"ჩვენ ავაშენებთ ტაძარს - ერის ავტოპორტრეტს!" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ავაშენებთ ტაძარს - ერის ავტოპორტრეტს!"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საგანგებოდ ამ პროექტის განსახორციელებლად, 2011 წლის 14 სექტემბერს დაფუძნდა ტაძრის მშენებლობის ფონდი "ივერიისა".

ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე www.iveriisa.geგამოქვეყნდება იმ ადამიანთა სახელები, ვინც გაერთიანდება აქციაში და ვის სახელზეც თანხას შესწირავენ მათი ახლობლები

"ამ ტაძარს ღმერთი აშენებს ჩვენი მონაწილეობით"

2011 წლის 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  მახათას მთაზე აკურთხა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მთავარი ტაძრის საძირკველი.  საქართველოს სულიერმა მწყემსმა ამ ტაძარს უწოდა საქართველოს ავტოპორტრეტი,  მშენებლობა კი შეაფასა, როგორც ისტორიული მოვლენა, რადგან ტაძარს ერთად ააშენებენ საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები ქართველები.

ისტორიულ მშენებლობაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მშენებლობის ანგარიში საქართველოს ყველა მოქმედ ბანკშია გახსნილი. საკმარისია, ერთხელ მიხვიდეთ ბანკში, დარეგისტრირდეთ, როგორც აქციაში მონაწილეობის მსურველი და ბანკს მისცეთ ავტომატური დავალების შესრულების უფლება. ამის შემდეგ ანგარიშიდან თვეში ერთხელ ავტომატურად ჩამოგეჭრებათ წინასწარ მითითებული თანხა და გადაირიცხება ტაძრის მშენებლობის ანგარიშზე. ამჟამად ისტორიულ მშენებლობაში 123000 ადამიანია გაწევრებული. ისინი ტაძრის ასაგებად ყოველთვიურად რიცხავენ განსაზღვრულ თანხას. უნიკალურია თანხის ჩარიცხვის პრინციპიც - ყოველთვიურად მილიონიც რომ გაიღოთ, თქვენი სახელით მხოლოდ 1 ლარი ჩაითვლება. ცხადია, თქვენი გაღებული თანხა სრულად ჩაირიცხება ტაძრის ანგარიშზე, მაგრამ ამ ფულით თქვენ  მშენებლობაში მონაწილეობის საშუალებას მისცემთ თქვენს უახლოეს ადამიანებს და უცნობებსაც კი, ვისაც თქვენსავით სურს, მშენებლობას შეეწიოს, მაგრამ უპოვარია და საამისო სახსრები არ გააჩნია.

მთავარი ტაძრის არქივში დაცული იქნება ორი წიგნი - ცოცხალთა და გარდაცვლილთა, სადაც ჩაიწერება ტაძრის აღმშენებელთა სახელები. ტაძრის ასაშენებლად შესაწირი შეგიძლიათ თქვენი მიცვალებულების სახელითაც გაიღოთ.

უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის ჩართულია სპეციალური მომსახურება. მათ თანხის გადარიცხვა შეუძლიათ საკრედიტო ბარათით ფონდ "ივერიის" ვებგვერდის საშუალებით.

იმისათვის, რომ შესაწირის გაღებამ მასობრივი ხასიათი მიიღოს, დაარსდა ქტიტორთა სათათბირო,  რომლის დახმარებით საზოგადოებას შეხვდებიან ცნობილი ადამიანები და ხალხს აუხსნიან, რა მნიშვნელობა აქვს ტაძრის მშენებლობაში სრულიად საქართველოს მონაწილეობას.

1-ელ დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში ქტიტორთა სათათბირო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  ილია მეორემ დალოცა. შეხვედრას დაესწრო პაატა ბურჭულაძე, რომელიც პატრიარქის დავალებით და ლოცვა-კურთხევით სათავეში ჩაუდგა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის პროექტს.

პაატა ბურჭულაძე: - ამ ტაძარს ღმერთი აშენებს ჩვენი მონაწილეობით. უკვე 123000 კაცია  გაერთიანებული აღმშენებელთა რიგებში. ეს ბევრიც არის და ცოტაც. ამიტომ მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის მიზნით ჩვენ შევქმენით ქტიტორთა სათათბირო, რომლის წევრები არიან: გურამ დოჩანაშვილი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ლია სტურუა, ნინო ქაჯაია, ლევან კოღუაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, კოტე ჯანდიერი, ნინო სუხიშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, ელდარ შენგელაია, ნიკოლოზ რაჭველი (მემანიშვილი) - იმ ადამიანთა ნაწილი, რომელთაც ხალხი ენდობა.  ერს უნდა ვამცნოთ, რომ აშენდება ჩვენი სულიერი ნავსაყუდელი და ამაში ყველა ქართველი მიიღებს მონაწილეობას. ჩავალთ ეპარქიებში, სოფლებში, რათა ყველამ იცოდეს, რომ შეუძლია მშენებლობაში მონაწილეობის მიღება. მერე რა, თუ ვინმეს ფული არ აქვს და ათ თეთრსაც ვერ გაიღებს - მას ეცოდინება, რომ მისი სახელით სხვა შესწირავს ფულს ტაძარს, ის კი ილოცებს როგორც ტაძრის ასაშენებლად, ისე იმ ადამიანისთვის, ვინც მისი სახელით ფულს გაიღებს. წარმოიდგინეთ, რამხელა სიყვარულის ჯაჭვი შეიკვრება. ამ სიყვარულმა უნდა ააშენოს ისეთი ტაძარი, სადაც დედა  სიამაყით შეიყვანს შვილს და ეტყვის, რომ ეს ერმა ააშენა. ამ მისიას ჩვენი ფონდი შეასრულებს. ჯერჯერობით ორი მილიონი ლარი გვაქვს, ეს დასაწყისისთვის კარგი თანხაა... 17 აპრილს დაიწყება მშენებლობა.”

ლაშა თაბუკაშვილი: - “ამ ისტორიულ მშენებლობაში საკრალური მომენტებიც არის. შენდება, რათა დაბრუნდეს ჯვარი და ხატი ათონიდან. ძალიან სახიფათოა, როდესაც ჩვენ ვიშველიებთ ფრაზას, რომ ვართ მარიამის წილხვედრი  ქვეყანა და ვერ ვხვდებით, როგორ შეიძლება მოგვეთხოვოს პასუხი, თუ სულიერად და ზნეობრივად მზად არ დავხვდით ხატის დაბრუნებას. ანუ ჩვენ

მხოლოდ მახათას  მთაზე კი არ უნდა ავაშენოთ ტაძარი, არამედ თითოეულ ჩვენგანში უნდა აშენდეს ტაძარი ისე, რომ ღირსი ვიყოთ ივერიის ღვთისმშობლის ხატის დაბრუნებისა.

შემოწირულობათა მიღების ეს სქემაც ამას ემსახურება.  როგორც საერო, ისე სასულიერო პირები უნდა გავიდეთ ხალხში და ერი ავტოპორტრეტის შესაქმნელად შევკრათ. ტყუილად ხომ არ უწოდა პატრიარქმა "ერის ავტოპორტრეტი" ამ ტაძარს.”

შეხვედრაზე უწმინდესმა ისაუბრა იმაზეც, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ საქმეში უცხოეთში მცხოვრები ქართველების მონაწილეობა, რათა მათ იგრძნონ, რომ ჩვენთან ერთად არიან და რომ ერთად ვაშენებთ ტაძარს. "ემიგრაციაში მყოფი ქართველები კითხულობენ, ჩვენ გვიყვარს საქართველო და რა გავაკეთოთ მისთვისო. სამშობლოსაც უნდა უყვარდეს ისინი, სამშობლოც უნდა გაუფრთხილდეს მათ. ძალიან იოლად ვუშვებთ ნიჭიერ ადამიანებს უცხოეთში. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. ახლაც, მოსკოვში რომ ვიყავით, მთელი სართული სავსე იყო ქართველებით, თავი თბილისში მეგონა. ისეთი გრძნობა დამრჩა, მათ ეგონათ, რომ დავიწყებული არიან," - ბრძანა პატრიარქმა.

მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ იწერება ტრიპტიხი, ხატი, რომელსაც ეწოდება "საქართველოს იმედი". ის ხახულის ღვთისმშობლის ხატზე დიდი იქნება, შესრულდება მინანქრით და შეიმკობა ოქროთი.

სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე.