104.000? - კვირის პალიტრა

104.000?

მეგონა სულ დამასუსტა ამ ავადმყოფობამ, მაგრამ მივხვდი არც ისე ცუდად მაქვს საქმე, თუ სიხარულის თავი კიდევ შემომრჩა... რა არის ეს რიცხვი? კვირის პალიტრის ამ ნომრის ტირაჟია! 104 ათასი!!!  მართალი გითხრათ ადექვატური რომ ვარ ამ სიხარულმა დამიდასტურა... ეს მართლა საოცარია...  როდესაც ელექტრონული მედია ბეჭდურს უტევს და მსოფლიო გვიკიჟინებს გაზეთების დრო მორჩაო...  საოცარია, ოღონდ ჩვენთვის როგორც ჩანს, არა!

თურმე რამდენი გველის, ფურცლავს და გვკითხულობს...

ამ ტირაჟს ისიც ემატება მე რისთვისაც ვაკაკუნებ… ვებ გვერდი... ესეც გვიბევრებს გულშემატკივარს ... მე კი ჩემი უნდა გეწუწუნოთ, ბლოგი ბლოგია, შენი ფიქრების ადგილი... თან ეს უკვე დაწერილი იყო.  104 000, რომ დავინახე გაზეთის პირველ გვერდზე...

მეამყება ამ გუნდში რომ ვარ, მაგრამ ჩემიც გაიზიარეთ რა?...

გაზაფხულმა ისე გაიარა ვერც გავიგე... ვერც ქუჩის მღელვარებებს ვერ ავყევი და ღელვის ენერგია არა მაქვს სათანადო... მოკლედ თითქოს მე არ ვარ... უკვე ზაფხულიც მოვიდა  და გაიწელა ეს ჩემი თაბაშირიანობა... ამ დროს ავად ყოფნა კი განსაკუთრებით სევდიანია... თან ეს ხომ იმ ავადმყოფობას არ გავს, ბავშობიდან რომ გაქვს ჩარჩენილი და ხანდახან მოგნატრებია კიდევაც... რაღაც შორეული და დაახლოებით ასეთი...

ავად ხარ... დიდი ამბავია სახლში...  რა გაგეხარდება, რა მოგინდება - ყველაფერი  შესრულებულია... ყველას განსაკუთრებულ სიყვარულს რომ გრძნობ და შენს განსაკუთრებულობასაც...  ო, ეს რა სასიამვნოა...  ხან საფენს იგონებენ და ხან  საგებს... ხმამაღლა გიკითხავენ წიგნებს, გიყვებიან ამბებს, მოდიან შეწუხებული მნახველები საჩუქრებით... სახადი და ბატონები?...  ეს კიდევ განსაკუთრებული ამბავი იყო... იცვლებოდა ფარდები, ტანსაცმელი, სათამაშოებიც კი... ბაბუამ რაღაც უცნაური სიმღერები იცოდა, მამიდამ - შელოცვები... და მიდიოდა ასე სიყვარულში და მოდუდუნე სიმღერებში დღეები...  ავადმყოფობასთან თან მომყოლი...

მაშინ, როდესაც პატარა ხარ, არავინ გეუბნება, გტკივა  და უნდა მოითმინოო... მაშინ როდესაც პატარა ხარ, პატარა ხარ და თან, რაც მთავარია,  ყველა გყავს, ვინც ეს სიყვარულის ნიაღვარი უნდა დაგაფრქვიოს, ცოტა შეგიცოდოს, მოგეფეროს და შენთან იყოს, რადგან ეს თვითონ სიამუვნებს და ეს ვალდებულებაზე ბევრად მეტია...

ასე ბავშვობაში იყო... ახლა?... მაცხენა ხელი თაბაშირში მაქვს და  ნეკნები გაბზარული... მგონია,  ცოტა სასაცილოა დილით ჩემი ყურება სანამ რაღაც უცნაურად სრიალა, ნელი მოძრაობით ვინდობ ჩემს ტკივილებს და მერე კიდევ უფრო სასაცილო... ცოტა ნაკლებად მტკივნეული რომ იყოს... (ასე რომ არ ვუყურებდე, გავგიჟდებოდი ალბათ)  როგორ ვიცვამ?... ცალკე ისტორიააა.... 6 კვირა დიდი დროა... ნორმალური ტანსაცმელი გადავდე... ყველაფერი ქვემოდან უნდა ჩავიცვა, თან ერთი ხელით... ყველაფერს ეჩვევი, ცოტა იუმორიც თუ გაურიე...  თუ განრისხებული ხარ, უარესია... აღარ არიან შენი შემცოდებლები და რას იზამ...

დედას ბალიში მიდევს და მამას ბენდენა - ჯერ კიდევ მათი სუსტი სუნი რომ შერჩენიათ...

ყველაფერს თავისი სუნი აქვს... იმ ბავშვობისდროინდელი მიქსტურით გაჯერებულ ოთახს, მერე ფართოდ გამოღებულ ფანჯარას და მათრობელა აკაციებს... ყველაფერს... სიყვარულს - იმ ადამიანებს, რომლებიც შენი ყოფილან... და ამ სუნებმა უცებ შეიძლება დრო შეგიჩეროს... სადღაც გადაგაგდოს და ისეთი რამ გაგახსენოს, სამუდამო სკივრში რომ გგონია ჩარაზული...

შრი ლანკაში სანელებლების ბაღში წაგვიყვანეს, ძალიან კარგი მეგზური დაგვხვდა - ემოციური, თავის საქმის მცოდნე და ამ სურნელებში შეყვარებული...

დარიჩინზე რომ მიდგა საქმე, დაიღვარა და დატკბა... ხელში ატრიალებდა ამ ყავისფერ ჯადოსნურ ჯოხებს, გვანახა, როგორ ჩნდება დარიჩინის ბურბუშელა  ერთი „უბრალო“ ხის ტოტიდან... როგორ გაგიყუჩებს კბილის ტკივილს, თუ ცოტას დაღეჭავ... და, რაც მთავარია, თურმე მისი სურნელი მარტოობის განცდას აქრობს... მისგან გამოხდილი ზეთი ძალიან ძვირფასია და დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით  ჩრდილოეთის ქვეყნებში... თურმე უცებ ათბობს გაყინულ კიდურებს და, რაც მთავარია, ეს ფიზიკური სითბოს გარდა, საერთო სითბოა... როგორც მივხვდი,  რაღაც ისეთი  ბავშვობისდროინდელ  თავზეშემოვლებულ სიყვარულს რომ ჰგავს...

ახლა, როცა ტკივილებს ვეჩვევი და ეტყობა სხვანაირი სითბოც მომენატრა - უცებ მოვიდა ეს სურნელი... დარიჩინის, რომელიც თურმე, სითბოსა და სიყვარულის განცდას გჩუქნის... 104 ათასსე გადამრავლებულს...