გამარჯობა, ბატონო ერიკ! - კვირის პალიტრა

გამარჯობა, ბატონო ერიკ!

იანვრის დუბაის შემდეგ, არაფერი არ დამიწერია.

რაღაც ხომ უნდა მოხდეს ან ვიღაცას გადაეყარო, ან .....

მოკლედ....

მერე იყო და ძველით ახალი წელი მოვიდა, მერე იყო და აცივდა, მერე თოვლი მოვიდა, მერე ავადაც გავხდი და გაიწელა ზამთარი...

ვიწექი ღონემიხდილი და თოვლს თვალს არ ვაცილებდი. ვგიჟდები ამ ”ჯადოქრობაზე”. თეთრად და ათასნაირად რომ მოდის და რომ აყუჩებს ყველაფერს... რაღაც უცნაური სიჩუმე რომ იცის.  ფეხის და  ქუჩის ხმას რომ  კარგავს და ნაფეხურებად აქცევს...

მერე ნაფეხურებიც ქრება და... სამწუხაროდ, თბილისის თოვლის სიჩუმე მოკლეა. უცებ გადადის ტალახის უსიამოვნო შხეფების ხმაში...

სიცხე მქონდა, ხან ვთლემდი, ხან თითქოს არა. მერეოდა დღე და ღამე... მინდოდა გარეთ...

ვთვლემდი, თვალები მტკიოდა და ყველაფერს უშლიდა..... ვერც ინტერნეტში ვჩერდებოდი დიდხანს, მარტო  ამინდის პროგნოზს თუ გადავავლებდი თვალს.

როგორც იქნა  გარეთ გამოვაღწიე, საცოდავი თოვლის ნარჩენი დამხვდა... საშიშად სასიარულო ტროტუარებით...

ამ გრიპმა მაინც რაღაც უღონობა  დამიტოვა და კიდევ.... უძილობაც. ეს ჩემი შეჩვეული პრობლემაა, შეჩვეული ჭიდილი ძილთან, მენანება ძილისთვის დრო... ამიტომაც დაძინებას ვებრძვი, ყველა ფიქრი ირევა. რა არ მიცდია, რამდენი რჩევა არ მომისმენია - სპილოების, ცხვრების, თუ ზღვის ტალღების დათვლა...

ერთხელ ისიც მითხრეს, წიგნების პერსონაჟები აურიე ან გააგრძელეო... მიცდია და პირიქით ვფხიზლდები. მოკლედ ბევრნაირი ხერხი ვცადე, მაგრამ თუ უძილობის ტალღა დაიწყო, ვერაფრით ვშველი, უბრალოდ მივეჩვიე.  ბრძოლა შევწყვიტე - დავნებდი...

ახლახან ”ბიბლუსში” წიგნზე დასამაგრებელი პატარა სანათი ვიყიდე. ძალიან კარგი რამე აღმოჩნდა, ფურცლებს ანათებს და არავის არ უშლის... დავაწებე ჟორნალს  და თებერვლის ”ლიტერატურული პალიტრას” შევაფარე თავი.

ოი, ასეთ შეხვედრას ნამდვილად არ ველოდი.

ერიკ-ემანუელ შმიტდი - ჩემთვის უცნობი ავტორი ... მოთხრობის სახელი მეუცნაურა და  მომეწონა ”მუსიე იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები”.

ო, ბატონო ერიკ, ნეტავ იცოდეთ რა უძილო საათი მაჩუქეთ... და აღმოჩენის როგორი სიხარული. მერე გეძებეთ... რამდენი რამე დაგიწერიათ, ფილმიც კი ყოფილა ამ მოთხრობაზე გადაღებული, სიცილით მიმზერდა თქვენი ფოტო ეკრანიდან - 51 წლის ხართ? და მე ერთხელ კიდევ მივხვდი, რამდენი, რამდენი რამე მაქვს აღმოსაჩენი და ძალიან გამეხარდა..... ბრუსელში ცხოვრობთ..... ბრუსელში დღეს ისეთივე ამინდია როგორც აქ, 7 გრადუსია და ქარი.... მე კი თქვენ სხვა წიგნებს ვეძებ და ვოცნებობ....

ოცნებისთვის ჯერ არ ისჯებიან – თუ კი?...  არა მგონია..... და .....

ამ ცივ ამინდში სადმე პატარა კაფეში დაგელოდებოდით, იქნებ თოვლიც წამოსულიყო, ჩუმად....მაგიდზე წიგნი, გემრიელი  “კაპუჩინო”,  და კარებიც იღება....

გამარჯობა, ბატონო ერიკ!

P.S. მისალოცები ხართ, თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ თებერვლის “ლიტერატურული პალიტრა”, წინ ახალი მეგობრობა გელით ან შეიძლება ძველის გახსენებაც – აქ ბევრი შანსია.....

მე არ შემეცილოთ.  ერიკ - მანუელ შმიტი ჩემი აღმოჩენაა.