ისინი ზეციური საქართველოდან აკურთხებენ შთამომავალთ - კვირის პალიტრა

ისინი ზეციური საქართველოდან აკურთხებენ შთამომავალთ

საქართველოს იმედი

კალოუბანს მოწყვეტილი უასაკო ყრმები თუ რვა საუკუნის შემდეგ იმავე ადგილას ზვარაკად შეწირული ცხრა აპრილის გმირნი, მეტეხის ხიდთან წამებული ასი ათასი ქართველი და მამანი და დედანი, რომელთა სახელიც მხოლოდ ღმერთმა იცის, დაგვყურებენ ზემოდან, გვაკვირდებიან - ეგებ ვისწავლეთ რაიმე მათგან?!"და არა მარტო გვაკვირდებიან, უხილავად  შეგვეწევიან კიდეც". ეს აზრი არის გადმოცემული ახალშექმნილ მომინანქრებულ ხატში - "საქართველოს იმედი", რომლის შექმნის იდეაც ჩვენს დიდ პატრიარქს ილია მეორეს ეკუთვნის და მალე დასრულდება. პატრიარქის სურვილია, ამ ხატის ასლი ყველა ოჯახში იყოს დაბრძანებული....

19 დეკემბერს ნიკოლოზობაა, 25 დეკემბერს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებისა და ჩვენი უწმინდესი პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. 24 დეკემბერს ჩვენი ეკლესია მოიხსენიებს ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა დედათა და მამათა, ანუ იმ უსახელო უფლისციხელებს, რომელთა ძვლებზეც აგებულია საქართველო. გავიხსენოთ, როგორ უყვარდათ ჩვენს წინაპრებს ქრისტე და სამშობლო.

...სულ მცირე, ათასი წლის წინათ, სინას მთაზე ღირს მამას, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი შეუმოსავს და ზედ წაუწერია: "ქრისტე, შეიწყალე მიქაელ და მიქაელ, გაბრიელ, კვირიკე, გიორგი, იოანე-ზოსიმე და ყოველნი ძმანი და ყოველნი ქრისტიანენი და უფროის ყოველთასა-ყოველნი ქართველნი".

...ქრისტესა და მამულისთვის წამებული პირველი ცხებული მეფეა წმინდა არჩილი. მან სარკინოზთა წინაშე უშიშრად აღიარა მაცხოვარი. უღმერთოებმა კადნიერად გაიყვანეს გარეთ "წმიდაი იგი ვერძი... ჭეშმარიტად მსხვერპლი ცოდვათათვის სამეფოისა თვისისა, ჭეშმარიტად მსხვერპლი მითუალული ზეცისა საკურთხეველად და წარკვეთეს სამღვდელოი თავი მისი". მეფის წმინდა ცხედარი პატივით დაკრძალეს ნადოკრაში, მისსავე აშენებულ ტაძარში.

...წმინდა მეფე ლუარსაბს კი მშობლიური მიწაც არ ეღირსა. შაჰ-აბასს ის შვიდი წელიწადი ჰყავდა დილეგში დამწყვდეული და სჯულის დატევებას აიძულებდა. როცა შაჰი დარწმუნდა ქართველის უდრეკობაში, მისი წამებით მოკვდინება ბრძანა. წმინდა მეფემ სიკვდილის წინ ლოცვის უფლება ითხოვა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სამშობლო, ოჯახი, საკუთარი თავი შეავედრა... "შემდგომად მოიღეს მტარვალთა საბელი მშვილდისაი და მოაშთვეს ტარიგი ღვთისა".

...წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი ბრძოლაში მიღებული წყლულებით გარდაიცვალა. ღმერთმა "გვირგვინი წამებისა" დაადგა მას, ხოლო ერი "ჰნატრიდა მეფეს, რამეთუ ქრისტესთვის მოიკლა".”

...მეფე დემეტრეს ყაენის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობა დასდეს ბრალად და ურდოში დაიბარეს. იქ მისვლა უცილობელ სიკვდილს ნიშნავდა. დარბაზმა სთხოვა, თავი გადაერჩინა, მაგრამ გვირგვინოსანმა მშვიდად მიუგო: "მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი კლვად, უღონო არიან და არასადა აქუნ ნუგეშისცემა... დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა და არა დავიშლი ურდოს წასვლას".

სიკვდილის წინ ილოცა მეფემ, მიიღო წმინდა ზიარება და სული უფალს შეავედრა... მოულოდნელად მზე დაბნელდა, უკუნი ჩამოწვა. ვერც ამ ცხადმა სასწაულმა მოიყვანა გონს მონღოლნი... კათოლიკოსმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს წამებული მეფის ნეშტი, თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს და სვეტიცხოველში”დაკრძალეს, მაგრამ მისი წმინდა საფლავიც ჩვენი უგულისხმობით დაგვეკარგა.

...წმინდა ქეთევან დედოფალმა ათი წელი იტანჯა შაჰის "საპატიო" ტყვეობაში, მარხვითა და ლოცვით, მღვიძარებით იძლიერებდა სულს და განილევდა სხეულს. არ დაუთმო ბოროტს, მაგრამ არც რწმენა უარყო და არც შაჰის ცოლობას დასთანხმდა.

თავისი უდრეკი სული დადო დედოფალმა უფლისა და მის მიერ მიბარებული ერისთვის.

...წმინდა დავით აღმაშენებლის, წმინდა თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ალექსანდრე დიდის, ერეკლე მეორისა და სხვათა ცხოვრებაც ღვთისა და მამულის სამსახურში გაილია და აწ ზეციური საქართველოდან აკურთხებენ შთამომავალთ.

...მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი 1993 წლის 5 ივლისს  დახვრიტეს. მამა ანდრიას კისერში ესროლეს... ნაცვლად იმისა, რომ პირქვე დავარდნილიყო, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ზურგზე დაეცა, თავი სიკვდილის წინაც არ მოუდრიკა მკვლელებს. სისხლი ოცი წუთი ნაკადულივით მოედინებოდა მისი ნაწამები სხეულიდან და მერეც, დაკრძალვამდე, მთელი სამი დღე, არ შედედებია. სახეზე მკრთალი ღიმილი შერჩენოდა.

...იპოდიაკონ გიორგი (იური) ანუას წმინდა ვასილისკოს წყაროსთან ერთი დღე-ღამე აწამებდნენ - სცემდნენ, ესროდნენ, დაჭრეს, ბოლოს ხეზე დაკიდეს და ტყვიით განგმირეს.

"სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული - სამშობლოს, ხოლო სხეული დე, თქვენი იყოს, მტარვალნო!" - წმინდა ამბროსი ხელაიას ეს ისტორიული სიტყვები სიმბოლოა იმდროინდელ ქართველთა სარწმუნოებისა. "ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს, როგორც მორწმუნე, ვიტყვი - იყოს ნება ღვთისა!" - ესეც წმინდა ამბროსი ხელაიას მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვებია.

...რუსმა ჯარისკაცებმა 1820 წლის 4 მარტს შეიპყრეს ქართველი მღვდელმთავრები - დოსითეოს ქუთათელი, ექვთიმე გაენათელი და არქიმანდრიტი გრიგოლი. თავზე ტომრები ჩამოაცვეს, ხელები ზურგს უკან შეუკრეს და სცემეს. მიტროპოლიტი დოსითეოსი შესწინააღმდეგებია და ხიშტებით დაუჩხვლეტიათ. გასისხლიანებული და ხელებშეკრული დასვეს ცხენზე და სურამიდან გორის გზას გაუყენეს. შუა გზაში დოსითეოსი გარდაცვლილა და ჩუმად დაუკრძალავთ ანანურის ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატის წინ... წმინდა ექვთიმე გაენათელი და არქიმანდრიტი გრიგოლი ნოვგოროდში წაიყვანეს. იმპერატორი ალექსანდრე I დიდი პატივით დახვედრია წმინდა ექვთიმეს, მაგრამ მღვდელმთავარი არ მორიდებია და საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისთვის, სამშობლოს დამცველთა წამებისთვის მისთვის "ახალი ნერონი" უწოდებია, რისთვისაც სვირის მონასტერში გაუგზავნიათ. წმინდა მღვდელმთავარი 1822 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა. ერთი გადმოცემით, ის ღამით ბალიშით დაუხრჩვიათ. წესის აგებისას მღვდელმთავარი წამოდგა კუბოში, იქ მყოფნი მარჯვენა ხელით აკურთხა, და კვლავ  მიიძინა. ყველა შიშმა შეიპყრო, უფრო მეტად რუსები დაფრთხნენ და არ გაამჟღავნეს ეს ამბავი. მღვდელმთავრის გარდაცვალებამდე არქიმანდრიტ გრიგოლს ჩვენება უხილავს - წმინდა ექვთიმეს მისთვის უთქვამს: "ჰე, აღვფუვდი მე, ავღორძინდი მე, განვახლდი მე". 2005 წლის 9 აპრილს წმინდა ექვთიმეს ნაწილნი გელათში დაიკრძალა. 8 აპრილს, როცა წმინდა ექვთიმეს ნეშტი სამღვდელოებამ და უამრავმა ხალხმა "წმინდაო ღმერთოს" გალობით გელათის მონასტერში გადაასვენა ქუთაისის ხარების ეკლესიიდან, აღესრულა სასწაული: მზეს გარს ცისარტყელა შემოეჭდო, თუმცა იმ დღეს არ უწვიმია. 2005 წელსვე ორივე წამებული საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

რამდენიმე წლის წინ ზაზა დამენიას გმირობის ამბავი შევიტყვეთ. ის ხელყუმბარას გადაეფარა და  თანამებრძოლები გადაარჩინა. ამ ამბავმა იმედი ჩაგვისახა, თითქოს ძველი საქართველო დაგვიბრუნდა. ჩანს, ჯერ კიდევ ხმაურობს ქართული სისხლი, ჯერ კიდევ არ გაწყვეტილა ჩვენში ძარღვი მამულიშვილობისა. უფალსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჯერ კიდევ ჰყავს ერთგული შვილები, რომელთაც ამ დროების კერპებს მუხლი არ მოუყარეს, მზად არიან, დაიხოცონ საქართველოსთვის. ღმერთმა აკურთხოს მათი სიცოცხლე, სიცოცხლე ქრისტეს სამსხვერპლო ვერძებისა!