თქვენ რომ იმ გოგონას შეშინებული თვალები გენახათ... - უთავმოყვარეო ქვეყნის შვილები - კვირის პალიტრა

თქვენ რომ იმ გოგონას შეშინებული თვალები გენახათ... - უთავმოყვარეო ქვეყნის შვილები

სახელმწიფოს, რომელიც არ ზრუნავს იმაზე, რომ მისმა მოსახლეობამ იცოდეს სახელმწიფო ენა, არ უყვარს თავისი მოქალაქეები

ცოტა ხნის წინ სამშობიაროში ისეთ სცენას შევესწარი, გაოგნებული დავრჩი: პედიატრი ჟესტებით ცდილობდა აეხსნა დედისათვის, როგორ უნდა ეკვება ბავშვი. მეგონა, გოგონა ყრუ-მუნჯი იყო და სიბრალულით ამევსო გული, მაგრამ სიბრალული მალე აღშფოთებამ შეცვალა: მელოგინე 19 წლის გოგონა აღმოჩნდა, მეთორმეტეკლასელი, ეროვნებით აზერბაიჯანელი, მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდან. ჟესტების ენა კი სამედიცინო დიაგნოზის გამო კი არ სჭირდებოდა, არამედ სრულიად "უბრალო" მიზეზის გამო - მასთან ურთიერთობისათვის - ახალგაზრდა დედიკოს, აზერბაიჯანულის გარდა, სხვა ენა არ ესმოდა - არც ქართული, არც რუსული და არც ინგლისური.

რუსულისა და ინგლისურის არ ცოდნა ნამდვილად არ აღმაშფოთებდა. ისიც აბსოლუტურად სხვა პრობლემაა, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ გადაიტანა მშობიარობის ჯოჯოხეთური ტკივილები. ამ პრობლემას საკუთარი სახელმწიფო ენის უგულებელყოფა და უცოდინარობა ჰქვია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს მხოლოდ მარნეულის მიმდებარე რაიონებისა და სოფლების პრობლემა არ არის. ასეთი რეგიონი თუ მოქალაქე კიდევ ბევრია ჩვენს ქვეყანაში. ისიც ყველამ ვიცით, თუ როდის და რატომ შეიქმნა საქართველოს მიწაზე სხვა ეროვნებათა კომპაქტური დასახლებები. რატომ აღვივებდნენ ექსტრემიზმს ყველა შესაძლო ხერხით და რატომ არ ცდილობდნენ, რომ მათ საქართველოს მოქალაქეებად ეგრძნოთ თავი - ეს შენელებული მოქმედების ბომბები იყო, რომლითაც დამპყრობელი საქართველოს მართვას ცდილობდა. მაგრამ იმ ავადსახსენებელი პერიოდის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა იმისათვის, რომ ჩვენ, დღევანდელ ქართველებს, შეგვეგნო და დაგვენახა საფრთხე და ყველანაირად გვეცადა, სხვა ეროვნების მოსახლეობა ჩვენი სახელმწიფოს ნაწილად გვექცია, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით.

მაგრამ დავანებოთ საფრთხეზე საუბარს თავი. არც ის გავითვალისწინოთ, რამხელა პრობლემებს უქმნის მოქალაქეს იმ ქვეყნის ენის არცოდნა, სადაც ცხოვრობს - თქვენ რომ იმ გოგონას შეშინებული თვალები გენახათ, ამას მაშინვე მიხვდებოდით - არ ესმოდა, რას ითხოვდნენ მისგან, რა უნდოდათ, რას ეუბნებოდნენ. თქვენ იქ მყოფი ექიმებისთვვის უნდა შეგეხედათ, რომ ეს გეგრძნოთ - ვერ აგებინებდნენ, რომელი წამალი როდის უნდა დაელია, ბავშვისათვის რა უნდა გაეკეთებინა, როგორ უნდა ეჭმია. ამიტომაც, საწყალი ბავშვი შიმშილისაგან რომ ატირდა, გაიყვანეს და ხელოვნური საკვები მისცეს. და რამხელა იყო მათი სიხარული, როდესაც მელოგინესთან მისი ნათესავი მოვიდა სანახავად, ქართულის მცოდნე. მან აგვიხსნა: მე ბოლნისელი ვარ. ბოლნისში ყველამ კარგად ვიცით ქართული. აი, ამათ სოფელში კი არავინ ლაპარაკობს ქართულადო. ამ სცენას რომ ვუყურებდი, მივხვდი - სახელმწიფოს, რომელიც არ ზრუნავს იმაზე, რომ მისმა მოსახლეობამ იცოდეს სახელმწიფო ენა, არ უყვარს თავისი მოქალაქეები.

ყველამ ვიცით, რომ უკვე წლებია, მოქმედებს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქართული ენის მასწავლებლები მიდიან ასეთ პრობლემურ რაიონებში და მართლაც გმირულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. მაგრამ ფაქტია: არსებობს ქართული ენის არმცოდნე მთელი სოფლები და არა ერთეული ადამიანები. ეს პრობლემა სახელმწიფოებრივ დონეზე რომ იდგეს, მისი გადაჭრისათვის ბრძოლის მასშტაბიც სულ სხვა იქნებოდა, მასშტაბიცა და შედეგიც.

ნუთუ არ შეიძლება, სკოლის დამთავრებისას ყველასათვის სავალდებულო იყოს ქართული ენის გამოცდის ჩაბარება?

რაც ჩვენთან ხდება, ეს უკვე არც დემოკრატიაა და არც ტოლერანტობა. ეს უკვე უგუნურება და სიბრიყვეა. რატომ ვართ რომის პაპზე უფრო კათოლიკეები? როცა დემოკრატიის შუქურა ქვეყნებში მოქალაქეობას ვერ მიიღებს ვერავინ, თუკი არ იცის სახელმწიფო ენა, მაშინ რატომ არ არის მსგავსი მიდგომა ჩვენთან - ქვეყანაში, სადაც სხვა ეროვნების მოსახლეობის ადაპტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის არსებობისათვის?

სახელმწიფოსათვის სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკის დაცვა და პატივისცემა ამ სახელმწიფოს თავმოყვარეობისა და ღირსების საკითხია. პირადად ჩემთვის, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისათვის, ქართული ენის დაკნინება და შეურაცხყოფა საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფისა და ფეხით გათელვის ტოლფასია. მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის რამდენიმე პროცენტი არ ფლობს და არც თვლის საჭიროდ, ისწავლოს სახელმწიფო ენა, ეს უკვე თავად ქვეყნის უთავმოყვარეობის მაჩვენებელია.