14 ოქტომბერს უფლის კვართის სურნელი მოეფინება სრულიად საქართველოს
12-10-2009

ეს საკვირველებანი პირველ საუკუნეში აღესრულა
მცხეთა - ადგილი, საიდანაც იწყება ქრისტიანობის ისტორია საქართველოში და რომელსაც უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. მცხეთაშია დაფლული ქრისტიანულ სიწმიდეთა შორის უდიდესი - ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოდ წოდებული უფლის კვართი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ბრძანებს: ,,განუყოფელი კვართი უფლისა უდიდეს ძალას ანიჭებს ქართველ ერს და უდიდესი ღვაწლისკენაც მოუწოდებს. კვართის განუყოფლობა სიმბოლოა ადამიანთა შორის ერთობისა და ღმერთთან უწყვეტი კავშირისა. ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის ამ დაუშრეტელმა წყარომ
გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე. საქართველო, როგორც მფლობელი საკაცობრიო მნიშვნელობის სიწმინდისა, მოწოდებულია არა მარტო თვითონ იყოს განუყოფელი და მთლიანი ქვეყანა, არამედ სხვა ერებსაც მისცეს მაგალითი ერთიანობისა". ,,ქალაქი მცხეთა განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა", - მოგვითხრობს ,,ქართლის ცხოვრება". მცხეთაში უფლის კვართზე ამოზრდილი კვიპაროსი, ნაძვი ლიბანისა, გადაიქცა ნათლის სვეტად,
სულიერ, მარადიული სიცოცხლის  მომნიჭებელ ცხოველმყოფელ სვეტად და სიმბოლოდ ღვთაებისა. რისი სიმბოლოა მცხეთა, რა სიბრძნეა ჩადებული ამ უფლისგან გამორჩეულ ქალაქში, რაზე მოგვითხრობენ მასში დავანებული სიწმინდენი... ყველა ამ და სხვა კითხვებზე პასუხს იპოვით ჟურნალ "კარიბჭის" ახალ (#20) ნომერში, მთავარი თემით - გული ქართლისა. გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალიდან:

- საქართველოს ქრისტიანობაზე მოქცევა სწორედ მცხეთასთან არის დაკავშირებული. აქ მოღვაწეობდა წმინდა მოციქულთასწორი ნინო განმანათლებელი, აქ მოხდა ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რამაც ხელი შეუწყო შემდგომში ქართველი ერის გაქრისტიანებას. ეს, რაღა თქმა უნდა, არ გახლდათ შემთხვევითი. როგორც ჩვენი საეკლესიო გადმოცემა გვამცნობს, ღვთის განგებით, წმ. ნინოს საქართველოში ჩამოსვლას ბევრად უფრო ადრე წინ უძღოდა მცხეთელი ებრაელის - ელიოზის მიერ მაცხოვრის კვართის ჩამოტანა. უფლის განგებით, მღვდელი ელიოზი იერუსალიმში მაცხოვრის ჯვარცმას ესწრებოდა, როგორც ერთ-ერთი  წარმომადგენელი მცხეთელი ებრაელობისა. უფლის ჯვარცმისას მხედრებმა მაცხოვრის სამოსი ოთხ ნაწილად გაყვეს, უკერველ კვართზე კი წილი ყარეს და განგებამ ეს კვართი სწორედ მცხეთელ ელიოზს შეახვედრა - ის ღვთის ნებამ ღვთისმშობლის წილხვედრ იბერიას არგუნა. ელიოზმა ეს უდიდესი სიწმიდე მცხეთაში ჩამოიტანა. მისმა დამ - სიდონიამ იგი გულში ჩაიკრა და დიდი მღელვარებისაგან მაშინვე აღესრულა და კვართი მკერდში ჩაკრული დარჩა. მიცვალებულის მკერდიდან მისი გამოხსნა ვერ შეძლეს. აქაც ვლინდება ღვთის საკვირველი განგებულება. ალბათ, მომავალში გაცხადდება, თუ რატომ ინება ღმერთმა კვართის დაკრძალვა ქალწულ სიდონიასთან ერთად.
ეკლესიის უძველესი გადმოცემით, წმინდა სიდონია მეორედ მოსვლის დროს კვართით ხელში შეეგებება მაცხოვარს. ეს საკვირველებანი პირველ საუკუნეში აღესრულა. კვართის დაკრძალვის ადგილას კი დღეს, სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარია აღმართული.

აქ გამთლიანდა ზეცა და დედამიწა საქართველოში
სვეტიცხოვლის ღირებულებას, მის ღირსებას ოდითგანვე მისი სიწმინდენი განსაზღვრავდა. არსად სხვაგან არ არის კვართი უფლისა - სვეტიცხოველში დავანებული ეს უდიდესი სიწმინდე. ამიტომაც გასაკვირი არ არის ის, რომ თუკი რაიმე მნიშვნელოვანი მოხდებოდა ერის ცხოვრებაში, იგი აუცილებლად დაუკავშირდებოდა ყველაზე წმინდა ადგილს საქართველოში - სვეტიცხოველს. აქ გამთლიანდა ზეცა და დედამიწა საქართველოში. საგალობლებში ცხოველმყოფელ სვეტს ასე შეასხამენ ქებას: ,,ზეცისა და ქვეყნის შემაერთებელოო". ცოდვამ დედამიწა ზეცას დააშორა და მაცხოვარი მოვიდა, რათა ეს სიშორე სიახლოვედ შეეცვალა და ადამიანი ზეცად აღემაღლებინა. ხოლო ეს გამთლიანება ზეცისა და დედამიწისა, მოხდა სწორედ აქ, მცხეთაში, სვეტიცხოვლის მახლობლად. ეს არის მართლაც შეუცვლელი და მიუღწევადი სიწმინდე. ვერც ერთი ტაძარი, ცამდეც რომ იქნეს აზიდული, ვერ მიაღწევს და ოდნავადაც ვერ მიეახლება იმ მადლსა და სიკეთეს, რაც სვეტიცხოველში არის დავანებული. ამიტომაც ხდებოდა და კვლავაც ხდება აქ ჩვენი ერისთვის ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა მეფედ კურთხევა და პატრიარქის აღსაყდრება. ის კი არა, ეპისკოპოსად კურთხევაც, ძველი ტრადიციის თანახმად, მხოლოდ სვეტიცხოველში ხდებოდა. ეს ასეც უნდა იყოს. აუცილებლად აქ უნდა დაილოცოს მწყემსი ეკლესიისა. ეს დალოცვა უნდა მოხდეს უფლის იმ მადლითა და ძალით, რომელიც ისევ და ისევ მაცხოვრის კვართთანაა დაკავშირებული. და საერთოდ ამ მადლით უნდა მოხდეს საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის დალოცვა. უფლის კვართზე აღმართული სვეტიცხოველი ყოველთვის ერის სულიერი ერთობის განსახიერებად განიცდებოდა. სწორედ ამიტომ 1917 წლის 25 მარტს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა სწორედ აქ გამოცხადდა. ქართველებისთვის სვეტიცხოველი იყო და დარჩება უპირველეს ტაძრად ტაძართა შორის.

ზეციური პატარძალი
მირონის მომზადებისა და  კურთხევის პატივი, უფლება საქართველოში  მხოლოდ და მხოლოდ სვეტიცხოველს აქვს. ეს პატივი მას მე-9 საუკუნის შუა ხანიდან მიენიჭა. სვეტიცხოველი არის საფუძველი ქართული ეკლესიური აზროვნებისა. აქედან განეფინა ქრისტიანობა საქართველოს. ასე მგონია, ყველა ქართული  ეკლესია მაინც იქით იყურება, სვეტიცხოვლისკენ, იქ ეგულება მშობელი დედა. მგონია, რომ იგი დედა ღვთისმშობელსაც განასახიერებს. ნიკოლოზ კათალიკოსს მიძღვნილი აქვს შესანიშნავი საგალობლები, ცხოველმყოფელი სვეტისადმი, სადაც სვეტიცხოველი ზეციურ პატარძლად მოიაზრება. ასეთი დიდებით შემოსა იგი ღმერთმა. ეს ჩვენი ერის გადარჩენისთვის იყო დაშვებული ღვთისაგან. ამ სიწმინდით უნდა მოხდეს ქართველთა გადარჩენა.

მანანა ჯანელიძე
mama andria skhiladze
19 ნოემბერი 2009 19:27
მოგესალმებით! .ასეთი ეროვნული და ამაღლებული სულისკვეთებით განმსჭვალული სტატიები გეწეროთ ქ-ნო მანანა. დიდი მადლობა თქვენ და თქვენ თანამოღვაწეთა გუნდს.დაგლოცავთ და გისურვებთ წარმატებას მომავალში.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?