინდა ნინოს ლოცვითა და ვედრებით, ზეციდან გადმოსულმა ანგელოზმა აღმართა ადამიანთა ხელით მოჭრილი სასწაულმოქმედი ხისგან გამოთლილი სვეტი. აღმართა და კვლავ თავის ძირზე დაამყარა. სასწაულმოქმედი იქნებოდა, აბა,
რა, რადგან სიდონიას საფლავზე აღმოცენებულიყო, რომელმაც სამარეში წაიყოლა გულში მაგრად ჩაკრული უფლის უკერველი კვართი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელით მოქსოვილი, ჯვარცმის წინ რომ გახადეს სიკვდილმისჯილ მაცხოვარს. მერე რომაელმა ჯარისკაცებმა იყარეს მასზე წილი.
ხოლო იმან, ვისაც ერგო, მცხეთელ ელიოზს მიჰყიდა. მან კი დას ჩამოუტანა, სიდონიას. სიდონია მცხეთის შესასვლელთან
შეეგება ძმას, გამოართვა კვართი, გულში ჩაიკრა და... გარდაიცვალა... ქალწულის გულმა კვართთან შეხებისთანავე იგრძნო მაცხოვრის მიერ დათმენილი ტკივილი და ვერ გაუძლო... როცა უფლის პერანგის ხელიდან გამორთმევა სცადეს, ვერ შეძლეს და სიდონია ძვირფას ნივთთან ერთად დაკრძალეს. მერე საფლავზე ხე ამოვიდა, რომელიც დაჭრილ ფრინველებსა და ცხოველებს კურნავდა, სასწაულებს აღასრულებდა...

მერე, რამდენიმე საუკუნის მერე, მცხეთაში კიდევ ერთი ქალწული ჩამოვიდა, უფლის სიყვარულითა და მისი კვართის მოძიების სურვილით სავსე.მ ქალწულმა, რომელიც კაბადოკიელი იყო და სახელად ნინო ერქვა, თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალება, მისგან ბოძებული ვაზის ჯვარი და უფლისმიერი ნათელი მოიტანა. მერე იყო მაყვლოვანში ლოცვა, ნანა დედოფლისა და სხვა უამრავი უნუგეშო ადამიანის განკურნება ქრისტეს სახელით, განკურნებულთა მოქცევა ქრისტეს რჯულზე და მირიან მეფის რისხვა. მერე მზე დაუბნელდა განრისხებულ მეფეს და მხოლოდ ნინოს ღმერთმა დაუბრუნა ნათელი. ამის შემდეგ თავადაც იწამა მეფემ ის, ვისი რწმენის გულისთვისაც ნანასაც, ნინოსაც და დანარჩენ ქრისტიანებსაც საშინელი სიკვდილით უპირებდა მოკვლას. მერე იყო ნათლობა მეფისა და მთელი ერისა. მერე კი - მეფის დაუძლეველი სურვილი, ღმერთისათვის ტაძარი აეგო. ამ ტაძრის სვეტებისათვის მოჭრეს ხე მეფის ბაღში, ის ხე, დაჭრილთა და დაწყლულებულთ რომ კურნავდა. მოჭრეს და მისგან 7 სვეტი გააკეთეს. დანარჩენი ექვსი სვეტი აღმართეს, მაგრამ მეშვიდე - ვერაფრით. მერე იყო ლოცვა - წმინდა ნინოსი და მთელი ახალმოქცეული ერისა. ლოცვა გულმხურვალე და შეუდრეკელი, მიუხედავად ბოროტის საშინელი გაცოფებისა. მერე ამ ლოცვის პასუხი იყო - ზეციდან გადმოსული "ნათლით მობლარდნილი" ჭაბუკი, რომელმაც მთელი მლოცველი ერის თვალწინ ცად აღმართა მოჭრილი სვეტი, რომელიც შემდეგ ნელ-ნელა დაეშვა და თავის პირვანდელ ძირს დაემყარა, ოღონდ უკვე ნათლის სვეტად ქცეული. სვეტის თავი ზეცას ებჯინებოდა. უამრავი ადამიანი მოდიოდა მის თაყვანის საცემად. ბრმები ინკურნებოდნენ, სნეულნი ჯანმრთელდებოდნენ... კვლავ უამრავი სასწაული აღესრულებოდა. ამ სვეტის აღმართვითა და დამყარებით განესრულა ქართული ეკლესიის მოწყობაც - ეს სვეტი მეშვიდე იყო, ხოლო შვიდი სისრულის ნიშანია.

მერე კი, რამდენიმე საუკუნის მერე, იყო შენება დიდი და გამაოგნებელი, ქვის ჰარმონიად აჟღერებული და სვეტიცხოვლად ხორცშესხმული და სახელდებული. და, თუ სვეტი-ცხოველი მიწისა და ზეცის, ადამიანისა და უფლის აღდგენილი ერთიანობის სიმბოლოა, სვეტიცხოველი ერთიანი საქართველოს სიმბოლოს იქცა.

დღეს სვეტიცხოვლობაა - მიწისა და ზეცის აღდგენილი ერთიანობის დღე. მაგრამ ადამიანებს ხომ ასე გვიყვარს ყველაფრის გამიწიერება. ჰოდა, ამ დღეს მეორენაირად მცხეთობა ვუწოდეთ და, საკმევლის სუნის ნაცვლად, მწვადისა და ქაბაბის სუნით გავჟღინთეთ, სახინკლე ქვაბებისა და სამწვადე კოცონების ოხშივარით გავმჭვარტლეთ.

ასეა, რამდენი წელია. ალბათ, ასე იქნება დღესაც....

არადა, დღეს სვეტიცხოვლობაა...
მკითხველის კომენტარი (3)
kenti
15 ოქტომბერი 2016 09:13
გილოცავთ სვეტიცხოვლობას...

გიორგი მთაწმინდელს ხვეწნა-მუდარა და მტკიცება დასჭირვებია, რომ საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალია მიეცათ, მაგრამ უარს ეუბნებოდნენ და რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, გვიმტკიცებდნენ რომ საქართველოში თითქოს, ქრისტეს არც ერთ მოციქულს ქრისტანობა არ უქადაგია, ამიტომ ის არ იმსახურებდა ავტოკეფალიას...
პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებული და სვიმონ ქანანელი საქართველოში ქრისტიანობას ქადაგებდნენო და ქართველებმა, ქრისტიანობა მაშინ მიიღესო უპასუხია გიორგი მთაწმინდელს, ამის მომხრედ უმრავლესობას უღიარებია ეს ფაქტი და მიუციათ საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალია.
საინტერესოა, რატომ არა ვართ ჩვენ ქრისტიანები პირველი საუკუნიდან და რა შუაშია სახელმწიფო რელიგია, როდის აქცევდა ქრისტე სახელმწიფოს, როგორც ასეთს მნიშვნელოვან ყურადღებას...
თქვენი აზრი როგორია და ვინ უნდა წამოსწიოს ეს საკითხი.
Beri grigoli izrailidan.-
15 ოქტომბერი 2016 00:06

Sveticxovlobas gilocavt sakartvelos motel mosaxleobas.daglocot sveticxovelis dzlierma dzalam ierysalimidan gavedrrbt kristes.at dagvekargos hewmarit sartsmyneoba romelic martmadideblobawiagaixaret
Отари
14 ოქტომბერი 2016 10:58
Светицховлобас вулоцав мтел сакартвелос

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები