ანტონ კათალიკოსის ქოში - კვირის პალიტრა

ანტონ კათალიკოსის ქოში

ძველისძველი ფოტო, რომელზეც სასულიერო პირის შესამოსელი და ნაქარგი ქოშია გამოსახული, ცნობილი ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის ფონდშია დაცული.ფოტოზე აღნიშნულია, რომ ნივთები ანტონ კათალიკოსის ნაქონია. უმაღლესი სასულიერო პირის კუნკულბარტყულმა და ქოშმა მკვლევარ ლუარსაბ ტოგონიძის ყურადღება მიიქცია და გადაწყვიტა, დაედგინა, რა საერთო ჰქონდა მას ხელოვნების მუზეუმში დაცულ მსგავს ექსპონატებთან.

ლუარსაბ ტოგონიძე: "ფოტოზე ვიცანი უწმინდესის კუნკულბარტყული. ილია II  დღესაც იმოსება ამ თავსარქმლით. ქოში მანამდე არ მენახა. განსაკუთრებით დამაინტერესა ქოშების ნაქარგების ფორმამ და შინაარსმა. ქუსლის ნაწილში გამოსახულია მორიელი და გველი. ქოში უთავსარქმლოდ რომ მენახა, ყურადღებას არც მივაქცევდი უცნაურ ფრაგმენტებს, მაგრამ რადგან კათალიკოსის საკუთრება იყო, ვცადე, გამერკვია, რა საერთო ჰქონდა შხამიანი გველისა და მორიელის გამოსახულებას ეკლესიის მწყემსმთავრის ფეხსაცმელთან. გამახსენდა 90-ე ფსალმუნიდან ფრაგმენტი: "ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი"... ქოშის ნაქარგობა შემთხვევითი არ იყო, მას დიდი აზრობრივი დატვირთვა ჰქონდა. სიმბოლოები ფსალმუნის ფრაგმენტიდან ქოშის სადაურობის დამამტკიცებელიც აღმოჩნდა. თუმცა, ამის შესახებ უკეთ მოგახსენებენ მუზეუმში, სადაც ფოტოს გამოჩენამდე ქოში ცნობილი იყო, როგორც მხოლოდ სამღვდელო შესამოსელი და არ იყო დაზუსტებული, რომ მათ ანტონ კათალიკოსი იცვამდა".

იზოლდა მელიქიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი: "ხელოვნების მუზეუმში დაცულია ერთი წყვილი და ერთი ცალი სამღვდელმთავრო ქოში. წყვილი სწორედ ფოტოზე გამოსახული ქოშია. შინდისფერ ხავერდზე ოქრომკედით არის ნაქარგი მცენარეები, ქოშს აქვს ხის ძირი და პატარა ქუსლი. ტყავით არის გაწყობილი და სატერფულზე შიგნიდან, ქუსლის ადგილას, გამოსახულია ასპიტი და ვასილისკო, ანუ მორიელი. ცალ ექსპონატზე მხოლოდ ასპიტია გამოსახული, მორიელის გამოსახულებიანი დაკარგულია. ეს წყვილი ქოში თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის საგანძურიდანაა. ცალად შემორჩენილს აქვს ძველი საინვენტარო ნომერიც,” რაც იშიფრება შემდეგნაირად: საქართველოს ისტორიულ-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელიც სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში ან კერძო პირებში ეძებდა იშვიათ ნივთებს. სამივე ქოში სავარაუდოდ XVIII საუკუნის ბოლოს არის გაკეთებული. ლიტერატურაში ასეთ სამღვდელო ქოშებს ფლოსტალად მოიხსენიებენ. საკურთხეველში შესული სასულიერო პირი სამოსთან ერთად, ფეხსაცმელსაც იცვლიდა. ეს არის ქართული ტრადიცია, რასაც ადასტურებს ასპიტისა და ვასილისკოს გამოსახულება, რომლის შესახებაც წერია 90-ე ფსალმუნში.”არ ვიცით, რატომ გამოაცალკევეს ქოშები კათალიკოსის სამოსის ნაკრებისგან. ის მოიხსენიება 1904 წელს პროტოპრესვიტერ მარკოზ ტყემალაძის მიერ გამოცემულ წიგნში "Сионский кафедральный собор" და საგანძურის ჩამონათვალში ნახსენებია კათალიკოსის ქოშიც. აქვე მითითებულია, რომ ის XIX საუკუნის დასაწყისამდე გამოიყენებოდა ქართულ ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს.

ლუარსაბ ტოგონიძე: - ალბათ, ქოშები ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ გაიბნა. როგორც ცნობილია, არქიმანდრიტმა პავლე ჯაფარიძემ კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით სიონისა და სვეტიცხოვლის საგანძური ბაგრატის ტაძრის ეზოში, მიტროპოლიტის სახლის აივნის ქვეშ გადაამალვინა. საეკლესიო განძს ჩეკისტებმა მაინც მიაგნეს, რასაც სასულიერო პირების დაპატიმრება მოჰყვა. საგანძურის ნაწილს მაინც არ ასცდა განადგურება. ბოლშევიკებმა რაც უმნიშვნელოდ მიიჩნიეს, მუზეუმს გადასცეს, ძვირფასი ლითონებითა და ქვებით შემკობილი ექსპონატების ნაწილი კი გადაადნეს და გამოიყენეს როგორც ოქრო-ვერცხლი.”

ბრილიანტის პანაღეა

ანტონ II კათალიკოსი, ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი, იყო ერეკლე  II-ისა და დარეჯან დედოფლის ძე.  20 წლის ანტონი შედიოდა დელეგაციაში, რომელიც 1783 წელს რუსეთთან ტრაქტატის გაფორმებასთან დაკავშირებით ერეკლემ პეტერბურგში გაგზავნა გარსევან ჭავჭავაძის მეთაურობით. იმპერატორმა ეკატერინემ, ნიშნად ქართლ-კახეთის მეფისადმი გულმოწყალებისა, ანტონს 183 ბრილიანტის თვლით შემკული პანაღეა აჩუქა. თუმცა, საჩუქარი დროებითი აღმოჩნდა, რუსული ეკლესია ვერ შეეგუა ძვირფასი ძღვენის გაცემას და პანაღეა ანტონის გარდაცვალების შემდეგ რუსეთის სინოდმა დაიბრუნა.

დიმიტრი ერმაკოვი

დიმიტრი ერმაკოვის ფონდში უამრავი უნიკალური ფოტოა დაცული, რომლებიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან შტრიხებს აცოცხლებს. რევოლუციამდელი თბილისის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფოტოხელოვანი 1846 წელს დაიბადა თბილისში. ის 1866 წლიდან იღებდა ფოტოებს. გაზეთი "კავკაზი" წერდა: "ერმაკოვის ფოტოგრაფიები გამოირჩევა მხატვრული სრულყოფილებითა და წარმოადგენს დიდ ინტერესს ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის თვალსაზრისით". ერმაკოვმა გადაიღო უნიკალური ფოტომასალა 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს. 1880 წელს ერმაკოვმა თბილისში ფოტოატელიეც გახსნა. მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი მუშაობის შედეგია ვრცელი ფოტოკოლექცია, რომელიც ოცდაათი ათასამდე ნეგატივისაგან შედგებოდა.