მცველი ანგელოზი - კვირის პალიტრა

მცველი ანგელოზი

19 (6) იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს ნათლისღებას  უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი – ღვთის განცხადებას.

ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმინდა, რათა მისით ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმინდე ან, როგორც უცოდველი, განწმენდას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმენდილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა. ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ გაცხადდა პირველად წმინდა სამება - ძე ნათელს იღებდა, სულიწმინდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ". დიახ! გაცხადდა კაცთათვის ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო, უფალმა კი აკურთხა წყალი და ნათლისღების წმინდა საიდუმლოება დაგვიწესა. წმინდა ნათლისღებისას ყოველ ქრისტიანს უფლის მიერ მცველი ანგელოზი დაედგინება. გთავაზობთ მცველი ანგელოზისგან შეწევნის მაგალითებს.

ერთხელ ეკლესიიდან შინ მიმავალმა წმინდა ნიფონტიმ რომელიღაც ქოხის კართან მტირალი ჭაბუკის სახით მდგარი ანგელოზი დაინახა. მწუხარების მიზეზი ჰკითხა. ანგელოზმა უპასუხა: - მე ვარ დადგენილი მცველად ჭაბუკისა, რომელიც ახლა ამ სახლში მეძავთან ნებივრობს. როგორ არ ვიტირო, როცა ვხედავ ღვთის ხატების ამგვარ დაცემასო. ღირსმა ნიფონტიმ ჰკითხა:“- რატომ არ ასწავლი, თავი ანებოს ცოდვასო. მიახლება არ შემიძლია, რადგან ცოდვის დაწყებისთანავე ეშმაკთა მონა გახდა. ადამიანი თავისუფალი შექმნა ღმერთმა, აჩვენა ორი გზა: ფართო და ვიწრო. მისი ნებაა, რომელზე წავა, - ბრძანა ანგელოზმა.

საკვირველმა ამბავმა შეძრა დონისპირა ქალაქი სემილუკი. V სართულის აივნიდან 9 წლის ოქსანა დანილევიჩი გადმოვარდა და გადარჩა. ბავშვი ცოტათი დამშვიდდა და მოჰყვა: - ქვემოთ რომ მივფრინავდი, მარჯვნივ ვიღაც მომდევდა და ხელით მიჭერდა, ამიტომაც ასფალტზე ძლიერ აღარ დავცემულვარო. ის უთუოდ ოქსანას მფარველი ანგელოზი იყო.

ავადსახსენებელი კომუნისტური ტერორის წლებში 9 მონაზონი დასახვრეტად ურმებით მიიყვანეს თხრილთან. კომკავშირელებმა თოფები შემართეს, მონაზვნებმა ხმამაღლა დაიწყეს ფსალმუნების გალობა.

ამ დროს მოხდა სასწაული - დამაბრმავებლად ინათა და ციდან სამი ანგელოზი ჩამოეშვა. ორი მონაზვნებს ამოუდგა მარჯვნივ და მარცხნივ, ერთი კი კომკავშირელების წინ აღიმართა. შეშინებული კომკავშირელები მიწაზე უგონოდ დაცვივდნენ. მათ ყვირილზე მეურმეებმა მოირბინეს. ნახეს, რაც მომხდარიყო. მერე  კომკავშირელები ურმებით სოფელში წაიყვანეს. ჩვენ რაღა ვქნათო, - იკითხეს მონაზვნებმა. თავს უშველეთო, - უპასუხეს. კომკავშირელები მალევე დაიხოცნენ, მათ უფროსს კი დამბლა დაეცა, ცოცხლად დალპა და მატლი დაეხვია. ყველას ევედრებოდა:“ილოცეთ ჩემთვისო, მაგრამ აღარავინ იყო დარჩენილი მორწმუნეთაგან, რომ მისთვის ელოცა.

ედესის ეპისკოპოსმა, ნეტარმა თეოდორემ ჰკითხა დაფარულთმცოდნე მესვეტე მამას, - როგორ არჩევ ცოდვილს მართლისგანო. მან მიუგო: თუ სვეტთან ჩაივლის კაცი მართალი და ღვთის მოშიში, ვხედავ მასზე ღვთის მადლს. ორივე მხარეს ანგელოზები მიჰყვებიან, ეშმაკები კი შორიდან მისდევენ და მიახლოებას ვერ უბედავენ. თუ ცოდვილი ჩაივლის, გვერდით მოზეიმე ეშმაკების ხროვა მიჰყვება, მისი მფარველი ანგელოზი კი მტირალი მოშორებით მისდევს. როცა ეშმაკები ამ კაცის სიკვდილს საბოლოოდ მოინდომებენ, ციდან ანგელოზი ეშვება და ცეცხლის მახვილით განაბნევს მათო.

ონოფრე დიდმა თებაიდის მონასტერი დაუტევა და უდაბნოსკენ გაემართა. უდაბნოს დასაწყისში სინათლის სვეტი იხილა და შეშინებულმა უკან დაბრუნება გადაწყვიტა. ამ დროს სინათლის სვეტი მოუახლოვდა და ხმა გასცა: - ნუ გეშინია, მე შენი ანგელოზი ვარ, შენი გაჩენის დღიდან ღვთისგან შენს დასაცავად დადგენილი. მუდამ თან დაგყვები. ახლაც, უფლის ბრძანებით, უდაბნოში მიმყავხარ, ღვთის წინაშე იყავი სრული და გულით მდაბალი, ემსახურე მას სიხარულით და არასოდეს მიგატოვებო.

ერთმა ათონელმა ბერმა წმინდა ბარსანოფი ოპტელს უამბო: - ახალგაზრდობაში ძალზე მდიდარი ვიყავი და მხიარულად ვცხოვრობდი. მიმართლებდა, შემოსავალი რამდენიმე მილიონი მქონდა. ჯანმრთელი ვიყავი და სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე არც ვფიქრობდი.

ერთხელ, ნასადილევს, ჩამეძინა. ცხადად დავინახე უფლის ანგელოზი, რომელმაც ხელი ჩამკიდა და მითხრა: - წამოდი, გაჩვენებ ადგილს, სადაც საუკუნოდ იცხოვრებო. შეშინებული გავყევი. ველზე გავედით. შუაში კონუსისებრი გორა აღმართულიყო, რომლის თხრილებიდან კვამლი ამოდიოდა. სიღრმიდან კი საშინელი ქვითინი ისმოდა. "აქ დასახლდები სიკვდილის შემდეგ, - მითხრა ანგელოზმა, - თუკი ისე იცხოვრებ, როგორც აქამდე. უფალმა შენთვის ამის თქმა მიბრძანაო" და გაქრა. გამომეღვიძა. ავდექი, მადლობა შევწირე ღმერთს, სინანულის ჟამი რომ მომცა. ამის შემდეგ საქმეები მოვითავე, ცოლ-შვილს თითოეულს მილიონზე მეტი დავუტოვე და ათონის მთას მივაშურეო.

მღვდელმონაზონი მანუელი ჰყვებოდა: - ერთ საღამოს, ათ საათზე, მოხუც ავადმყოფ ბერთან წამიყვანეს საზიარებლად. სახე მშვიდი, ნათელი და სასიამოვნო ჰქონდა, სრულიად მინდობოდა ღვთის ნებას. აღსარების შემდეგ ვიჩქარე მისი ზიარება, რადგან ძალიან იყო დასუსტებული, ზეთი კი მისთვის ადრევე უკურთხებიათ. ზიარების შემდეგ მანიშნა, მომიახლოვდიო. სახე სიხარულით უბრწყინავდა. ყური ბაგეებთან მივუტანე. ჩუმად მკითხა: -„მამაო, ხედავ ელვასავით ბრწყინვალე ანგელოზს? არა-მეთქი. მან უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, ჯვარი გამოისახა და აღესრულა.

1833 წლის 2 იანვრის ღამეს, ცისკრის ლოცვის შემდეგ, მამა ფილარეტ გლინელი კელიიდან გამოვიდა და დაინახა, ვიღაცის სული ანგელოზებს ზეცაში აჰყავდათ. დიდხანს უცქერდა ამ საკვირველ სანახაობას, რამდენიმე ძმას დაუძახა და აჩვენა. მერე კი ღრმად ჩაფიქრებულმა ბრძანა: -„აი, როგორ გადიან ამ ქვეყნიდან მართალი ადამიანები. ახლა გარდაიცვალა სერაფიმე საროველიო. შემდგომში შეიტყვეს, მამა სერაფიმე მართლაც იმ ღამეს გარდაცვლილიყო.

სერბი მღვდელმთავარი ნიკოლოზი (ველემიროვიჩი) მოგვითხრობს ამბავს მართლმადიდებელი ინგლისელი მღვდლის, მამა კირილეს ცხოვრებიდან: ის თავის ცხოვრებას ღვთისმსახურებაში, ავადმყოფთა და ღატაკთა მონახულებაში ატარებდა. ერთხელ თავისი სახლის ახლოს შეჩერდა. ფიქრობდა, ვის უფრო სჭირდებოდა მისი სტუმრობა. ხმა მოესმა: წადი და ესა და ეს დედაბერი ნახეო. მამა კირილეც მინიშნებულ მისამართზე წავიდა. გაკვირვებული ქალი გამოეგება: - მამაო, ახლა ღვთის ანგელოზებს ვევედრებოდი თქვენს მოყვანას, ავად ვარ, არავინ მყავს გამომგზავნი. აქ მეორე ოთახში ახალნამშობიარები ქალი წევს, ჩვილი კი სიკვდილის პირასაა, იჩქარეთო. მამა კირილე ღატაკის სახლში გვიანობამდე დარჩა. შინ წასვლა რომ დააპირა, კიბეს ჩამოუყვა. უეცრად სიბნელეში ვიღაცა წინ გადაეღობა. მოძღვარი შეჩერდა. მერე გზის გაგრძელება მოინდომა, მაგრამ უცნობმა ისევ შეაჩერა. უკან დაბრუნდა და სანთელი გამოართვა დიასახლისს. დახედა კიბეს - საფეხურები ქვემოთ ჩაშლილიყო. წეღან სიბნელეში ერთი ნაბიჯიც რომ გადაედგა, დაიმტვრეოდა, მაგრამ მფარველმა ანგელოზმა უცილობელ სიკვდილს გადაარჩინა.

მამა პაისი ათონელი ბრძანებდა: - არ უნდა მოვშორდეთ ღმერთს, თორემ ეს უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. მფარველი ანგელოზი ცდილობს, ადამიანში კეთილი გულისთქმები ჩადოს და წუხს, იტანჯება, როცა კაცი სცოდავს, საბოლოოდ კი ანგელოზი ღმერთთან ცარიელი ხელებით მიდის. დაფიქრდით ამაზე! ეს ხომ ძალზე მწარეა მისთვის. ამიტომ კაცი ღმერთს არ უნდა გაშორდეს, ანუ ღვთის მცნებები არ უნდა დაარღვიოს.

მანვე თქვა: - რომ ვხედავდეთ ჩვენს ანგელოზს, რა ახლოსაა ჩვენთან, მაშინ ვერასოდეს ვიგრძნობდით მარტოობასო.

მამა პაისის ერთხელ ჰკითხეს:“- მამაო, ღმერთი თითოეულ ადამიანს მფარველ ანგელოზს რად აძლევს, განა თვითონ ვერ დაგვიფარავდა? მფარველი ანგელოზის დადგენა ღვთის განსაკუთრებული ზრუნვაა თავის ქმნილებაზე. მფარველი ანგელოზი ღვთის განგებულების გამოვლინებაა ადამიანის აღშენებისას. მფარველი ანგელოზის დადგენის გამო ჩვენ ღვთის მოვალენი ვართ, - უპასუხა ბერმა.

ვულოცავთ ჩვენს მკითხველს უფლის ნათლისღების დღესასწაულს და ვუსურვებთ შეენარჩუნებინოთ და გაემრავლებინოთ წმინდა ნათლისღებისას მიღებული მადლი.

მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა