ვიღაცები კი ხასიათს გიწრთობენ... - კვირის პალიტრა

ვიღაცები კი ხასიათს გიწრთობენ...

ამ ჩინურ სიბრძნეს ორი დღის წინ გადავაწყდი და ვითომ რა იყო ისეთია, რაც არასდროს წამიკითხავს?... თანაც მე მიყვარს იგავები და პრიტჩები, მაგრამ  გააჩნია რა დროს რას გადააწყდები... სიბრძნე კი ასეთი იყო..

”შემთხვევით არავინ შემოდის შენს ცხოვრებაში,

ვიღაცას ბედნიერება მოაქვს,

ვიღაცას გამოცდილება,

და ვიღაცები  ხასიათს გიწრთობენ”.

რა თითქოს?.. მე კი  ფიქრს შევყევი.. არსებითი ის არის, რომ ეს  ინტერენეტის და  ტელევიზორის თანხლებით მოხდა...  და უცებ მივხვდი, რომ 20 წელზე მეტია,  ეს ტელესახეები ჩემი ხასიათს წრთობაზე მუშაობენ და არა მარტო ჩემი...

ჩემთვის ეს წლები, იყო მწვანეები... მერე იყო და პირველ  საპარლამენტო  არჩევნებში ვმონაწილეობდი, კომუნისტები და ბლოკი ”თავისუფლება”. და ”მრგვალი მაგიდა”. მე და საქარხნო რაიონი. მთელი 2 თვე. 5 შეხვედრა დღეში, ეზოში, ბავშვები, ქარხნები (მაშინ მუშაობდნენ), პოლიკლინიკები, სკოლები... ვერც კი წარმომიდგენია, როგორ ვუძლებდით ამ რითმს.

ყველა ამ 2 ბლოკში იყო, ვინც ახლა ჭკუას გვარიგებს და ვინც აღარ, ვინც გაიქცა და ვინც ცოცხალი აღარ არის...

და იყო  იმედი,  უზარმაზარი მოლოდინი და დიდი გამოცდილება...

გრდემლი ჭედდა...

მერე დამთავრდა ეს ალიაქოთი და დაიწყო პარლამენტი და მაინც ქუჩის ”საინფორმაციო  მიტინგები”. გასაოცარი მოვლენაა.  TV  მათი  იყო და რადიოც... და მაინც ქუჩა იყო მთავარი რუპორი... სამჭედლო იქ იყო....

პირველი მძიმე წრთობა მაშინ იყო, რადგან ისევ ირღვეოდა ყველაფერი, ძველი იმედები კვდებოდა და ახლები ჩნდებოდა...

ისევ არჩევნები,  იგივე თითქმის და ახლა პირველ საკრებულოს არჩევნებში ამოვყავი თავი... დიდუბის რაიონში... ძალიან ლამაზი შემოდგომა, ულამაზესი ეზოები, სადარბაზოები, სახლებში სტუმრობაც  კი - ძველი ფერადი კერამიკის ღუმელები და ისევ იმედი, რომ რაღაც დამშვიდდებოდა... იმედი და ახალი საწრთობი ღუმელი - საკრებულო. ხალხი, რომელიც მართლაც ასე დარჩა - როგორი არ უნდა იყო და როგორი უნდა!

და ეს  ეტაპიც  დავამთავრე...

მერე თითქოს სხვა რამ დაიწყო...  მართალია  წრთობაც ბევრი იყო, გამოცდილებაც და სიყვარულიც... მაგრამ ახლა ამ სიბრძნის  ახირებით, ინტერნეტს და ტელევიზორს მიმჯდარი, უკვე ბევრ ღუმელში გამოვლილი ვფიქრობ, რომ  ბევრი არც არაფერი შეცვლილა... თითქმის მთლიანად არ ვმონაწილეობ, მაგრამ გრემლის ყრუ ხმა თავშია და   ყველაფერს მიყვება... ისევ ხასიათს გვიწრთობენ...  თუმცა PR რა არის ძალინ კარგდ ვიცი, მაინც დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ წონასწორობა შევინარჩუნო - ეტყობა მართლა დაუღალავად შრომობენ, ჩვენი გამოწრთობა- გალევისთვის...

ნეტავ როგორ გავიგო იზომება თუ არა  ჩემი და ჩემნაირების ხასიათის სიმკვრივე? ცალკე და მთელი საზოგადოების ერთად... და საერთოდ რა არის სიმკვრივის ერთეული?

იზომება, ვიპოვე!   კგ შევფარდებული  მ3 - აი ასეთი გამოსათვლელი ფორმულა...

დასაფიქრებელია...  ქართველი ერის ხასიათის სიმკვრივის გამოსათვლელად...   ფსიქოლოგ- მთვლელებისთვის  მიმინდვია...   სანამ ამ  წრთობაში სულ არ გამოვილევით და  ამ   ”გეფესტების ”  არეულ ცოდნას არ შევეწირებით ბოლომდე...