ეს დიდი ზეიმია... - კვირის პალიტრა

ეს დიდი ზეიმია...

თუ დაფიქრებულხართ, რატომ ვზეიმობთ ყოველწლიურად პატრიარქის აღსაყდრების წლისთავს? ეს უბრალო თარიღი არ გახლავთ და მოიცავს დაუღალავი ლოცვის, აღმშენებლობის, გამჭრიახი და სულიერი პოლიტიკის ათეულ წლებს.ამ წლების ყოველი მომდევნო დღე ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს იყო ერის სულიერ გადარჩენასთან, ვიდრე წინა. ცხადია, საცდურიც და განსაცდელიც იმატებდა - სულიერ წინსვლას ყოველთვის ახლავს გამოცდა, ამიტომ ეს გასაკვირი არ არის. 1977 წელს, როდესაც საპატრიარქო ტახტზე უწმინდესი და უნეტარესი ილია II დაბრძანდა, საქართველოში 48 ეკლესია მოქმედებდა, ქვეყანაში 40-მდე სასულიერო პირი იყო; ეკლესიური ცხოვრება "იატაკქვეშეთში" მიმდინარეობდა; საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას თავისუფლება წართმეული ჰქონდა... საპატრიარქო ტახტზე საუკუნეთა მიჯნაზე და კომუნისტური მარწუხებიდან გათავისუფლებული, დაქუცმაცებული ქვეყნის შვილების წინამძღვრობა დააკისრა განგებამ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. მისი მოღვაწეობის დროს ნაბიჯ-ნაბიჯ 42 ეპარქიაში გაიხსნა ახალი ეკლესიები და ძველ ტაძრებში წირვა-ლოცვა განახლდა.

უკვე 34-ე წელია, ისევ სიხარულითა და ლოცვით ხვდებიან მორწმუნე მართლმადიდებლები მისი აღსაყდრების დღეს. საგანგებოდ ამ დღისთვის, 25 დეკემბერს, კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდი დიდ საკონცერტო დარბაზში მართავს გალა-კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული საშემსრულებლო ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლები. კონცერტზე აჟღერდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია IIII-ის მუსიკალური ნაწარმოებები კირიე ელეისონი, ავე მარია, სანცტუს, ხოლო დასასრულს - მისი ახალი ქმნილება Agnus Dei.

კონცერტის მხარდამჭერები არიან სს "თბილისი", კომპანია Flowers.ge, კომპანია  Piligrim Tours, მედიაპარტნიორები საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელევიზია "ერთსულოვნება", რადიო "მუზა", რადიო "ივერია" და "პალიტრამედია". ბილეთები იყიდება დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში.

პატრიარქის აღსაყდრების 34-ე წლისთავთან ერთად ვზეიმობთ თითოეული საძირკვლის გაჭრას, რომელიც ამ 34 წლის მანძილზე ეკლესიის ასაშენებლად მოიაზრა ქართველმა კაცმა, თითოეული ტაძრის სიჩუმეში ჩაძირულ კედლებში ლოცვის აღვლენა-განახლებას, თითოეულ ქვის დადებას ლიბოდ და კედლების ამოსაყვანად... ვზეიმობთ თითოეულ გადარჩენილ სულს, იმ ბავშვების წინსვლას, რომლებიც უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევით ქუჩას არ დაუთმეს და მისი პატრიარქობის პერიოდში გახსნილ სასულიერო სასწავლებლებში მიიღეს... ვზეიმობთ თითოეული ძე შეცდომილის დაბრუნებას... ამიტომაც ეს დიდი ზეიმია...

პატრიარქის ქადაგებიდან: "კაცობრიობის წინაშე მუდამ იდგა და დგას მეტად მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მუდამ აწუხებდა: -  რა არის ადამიანის ცხოვრება? ვინ არის ადამიანი? საიდან მოვიდა, ან საით მიდის იგი?

ამ საკითხებზე ინტერესი არც დღეს შენელებულა და არც მომავალში შენელდება...

ადამიანი არის არსება, რომელიც შექმნა ღმერთმა ხატად და მსგავსად თვისსა; ადამიანი არის არსება, რომელიც ცხოვრობს დედამიწაზე; ადამიანმა უნდა გაიაროს განსაცდელი დედამიწისა და წარდგეს წინაშე ღვთისა.

მაშასადამე, მიზანი ადამიანის ცხოვრებისა, ყოფილა მიახლოება ღმერთთან. ღმერთთან და კიდევ... მის ირგვლივმყოფ ადამიანებთან...

სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა - ესაა მთავარი, ამას გვასწავლის სახარება. მთელი საღვთო წერილის შინაარსი არის სწორედ სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა.

ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, უნდა სწამდეს და უყვარდეს ღმერთი. რწმენა არის საფუძველი კაცის ცხოვრებისა.

ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი, თუ მას არა აქვს რწმენა. ვერავითარი მატერიალური სიმდიდრე ვერ შეავსებს იმ სიცარიელეს, რაც არსებობს ადამიანში, როცა მასში არ არის ღმერთი. ადამიანს აქვს მრავალი მისწრაფება. იგი ცდილობს მიიღოს განათლება, ცოდნა... მაგრამ ეს არ კმარა... ამით იგი ბოლომდე ბედნიერი მაინც ვერ იქნება. თვითონაც გრძნობს ამას... გრძნობს, რომ რაღაც სხვა სჭირდება და ეძიებს ამ სხვას... ცდილობს, უზრუნველყოფილი იყოს მატერიალურად, ჰყავდეს ოჯახი, შვილები, ნათესავები, მეგობრები... ჰქონდეს კარგი, კეთილმოწყობილი სახლი... მაგრამ როდესაც აღწევს ყველაფერ ამას, ხედავს, რომ არც ეს ყოფილა მთავარი... ამაში არ ყოფილა ბედნიერება. ყველას თავისი გზა აქვს. ყველა სხვადასხვა გზით ეძიებს ბედნიერებას... ზოგი პოულობს, ზოგი კი - ვერა. რა არის ამის მიზეზი? საქმე ის არის, რომ ადამიანს უსათუოდ სჭირდება ღვთის რწმენა. თუ მას არ უყვარს ღმერთი... უფრო ზუსტად, ღმერთი და ადამიანი, იგი ვერასოდეს იქნება ბედნიერი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რწმენა და სიყვარული".

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის აღსაყდრების 34-ე წლისთავთან ერთად ვზეიმობთ იმ გზის არსებობასაც, რომელსაც ბედნიერებისაკენ მივყავართ, მთავარ საზრისს ამოგვაცნობინებს და ხვალინდელ დღეს ისევ იმედით შეგვაგებებს, რადგან ისევ უნდა გავჭრათ საძირკვლები, ვაშენოთ ტაძრები და სულიერი განვითარების კერები, ხელი გავუწოდოთ და სიყვარული გავუნაწილოთ მოყვასს... ამისთვის ლოცულობს ჩვენი მწყემსი კეთილი, ჩვენი იმედი...