პოლიციის ახალი შენობები თუ "პარკინგ გარაჟები"? - კვირის პალიტრა

პოლიციის ახალი შენობები თუ "პარკინგ გარაჟები"?

რა დღე იყო გუშინ?... ეტყობა თარსი. . . აბა რას დავაბრალო ეს ამბავი?

2 - ჯერ წაიყვანა "სითი პარკმა" ჩემი მანქანა, 1 დღეში – 2-ჯერ!

შუადღისას ახლობელთან მივედი, ჩამწკრივებული იყო მანქანები და მეც დავაყენე. . . გამოვედი, ისევ ისეთი სურათი იყო, ბევრი ჩარიგებული ავტო და ჩემი მანქანა არა. პირველად მოხდა ეს ჩემს ცხოვრებაში და ამიტომ უცებ შემეშინდა, მალე მოვედი გონს. გამახსენდა სადაც შეიძლებოდა წაეყვანათ. მაგრამ რატომ? ძველი კინოსტუდიასკენ წავედი, თან გზაში სიტი პარკს ვურეკავდი. . . აბა გამცა ვინმემ ხმა? არა. . . იქ არ დამხვდა, საბურთალოზეაო. . . აღმოვაჩინე ჩემი ერთგული მეგობარი მარტოდმარტო. დავიხსენი ქაჯებისგან, მის განთავისუფლებას ქეთის საჩუქრისთვის გადადებული ფული შეეწირა. ვიჩხუბე, ვიბუზღუნე მაგრამ, ვინ არის გამგები. . . თან დავიწყება მინდოდა მალე, 5-ზე გია მურღულიას "საღამოს ლექსების" პრეზენტაციაზე მივდიოდი და სულაც არ მინდოდა ვიღაც ცუდებზე მეფიქრა.

ისევ სიმწრით ვიპოვე ადგილი, ჯოხიანმა კაცმა წვალებით დამაყენა - ცოტა მარცხნივ, ცოტა მაჯვნივ, გაასწორე. . . დავაყენე  და გავიქეცი. . . უცებ დამავიწყდა ყველაფერი. . . ასე კმაყოფილები გამოვედით მე და თამრიკო ცაგარეიშვილი, საირნობით გავუყევით აღმაშენებელს და ჰოი საოცრებავ. . . მანქანა ისევ არ იყო. ახლა კი მართლა გავცოფდი. ძველ კინოსტუდიასთან აღმოვაჩინე ამჯერად და მოვხსენი განრისხების გუდა. . .

რამდენი პოლიციეს შენობაა ამ ქალაქში იცით? 20-30-40, თავისი ბაღებით სადგომებით, დასასვენებელი სკამებითაც.

რამდენი მანქანის სადგომი? არცერთი (მე ასე ვიცი!) დავიჯერო, ამ ყველაფერში პირველოსნებს მათი აშენება  გაუჭირდათ? რა თქმა უნდა არა, მაგრამ ჯერ უნდა წაგართვან და საერთოდ ეს მაგათ პირველობას ეტყობა ვერ მიეთვლება. ისე  როგორები არსებობს, ფოტოებს აქ მაინც დავდებ. იმათ ესენი ვერ ვანახე მაგრამ სიტყვით არაფერი დამიკლია.  მაგრამ, თურმე ჯერ კიდევ წინ მქონდა საჩხუბარი. . . უტიფრად ხომ გექცევიან, ეს არ კმარა. ახლა ბარათი გადმომიგდეს-ტერმინალი არა გვაქვს და ნაღდი ფოლიო. . .კიდევ ერთხელ ამოვაფრქვიე გრძელი ბრაზიანი ტირადა და წავედი  ტერმინალის საძებნელად. მართალი გითხარათ და ძლივს ვიპოვე. ვეძებდი და ვფიქრობდი, რამდენი მიწვალია მანქანის გაჩერებაზე, რამდენი მიძებნია გასაჩერებელი. . . მე კი არა, მაგათ ქონდათ კომპენსაცია გადასახდელი კარგად რომ "მომეჩოთქა"... ისიც ვიფიქრე ამ გაბრაზებულ ძებნაში – იქნებ ჩემი მანქანის გაჩერების "სტილი" კი არა, ეს პალიტრის ყვითელი შარფი და მშვენიერი სტიკერი "მე ვუსმენ პალიტრას" არ მოწონთ? რა ვიცი აბა?

კიდევ ერთხელ დავიხსენი ჩემი წითელი მეგობარი ქაჯებისაგან, ერთი ბრაზიანი მზერაც დავტოვე და. . . უცებ რაღცნაირად დავსევდიანდი... კარგ დღეს ველოდი და რა გამოვიდა? რა დღე იყო ასეთი?    თანაც მიტევების...

საერთოდ ენერგიეს ძირითადად იმაში ვხარჯავ, რომ წონასწორობა შევინარჩუნო, რომ წყენა  დიდხანს არ გავიჩერო, რომ ბრაზმა და დაუნახაობამ გონება არ ამირიოს... ამიტომ ხან რას ვაფარებ თავს და ხანაც რას... ეს დღეც გავიდა... და ისევ ვებრძვი ამ ნალექს...

წინ გია მურღულიას ლექსები მიდევს, ხვალ მარხვაც იწყება  და მირჩევნია ეს იყოს ამ დღის სამახსოვროდ.. სადაც გადაიშლება იმ ლექსს დავტოვებ და ასე დავამთავრებ ამ ბრაზიან დღეს, რომ ხვალ თუ ამას წაიკითხავთ, თქვენც კარგად დაიწყოთ ახალი კვირა...

მერე რა, თუ ჯერ ყველაფერი ისე ვერ არის როგორც გვინდა... ამიტომ ლექსი საჩუქრად...

ამ წუთისუფლის წკვარამში კაცი გველს მძივად იმძიმებს,

გულში სიკეთედ სხვა რა მჭირს? - უფლის ნათელი ციმციმებს.

წამი მაფიქრებს, სდის ობის, სურნელი – არ ჩანს, რა ხეა,

სოფლის და მარადისობის ერთი პატარა სახეა.

სიტყვებმა სიტყვა ააწყო,  "წამია" დროის გალია –

"წ" ხომ წარსული,  "ა" – აწმყო,  "მ" კიდევ მომავალია.