კითხვები და... - კვირის პალიტრა

კითხვები და...

წინა პოსტის ერთადერთი კომენტარი -კითხვა :

-მეტი საქმე არა გაქვს, მარიკა?

ეტყობა გულზე მომხვდა, თორემ მომდევნო პოსტს ასე არ დავიწყებდი...

ახლა რომ მოვყვე ჩამოთვლას რემდენი საქმე მაქვს და კიდევ თავში რამდენი მიტრიალებს, მაშინ საბოლოო დიაგნოზი უნდა დავსვა... თავის მართლებით....

უფრო კითხვამ დამაფიქრა, ისედაც კითხვებით ვარ სავსე...  მაგრამ ახლა ერთი მაინც ძალიან დაწინაურდა...    რა არის საქმე?

ის რაც აუცულებელი?.. ეს რაც ბედმა გარგუნა?.... ის რასაც თავად აირჩივ?.. თუ ის რაც ყველაზე კარგად იცი?..  ამ ვარიანტებს  კიდევ ბევრი აკლია... და  ვერც  ერთს ბოლომდე სრული პასუხი ვერ გავეცი...  გახსოვთ სკოლის მასწავლებლების ცივი რეპლიკა მოკლე პასუხებზე? - სრული პასუხი!

ჰო და ამ სრული პასუხის ძებმნამ სადღაც შორს გადამისროლა... ჩემი ძველი დღიურები გადმოვქექე. დღიურებს პატარაობიდან ვწერდი, რვეულებსაც საგულდაგულოდ ვარჩევდი, ცოტა სხვანაირები რომ ყოფილიყვნენ. მე-8-ე კლასში შეწყდა, ჩვეული ისტორიით. დედამ წაიკითხა...მერე ისევ გავაგრძელე და მერე გავიზარდე....

ახლა ამ დღიურებივით პოსტებს ვწერ, ამხელა სივრცეში თავისუფალი ხეტიალისთვის და ათასი თვალისთვის ვიმეტებ... მაშინ კი დედაზე გავბრაზდი...  მეგონა მარტო ჩემთვის ვწერდი, მაგრამ დავფიქრდი თუ არა, თავს გამოვუტყდი, რომ სულ პირიქით იყო...  ვწერდი, რომ ვინმეს ოდესმე წაეკითხა და თანაც იმის იმედით, რომ მოეწონებოდა...  ვინმეს?...  თუ ყველას...  პასუხმა შემაშფოთა... მაგრამ რაღაც პასუხს მაინც მივაგენი...

ერთ ფურცლებ გაფერადებულ ბავშვობის დროინდელ  დღიურში, დიდი ასოებით მიწერია -

"მინდა საინტერესო საქმე მქონდეს, ნეტავ მექნება მრავალფეროვანი ცხოვრება?"

50 წლის მერერე ისევ  ვწერ დღიურებს...   ცხოვრების ერთფეროვნებაზე ვერ დავიწუწუნებ... საინტერესო საქმე?...  ეს ლინკი ნახეთ და მიხვდებით... www.palitra.ge …

P.S.  რამდენიმე დღის წინ  ძალიან საინტერესო და   დიდი PR  სპეციალისტის დენის ვილკოქსის ლექციას დავესწარი, ერთი  ასეთი სტატისტიკური მონაცემი მოიყვანა, თურმე მსოფლიოში 125 მილიონზე მეტი ბლოგერი არსებობს და ყოველდღე 230 ათასი ბლოგი იქმნება... (ბლოგერი არ ვიცი, მე "მედღიურეებში" გავდივარ, მგონი)... მაგრამ კიდევ ერთი კითხვა მაინც დამიმატა ამ ამბავმა - ნეტავ თუ ვითვლებით ამ მილიონებში?..

ველოდები სრულ პასუხს