შენობა-გამოცანა... ნეტავ აქ რა ხდება? - კვირის პალიტრა

შენობა-გამოცანა... ნეტავ აქ რა ხდება?

მე მიყვარს სახლები...

მოხდენილები, უცნაურები, განსხვავებული სახურავებით და ფანჯრებით, ბაღებით და აივნებით... მიყვარს, იმიტომ, რომ ხასიათი აქვთ და რაღაც ისტორიებს მალავენ...ალბათ ამ სიყვარულმა გააჩინა ჩემი მინი სახლების კოლექცია.  განსხვავებული და სხვადასხვანაირი – კოშკებიანი, ეზოებით, ბაღებითაც კი, ლამაზი ღობე-ჭიშკრებით, ცათამბრჯენები, ძალიან პატარები და ცოტა დიდები... მაგრამ ყველა განუმეორებლად ლამაზი... შეიძლება ათასი ფიქრი აშალოს, როდესაც უვლი და ადგილს უნაცვლებ...

საიდან მოვიდა ეს სიყვარული ვერ ვიხსენებ... იქნებ ძველი ვერეს სახლებიდან, სადაც ბავშვობა გავატარე და არცერთი არ გავდა ერთმანეთს? საბურთალოზე რომ გადავედი, დიდხანს ვეჩვეოდი ამ უსახო ნაგებობებს, სანამ მეზობლების სიყვარულმა არ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება...

ახლაც ვერაზე ვცხოვრობ, მაგრამ ეს უკვე სულ სხვაა... ჩემი პატარა აივნიდან ერთ მხარეს მართლა ულამაზესი ხედია, ეკლესიის გუმბათებით, მტკვრის ხეობით და ვერეს პარკის ხეებში ჩაკარგული სახურავებით...

მეორე მხარეს კი ერთი უსახო, კუბიკი შემოდის ფანჯრებში....

იქ ატეხილმა ხმაურმა გუშინ ისევ დაგვიფრთხო ძილი, ეს ხშირად გამეორებადი ღამის გარჩევები, სწორედ მეორე მხარიდან მოდის... ეს ღამე... და როდესაც თენდება, აივნის იმ მხარეს ისევ გამოჩნდება ეს უსახო, მაგრამ მართლა საოცარი შენობა... ჩვენი მხრიდან, შენობა-გამოცანაა ნამდვილი...

ხომ შეიძლება სახლი სკოლას ჰგავდეს, ან სპორტულ კომპლექსს, ან რესტორანს, ან ვთქვათ, სტრიპტიზ ბარს?... თითოეულ წარმოდგენაზე, რაღაც ტიპის შენობა ხომ ასოცირდება... მე ასე მგონია... ამ შენობას არავითარი სახე არა აქვს და რა ხდება იქ, გამოცნობა ნამდვილად გაუჭირდება ადამიანს... მარტივი მრავალკუთხედი, ზედა ღია ვერანდით...

გაცნობა, როგორც კი გადავედი სწორედ ამ ვერანდიდან დაიწყო...

ზაფხულში ფანჯრები ღიაა და ხმებიც კარგად ისმის... სარეცხს ვფენ და მესმის კითხვა - ბავშვებო, რა არის 1 და 2? ო, ცოტა დავიბენი... რა არის ნეტავ? უხამსი ფიქრი სიცილს გავატანე და გავაგრძელე... შეიძლება კურდღელია, ერთი თავი და 2 ყური... ან ჩიტი 1 ნისკარტი და 2 ფრთა. მე ვფიქრობ, მასწავლებელი ბრაზობს - რა დაგემართად ბავშვებო, რა არის 1 და 2? მეც დავიძაბე, კლასიც დუმდა... რა არის ნეტა? მაგვიანდება სამსახურში... განრისხებული მასწავლებელი ბოლოს და ბოლოს პასუხობს. რა დაგემართათ 1 და 2 არის 12! ღმერთო რა მარტივი ყოფილა. მაგრამ კითხვა, კითხვა როგორია - რა არის?...

ამ დროს ბავშვებიც გარეთ გამოიშალნენ. ამოვისუნთქე, პასუხი რომ გავიგე და ისიც დავადგინე,  ზედა სართული ბაღი და სკოლაა...

ახლა შუა სართულის ამოცანა უნდა ამომეხსნა, თორემ პირველი სართული ყველამ იცოდა - ტაქსის მძღოლებმა  მით უფრო... მათ ძირითადად  არც ისტორიული ”სატივე” იციან და არც კოსტავს შესახვევი... თუ ბოლოს ხვდებიან სად მივდივარ, გაბრაზებული ბუზღუნებენ - ვერა  თქვი  ”დივასთან”  გდომებიაო...

ვაგრძელებ ამ საოცარი შენობის აღწერას. მე-3 სართულზე კვრივის დარბაზი ყოფილა. სპორტიც ადგილზეა. ჰო და სპორტით, რომ მომაგრდები და  ცოტაც გაიზრდები პირველი სართულიც აქვეა... თამაში და ქალები  - პირველ სართულზე საბილიარდოა და სტრიპტიზ კლუბი.

მეტი რაღა უნდა ისურვო... ერთ შენობაში, დაწყებითი და საშუალო  განათლება, სპორტი, გართობა და ტკბობაც ადგილზეა... ზედა სართული დილით ცოცხლობს, შუა საღამოს, პირველი ღამით... საბილიარდოდან სულ ჩხუბით გამოდიან, “დივაში”, კი ჩუმად შედიან და მალვით იპარებიან.

ასეთი მულტიფუნქციური, დატვირთული და თან ასეთი შინაარსთან აცდენილი უსახო შენობის წარმოდგენა შეუძლებელია... ალბათ ასეც უნდა იყოს, აბა რომელ ერთზე მოარგებდა არქიტექტურულ გადაწყვეტას გინდა კალატრავა იყავი და გინდა ფოსტერი...

და დგას კოსტავას შესახვევში ერთი ასეთი  ნაგებობა... რა სიზმრებს ხედავს, ეს საცოდავი სახლი ვერც თქვენ და ვერ მე ვერ გამოვიცნობთ... ან იქნებ საერთოდ უძილობა აქვს, ეს უფრო დასაშვებია... მიკლედ მეცოდებასავით...

ამიტომ მომინდა, პატარა გალერეაც ჩამესვა. გალერეა სახლების, რომლებსაც ისტორიაც აქვს  და სიზმრებიც ლამაზი...

მე ხომ სახლები, რაღაც უცნაურად, ცოცხლებივით მიყვარს...

იხილეთ ფოტოგალერეა