"დღეს განიბანება ადამიანთა შეცოდებანი"
"დღეს განიბანება ადამიანთა შეცოდებანი"
მდინარე იორდანე ერმონის მთისწინეთიდან დაახლოებით 1000 მეტრის სიმაღლიდან ჩამოედინება და ხეობით მკვდარი ზღვისაკენ მიემართება. როგორც ცნობილია, მკვდარი ზღვა ოკეანის დონიდან 400 მეტრით დაბლა მდებარეობს და მდინარე თითქმის კილომეტრ-ნახევრით ეშვება ძირს, რის გამოც ეწოდა კიდეც სახელად "იორდანე" - "ვარდნილი", "ჩამოსული", "დაშვებული".
სწორედ იორდანეში იღო ნათელი უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ - ქალაქ იერიქონიდან რამდენიმე კილომეტრში, მკვდარ ზღვასთან ახლოს. აქვე განცხადდა ყოვლადწმინდა სამებაც.

იესო თავის ღვთაებრივ ბუნებასა და ძალას გარეშეთაგან თავისი მიწიერი ცხოვრების
30 წლამდე ფარავდა, რადგან, იუდეველთა წესით, ამ ასაკამდე ვერავინ მიიღებდა მღვდლის ან მოძღვრის წოდებას. ტიბერიუსის მმართველობის მეთხუთმეტე წლისთავზე, იუდეაში პილატეს მთავრობისას, გალილეაში ჰეროდეს მეოთხედ მთავრობისას
და კაიაფასა და ანას მღვდელმთავრობისას, მოვიდა მისი განცხადების დროც.
მას შემდეგ, რაც იოანემ ქადაგება და ნათლისცემა დაიწყო, ექვსი თვე გასულიყო. და იმ ხალხში, რომელიც ნათლისმცემელს შემოხვეოდა გარს, ნაზარეთის მხრიდან გამოჩნდა იესო ქრისტე, რათა ნათელ-ეღო თავისი ხორციელი ნათესავის, იოანეს, ხელთაგან.

აღსანიშნავია, რომ იოანე არ იცნობდა ქრისტეს, რადგან ჯერ კიდევ ყრმა დედასთან ერთად გაიხიზნა უდაბნოში და მისი გარდაცვალების შემდგომაც მრავალი წელი მარტომ გაატარა იქ ძალიან მკაცრ პირობებში - ტანთ აქლემის ბეწვი ემოსა, წელზე ტყავის სარტყელი ერტყა და მკალითა და ველური თაფლით საზრდოობდა. არ იცნობდა, მაგრამ, როგორც მუცლად ყოფნისას, ახლაც უფალმა განუცხადა: "რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს." იოანე ხალხს ნათლავდა, მაგრამ მისი ნათლობით ვერც სულიწმიდას იღებდა მონათლული და ვერც ცოდვათა მიტევებას, რადგანაც ძეხორციელთაგან ვერავინ იტვირთებდა სიმძიმეს ცოდვებისას, ადამის მოდგმას რომ ეზიდებოდა მიწისაკენ და ზეცად ახედვის საშუალებას არ აძლევდა. ვერ შეჰბედა, შემოქმედს შეჰხებოდა და ნათელ-ეცა: "აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიხმს შენ მიერ ნათლის-ღებაი და შენ ჩემდა მოხუალა?" მაგრამ უნდა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება და მიუგო უფალმა: "აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე." გადმოცემის მიხედვით, იოანე ნათლისმცემელი ყოველ ადამიანს ნათლისღებისას წყალში კისრამდე ფლავდა და ასე ეჭირა, სანამ ის თავის ყველა ცოდვას არ აღიარებდა. მხოლოდ ამის შემდეგ უშვებდა წყლიდან ნაპირზე. მაგრამ უფალი, როგორც უცოდველი, ყოველგვარი შეყოვნების გარეშე ამოვიდა წყლიდან. ამოსვლისას მის თავზე ზეცა გაიხსნა, მტრედის სახით გარდამოვიდა სულიწმიდა და გაისმა მამის ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი... ამისი ისმინეთ!"

მაგრამ უცოდველს რად სჭირდებოდა ნათლისღება? რათა მოეცა მაგალითი მორჩილებისა და თავმდაბლობისა; რათა განებანა კაცობრიობა ცოდვათაგან; რათა განეწმიდნა წყალი და დაეწესებინა საიდუმლო ნათლისღებისა. ამ დღეს იკურთხა წყალი და მას შემდეგ, ყოველ ნათლისღებას, ზუსტად შუაღამისას, წყალი ყველგან იწყებს ღელვას ნიშნად იმისა, რომ მაცხოვარი შებრძანდება იორდანეში. ხოლო იორდანე რამდენიმე წუთით უკუ იწყებს დინებას, როგორც მაშინ, პირველ საუკუნეში, როცა შეძრწუნებული უკუიქცა თავისი შემოქმედის ხილვისას. ამ დღეს აღებული წყალი არ ფუჭდება და წლობით ინახება.

ნათლისღებით დასრულდა ძველი რჯული და დასაბამი დაედო ახალს, რადგან ღმერთი გამოჩნდა - ამოვიდა წყლიდან იესო და მთელი სამყაროც ამოიყვანა, მადლი გამობრწყინდა და წყლის განწმენდილ ბუნებაშიც მადლმა დაივანა.
"მოინათლა მდუმარედ და თავისი ნათლობის განუმარტავად,მაგრამ მიმდევართათვის მაგალითის მიცემით, რათა ისინიც მოინათლონ... მაშინ დუმდა უფალი, მაგრამ თავისი მიწიერი მსახურების ბოლოს მოწაფეებს დაუტოვა მცნება: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა... რომელთა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს" (წმიდა ნიკოლოზ სერბი).

მოინათლა ის, ვინც თავად განანათლებს ყოველივეს; წყლით განიწმინდა ის, ვინც უბიწოა და თავად განწმენდს; იკურთხა ის, ვინც თავად აკურთხებს... რადგან იტვირთა მთელი კაცობრიობის ცოდვები მისი დასაბამიდან დასასრულამდე; რადგან მოგვცა მაგალითი სიმდაბლისა და მორჩილებისა; რადგან გაგვიცხადა საიდუმლო სამებისა; რადგან დაგვიწესა საიდუმლო ნათლისღებისა და გვიჩვენა გზა გადარჩენისა და სიკვდილზე გამარჯვებისა; რადგან განწმინდა სამყარო და განუხვნა მას კარნი ზეცისანი - "ზეცისა, რომელიც ადამმა თავის თავსა და შთამომავლობას ცეცხლოვანი იარაღით ისევე, ჩაუკეტა, როგორც სამოთხის კარი" (წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი).

მოამზადა მარიამ ბურჯანაძემ (სპეციალურად საიტისათვის)
datiko48
20 იანვარი 2017 09:16
ყველა სულით მართლმადიდებელ ქართველს ვულოცავ დიდ დღესასწაულს--ნათლისღებას!!!სულ ბედნიერს და მომღიმარს და გამრავლებულს ევლოს ამ ქვეყანაზე საქართველოს,და დავბრუნებულიყავით ყველა გარიყული ქართველნი მშობლიურ მიწაზე,რომლის სურნელი რომ არ არსებობს სხვა ქვეყანაში!!!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები