ვემზადები შვებულებისთვის - კვირის პალიტრა

ვემზადები შვებულებისთვის

კიდევ კარგი, ჩემი შვებულების დროც მოვიდა... დავწერე განცხადება, ხელიც მომიწერეს... სასწრაფოდ ვაგვარებ დარჩენილ საქმეებს და მინდა დროზე გადავერთო  სხვა ტალღაზე, თორემ რაღაც არ მომწონს ჩემი თავი...

ისეთი დაღლილი ვარ, რომ აღრენილიც ვარ,  არეულ-დარეული და  ცოტა დეპრესიულიც... თითქოს არაფერი არ მინდა... მგონი რაღაც მეცნიერული სახელიც აქვს ამ სინდრომს, სადღაც გადავაწყდი ოდესღაც , მაგრამ სახელს ახლა ვერ ვიხსენებ...

ჯანდაბას ამ სახელს, მთავარია, ცოტა გემო დავიბრუნო, საყვარელი საქმის და ადამიანებისაც.... ამას კი რამდენიმე აუცულებელი რამ სჭირდება - წყალი, მზე და წიგნი... პირველი ორი იქნება, ამიტომ ახლა წიგნების არჩევით ვარ დაკავებული, ვეძებ ისეთებს, რომ Ipad-ში გადმოვწერო და წაღების პრობლემაც მოვიხსნა.... პირველად ვაკეთებ ამას, რა გასაკვირია- Ipad-ი პირველად მაქვს და სამსახურის მთელი კომპ-გონი ჩავრთე,  რადგან  მე არაფერი გამეგება ამ ინსტალირება-დაფორმატებისა.... გადმოსაწერებს  ვარჩევ და თანაც ვკითხულობ....მიშო ჯადოქრობებს ატარებს, რომ ეს ყველაფერი ჩემთან მოხვდეს...

მართალია, უკვე ათასჯერ გავიმეორე, მე ნამდვილი წიგნი მიყვარს-მეთქი, მაგრამ ეტყობა, ამ  სიყვარულიც დავიწყებაც უნდა  ვცადო... ბევრი დავიწყება კი გამოვიდა, თუ ყველას გავიხსენებთ... რაღაც, რომ მიდის, მაინც სევდიანია ეს....

ჰო და ამ ძებნაში ერთ მშვენიერ ტექსტს გადავაწყდი, მინდა დაგიტოვოთ სანამ შვებულებიდან დავბრუნდები... და იმედია, ეს პატარა ნაწყვეტიც და სხვა ყველაფერი ერთად მომეხმარება... რომ ცოტა ახალი გავხდე.... და ხალისიც დავიბრუნო...

შეხვედრამდე....  და აი ეს კი საჩუქრად

მარიო ვარგას ლიოსა - კითხვის ჩვევისა და ლიტერატურისადმი პატივის მისაგებად

კითხვა ხუთი წლის ასაკში ვისწავლე, მამა ხუსტინიანოს კლასში, დე ლა სალის აკადემიაში, რომელიც კოჩაბამბაში, ბოლივიაში მდებარეობს. თუკი რამ შემმთხვევია ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, სწორედ ეს იყო. ლამის სამოცდაათი წლის თავზეც მკაფიოდ მახსენდება, რა ჯადოსნობა იყო მაშინ წიგნში ამოკითხული სიტყვების გადაქცევა სახეებად, რომლებიც ცხოვრებას მიმდიდრებდნენ და დროის და სივრცის წინაღობას ტეხდნენ. მათი წყალობით გამივლია კაპიტან ნემოსთან ერთად ზღვის ქვეშ ოცი ათასი მილი, დარტანიანთან, ათოსსთან, პორთოსთან და არამისსთან ერთად დედოფლის წინააღმდეგ ჩუმჩუმელა რიშელიეს წამოწყებულ ინტრიგებს შევწინააღმდეგებივარ, პარიზის მიწისქვეშეთიც მომივლია, ჟან ვალჟანადაც ვქცეულვარ და მარიუსის უსიცოცხლო სხეული საკუთარი ზურგით მიტარებია.

კითხვა ოცნებებს ცხოვრებად აქცევდა, ცხოვრებას - ოცნებად, და იმ პატარა ბიჭისთვის, ოდესღაც მე რომ ვიყავი, ლიტერატურით ნაშობ სამყაროს მისაწვდომს ხდიდა. დედაჩემი მიამბობდა, თურმე ჩემს პირველ ნაწერებში იმ ამბებს ვაგრძელებდი, წიგნებში რომ ვკითხულობდი, რადგან ამბის დასრულება სევდას მგვრიდა, ან, შესაძლოა, წიგნის დაბოლოების შეცვლა მსურდა. და, ახლა რომ ვფიქრობ, გაუცნობიერებლად, როგორც სჩანს, მთელი ცხოვრება ეს მიკეთებია და ახლაც ამას ვაკეთებ: გავიზარდე, მოვწიფდი, მერე დავბერდი, და მთელი ეს წლები დროში ვაგრძელებ ამბებს, რომლებიც ჩემს ბავშვობას ეგზალტაციით და ფათერაკების მაძიებლობის ჟინით ავსებდნენ.