წერილები რომელიც უნდა დაწერო…. სანამ ცოცხალი ხარ.... - კვირის პალიტრა

წერილები რომელიც უნდა დაწერო…. სანამ ცოცხალი ხარ....

სამი წლის წინ ედინბურგში დაიწყო ეს ამბავი...

ედინბურგის ფესტივალს უფრო თეატრალურით ვიცნობთ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი თემაა... იქ სხვა არანაკლებ საინტერსო რამეები ხდება...  და ერთ-ერთი წიგნის ფესტივალია... აქ გადავაწყდი ამ პროექტს,  ”50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ გარდაიცვლები”  იქაურს ასეთი სახელი აქვს...

იდეაზე გავგიჟდი და ... იქვე შემიყვარდა, ამიტომ არის ჩემთვის ასეთი  ძვირფასი....

ორგანიზატორებს შევხვდი და წამოვიღე... ჩვენთან დიდი ახსნა - მტკიცება არ დამჭირდა...  და როგორი მადლობელი ვარ ამისთვის... (იქნებ ეს ერთ-ერთი წერილის თემაა?)... მადლობელი ადამიანების, რომლებმაც ეს პროექტი გაიზიარა, გააცოცხლა და ჩემსავით იშვილა....

როგორც წესი, ჯერ გამოკითხვა იყო...  წერილებითაც  ავივსეთ და ეს დღესაც გრძელდება...  7 თვის შემდეგ  დაიწყო ”პალიტრა L”-მა,  ამ მართლაც სახალხო პროექტში დასახელებული  წიგნების გამოცემა, რომელსაც ცოტათი გავუკეთილშობილეთ სახელი... .”სანამ გარდაიცვლები” – ”სანამ ცოცხალი ხარ”-ით შევცვალეთ... თქვენც შეგაყვარეთ... ერთად გადავიქეცით გულშემატკივრებად და მომლოდინედ... თქვენ გვწერთ, გვიზიარებთ მოსაზრებას -  ჩვენ კი გვინდა შეძლებისამებრ ავყვეთ თქვენ სურვილებს....

უკვე ბოლო 10-ეული დარჩა და + მთავარი წიგნი ”ბიბლია”... რომელიც მართლაც ყველაზე დასახელებული წიგნი იყო, მაგრამ გადავწყვიტეთ მაინც იმ 50-ზე მაღლა დაგვეყენებინა ან ცალკე გამოგვეყო...  ამიტომ იქნება 50-ის პროექტში, წიგნების წიგნი...   პროექტის გვირგვინად!

მოკლედ არ ვიცი,  ეს უბრალოდ დამთხვევაა, თუ რატომ გაჩნდა ამის შემდეგ  ამდენი მსგავსი სახელი?... 100 ფილმი რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ...1000 ლექსი რომელიც უნდა იცოდე...  10000 ფოტო, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ და კიდევ ბევრი მსგავსი რამ... ესეც გამოკითხვებით და წერილებით....

წერილები?

ჰო.... და  ეს შეიძლება ერთ დღეს მოხდეს...

გითხრან, რომ სამწუხაროა, მაგრამ იცოცხლებ მხოლოდ  ერთ წელს ან სულაც  რამდენიმე  თვე დაგრჩა.... რა დატრიალდება?... ნეტავ რას იზამ?... საქართველოს მოივლი?... შორს დაიკარგები?... ძალიან მარტივად, რაღაც გემრიელი საჭმელების სიას ჩამოწერ და ყველაფერს გასინჯავ?...  დიდი ხნის დაკარგულ ადამიანს მოძებნი?...  იქნებ ვინმეს რამე უნდა დაუტოვო?...

და იქნებ ვინმესთვის მართლაც  მთავარი წერილი გაქვს მისაწერი?... აკვიატებული საფიქრალი გამიჩნდა... ერთი?...  არა... ბევრი ალბათ...  აქ კი ვერაფერს ვიტყვი - რამდენი.... ვიღაცისთვისაა მადლობა გადასახდელი, ბოდიში მოსახდელი, სიყვარული გასამხელი... ღმერთო რამდენი რამ  მქონია სადღაც ჩამალული და ძვირფასი...

ნამდვილად, ასეა!  წერილები მაქვს დასაწერი... მოგონებების სკივრი გავხსენი და დღეებსაც დავუდარაჯდი....  ადრესატებს ვარჩევ და იმ მთავარზე ვფიქრობ, რაც  ვინმეს დავაკელი ან ვერ ვუთხარი...

ვაგროვებ, სათქმელს, რომელიც მათთვის მართლა   სათქმელი  მაქვს...

სანამ ცოცხალი ვარ...