ვნების კვირა და... ჩემი განძი - კვირის პალიტრა

ვნების კვირა და... ჩემი განძი

ვნების კვირა ჩემთვის ყოველთვის ჯადოსნურია... ყოველთვის... და ეს უცნაური შეგრძნება 13 წლიდან მოდის... შორიდან და არ ქრება...

სადაც ვიზრდებოდი, იქ სულ იყო რაღაც სიფრთხილის ნოტი... ბაბუს 12 წლიანმა გადასახლებამ შიში დატოვა... დატოვა აკრძალული  თემების დიდი ნუსხა... ტაბუ დაადო თამამ შეფასებებს... ამას სულ ვგრძნობდი, რადგან ჩემი გაუთავებელ შეკითხვებიდან ზოგიერთი საერთოდ უპასუხო რჩებოდა, ან თვალებით რაღაცას ანიშნებდნენ და პასუხი  პასუხს არ გავდა... ეშინოდათ ჩემი ცნობისმოყვარეობის, მე კი ეს შიში არ მესმოდა და გრძელდებოდა ჩვეულებრივად... ბებიამ ისე დამალა შავი ქვის აქციები, მერე უკვე გაზრდილმა, ისტორია რომ გავიგე,  ვთხოვე შემახედეთქო და ვეღარც იპოვა...

ერთ ზაფხულს იმერეთში ვართ, ბაბუ სახლის უკან გავიდა და გაქრა... იქ მე არაფერი მეგულებოდა და გავედევნე... სარდაფი აღმოჩნდა, მიმალული კარებით, რაც არასდროს შემინიშნავს... მე კი არა, თურმე არც შემოსულ ბოლშევიკებს... სარდაფში კი ძველმანებში მიმალული, ისეთი სკივრი იყო მარტო ზღაპრებში მენახა... ბაბუს შეეშინდა, მაგრამ გზა აღარ არსებობდა, სკივრი გავახსნევინე და იქიდან მართლა ზღაპარივით სინათლე ამოვიდა... მოოქროვილი სუდარა და მოჭედილი დიდი წიგნები.... ღმერთო, ეს რა იყო...  ახლაც მახსოვს, პირი როგორ გამიშრა და ვერც ამოვისუნთქე, ბაბუს მკაცრმა გაფრთხილებამ გამომაფხიზლა... ბებიასაც არ უთხრაო... ჩუმად დიდი პაპის ისტორია მომიყვა, ძალიან მოკლედ და ჩემ მუდარას ვერ გაუძლო ერთი პატარა ხატი და დიდი ბაბუს სასულერო სკოლის დროინდელი რუსული ოთხთავი გამომატანა... საგულდაგულოდ დამამალინა და კიდევ ერთხელ გამაფრთხილა... არავის არასოდეს არ უთხრაო...

ასე გავხდი 13 წლის გოგო, საიდუმლო განძის მფლობელი... ისიც კი ვერ გავბედე იქ დამეწყო კითხვა, ბებიის მეშინოდა... მე და ბაბუ კი ზიარმა შიშმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა... ჩამოვაღწიე თბილისში და დავიწყე კითხვა... მეგონა ხომ არ ვგიჟდები თქო... ნახევარი არ მესმოდა, მარტო რაღაც ტალღა მიმღვრევდა გონებას... მეტირებოდა და ავივსე  შეკითხვებით... მარტო ბაბუ იყო ჩემო მშველელი, ჩუმად და მოკლედ მიხსნიდა... თან სულ  მაფრთხილებდა და ამატებდა,   ზღაპარია ხომ იციო... აბა რას იზამდა მე 13 წლის ვიყავი...

აღდგომა ახლოვდებოდა და მე ავად გავხდი... სიცხე მქონდა მაღალი, ბებო წამლებს მასმევდა და კვერცხების შესაღებად ემზადებოდა... ბაბუ ლოგინთან მეჯდა, რაღაც ლამაზ კვერცხების წიგნებს ვათვალიერებდით, ( ფაბერჟე იყო, მერე გამახსენდა)  და ამ დღეების ”ზღაპარს” ჩუმად მიყვებოდა... მე ხილვებით ვიყავი სავსე... იქ ვიყავი, დავყვებოდი  ხალხს, პურის გემო მახსოვს, გეთსიმანიის ბაღები, საშინელი პარასკევი...   ვტიროდი, სიცხე მქონდა და იქ ვიყავი...

იმის მერე როგორც კი ეს კვირა ახლოვდება, მეჩვენება ავად ისევ ვხდები... ისევ რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს და ისევ იმ ხილვებივით, მჯერა, რომ მე იქ ვიყავი, იქ და იმ დროს... მე არც დიდად ეკლესიური არ ვარ, და არც რაიმე დოგმებს  ვემორჩილები... უბრალოდ ეს ჩემია,  ყველაფერია და ყველგან... და შუამავლები ამ დღეების განცდას ვერ უძლებს... საოცარი რამ ტრიალებს ამ დროს... ჩემი პატარა განძიც ამ დროს იღვიძებს და ფურცლებიც  ცოცხლდება... როგორც დიდი ხნის წინ...

აღდგომა მოდის...