"წინ ნუ აღუდგები უფლის მღვდელმთავარს" - კვირის პალიტრა

"წინ ნუ აღუდგები უფლის მღვდელმთავარს"

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ეს მორიგი შეტევაც სულიერი ქამობაა, რომლის ანალოგიც საქართველოში მხოლოდ ბოლშევიკების მძვინვარების პერიოდში შეიძლება მოძებნო. განა წმინდა ამბროსი ხელაიასაც აგენტობას არ აბრალებდნენ? ოღონდ მაშინ, იმპერიალიზმისას. შეიძლება არც ღმერთი გწამდეს და არც ეკლესია, მაგრამ ზრდილობა მაინც არ უნდა დაკარგო, რომ ქვეყნისთვის დამაშვრალი, ქართველთა სულიერი მამა არ შეურაცხყო, გული არ ატკინო. წმინდა ამბროსის სულიერი ჯალათები დრომ განაქარვა, მისი წმინდა სახელი კი საუკუნეებს გადასწვდება.

გვსურს ორიოდე მაგალითი მოვიყვანოთ, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველებს სულიერი მამების მიმართ.

ჯავახეთი. VIII საუკუნე. საეკლესიო კრება. გუარამ მამფალმა ბრძანა ეპისკოპოსთა შეკრება, რათა დაემხოთ ქართლის კათალიკოსი არსენი, რომელიც "კათალიკოზად თანადგომითა და კურთხევითა მცირედთა ეპისკოპოსთაგან" დაიდგინა. გუარამი კრებაზე ძალას ატანდა ეპისკოპოსებს, რის გამოც წმინდა გრიგოლ ხანძთელმა საკადრისად გაკიცხა: "ჰოი, ხელმწიფევ, რად განრისხდები ჭეშმარიტებისთვის". ესეც იცოდე: პირველთა წმიდათა მამათა შეკრებაზე ეპისკოპოსთა და მონასტრების წინამძღვართა გვერდით იყვნენ პირველნი მორწმუნენი მეფენი. ისინი არათუ მათ სჯულის მოძღვრობას იკადრებდნენ, არამედ მათგან ისწავლიდნენ ღვთის მცნებებსა და "მოწამედ იყვნეს თქმულთა მათთა". წმინდა მოციქულთა და ღირს მღვდელმოძღვართაგან განწესებულ კანონებში არ არის ნათქვამი, რომ ერისკაცი "ეპისკოპოსთა და წესისა წინამძღვართა მამათა განსაგებელისა მოძღვრებასა იკადრებდეს", ანდა სიახლეს შემოიღებდეს, თუნდაც "სამართლად საგონებელ იყოს". ეს "შჯულისა და მღვდელმოძღვართა შეურაცხება იქნება".

ამ კრების მამებს გუარამმა ჰკითხა: "ღვთის წმინდანო, თუ ერისკაცი ვინმე ჩვენი ქვეყნისა, საღმრთო წიგნთა და ენათა მცოდნე, ჩავიდეს იერუსალიმში ან სხვა წმინდა ადგილას და იხილოს სადმე კეთილი წესი, რომელიც ქრისტიანობასაც შვენოდეს და ჩვენ შორისაც არ იყოს, ანდა წმინდა მამათა ნაწერებში ამოიკითხოს და უსწავლელ ხალხს აუწყებდეს, კარგია თუ არა ეს?" ეპისკოპოსებმა განუცხადეს: "განწესებული ტვირთი ეყოფა ნავს. თუ მოუმატე, დაინთქმება, ხოლო თუ მსუბუქად იქნება, შეიძლება ქართა და ღელვათა წარიტაცონ. შჯულის ტვირთი და წესი ქრისტიანობისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას უპყრია, ძალზე კარგია და ღვთისთვის მოსაწონი და ამისთვის ჩვენ ვართ თავდებნი; ვინც იგი მტკიცედ იპყრას, შეუცვალებლად საქმით ჰყოფდეს და არა სიტყვით ვაჭრობდეს, მან, უფლის სიტყვისამებრ: "ასი წელი აქავე მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს".

თუ ერისკაცმა რამე ახალი, კეთილი წესი  შეიტყო, უმჯობესია დადუმდეს, რათა არასწორად არ გაიგონ მისი ნათქვამი, ვითარცა ბრძანებს იაკობ მოციქული: "ნუ მრავალნი მოძღვრით, ძმანო!" უკეთუ დუმილს ვერ შეძლებს, თვითნებურად ნუ იქადაგებს, ეპისკოპოსს აუწყოს და თუ საჭიროა, ის ასწავლის თავის სამწყსოს. ხოლო უკეთუ კვლავ "სილაღით წარმდებობდეს" ერისკაცი იგი, "ნაცვლად შესაძინელისა, მაცილობელთა და წინააღმდგომთა თანა დაისაჯოს დიდებით უფლისა მოსვლასა". ხელმწიფემ მოისმინა და ბრძანა, "ჭეშმარიტად სამართალ არს სულიერი ეგე საბჭოი საღმრთო განგებისაი..."

იმერეთი. XIX საუკუნე. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს (ქიქოძეს) უამრავ ჭორს უვრცელებდნენ მტრები: შენდობის წიგნს კითხულობს და ფულს იღებსო. ერთხელ, წმინდა გაბრიელის თაყვანისმცემელი აკაკი წერეთელიც შესწრებია ამ ამბავს. "წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება და გაგიჟება, - ბრძანებს მგოსანი, - რაც კი ჭორი გამეგონა მის შესახებ, სუყველა დავიჯერე. დავწერე გასაკიცხი წერილი და "დროების" რედაქციაში ვაპირებდი გაგზავნას, მაგრამ იმდენი რიგიანობა კიდევ ვიხმარე, რომ ჯერ მისთვის მეჩვენებია ის მისი შესახები სტატია". წმინდა გაბრიელი, ჩვეულებისამებრ, ტკბილად შეხვედრია, მშვიდად მოუსმენია ბრაზმორეული აკაკის საყვედური (არადა, ამბობენ, ეპისკოპოსი ძალზე ფიცხი იყოო), ღიმილით უთქვამს: "ძალიან მომწონს ეგ შენი აღელვება და მიხარია, რომ საზოგადო საქმის ტრფიალმა და არა საპირადო რამ იქამდის მიგიყვანა, რომ მოთმინებიდან გამოგიყვანა და ოჯახის შვილს ზრდილობა დაგაკარგვინა... ღმერთმა ინებოს, რომ შენ მაგ გრძნობებისთვის ხელი არ შეგეშვას, საზოგადო საქმეების გამო თავგამოდება ზნედ გადაგიქციოს! ეგ აჩქარება, თავშეუკავებლობა, ცოტა წინდაუხედაობა და ამგვარი რამ შეცდომები ქერცლია, რომელსაც დრო გააცლის და გამოცდილება დახვეწს! შენ ხანში სწორედ მეც მაგრე ვიყავი, მაგრამ დღეს კი ისე რომ მოვიქცე, არ შემშვენის...

შენ კარგად იცი, რომ მე ახალ ჩამოსულობაზე პირველ ხანებში, კრებულისათვის თუ არა, თვარა ჩემთვის საწირავს არ ვიღებდი. და დღეს კი შენდობის წიგნს ვუკითხავ მსურველებს და მათგან მოწოდებულ წვლილსაც ხელსა ვკიდებ. რადა? იმიტომ, რომ გამოცდილებამ სულ სხვა რამეზე დამარწმუნა. ჯერ ერთი, ეს ჩვენ ხალხს ადრიდგანვე ჩვეულებად ჰქონია. მღვდელმთავრებისგან შენდობის გამოთხოვა რჯულის კანონად ჰქონია გადაქცეული. როცა შენდობას სთხოვს, ცხადია, რომ ის თავის გულში იხედება, სინანულში ვარდება და ეს კარგია. ამგვარი რამ ადამიანს გულიდან არ უნდა ამოურეცხო. და რაც შეეხება სასყიდლის აღებას, ეს ისე აუცილებელ და საჭირო ძღვნად მიაჩნია ჩვენს ხალხს, როგორც ხატის წინ სანთლის ანთება! ამის აკრძალვას ისე მიიღებს, როგორც სანთლის ანთების დაშლას. ახლა პრაქტიკულადაც გავსინჯოთ ეგ საქმე. ეს თვითო-ოროლა წვლილი, რომელსაც იძლევიან თავის სურვილით, ამათ არად დააკლდებათ. ბევრი მათგანი სულ ცუდად დახარჯავს წარამარა სადმე დუქანში ლოთობის დროს და მე კი ვაგროვებ და საზოგადო დანიშნულებას ვაძლევ. ამგვარადაც მათი წვლილის შეგროვება და ხარჯვა შემწირველებისათვისაც მადლია და ქვეყნისთვისაც სასარგებლო. აი, ეს არის ჩემი აზრი და ჩემი შეხედულობა და შენ, როგორც გინდოდეს, ისე მოიქეცი, გინდა გააგზავნე ეს სტატია დასაბეჭდად და გინდა არა".

ამის მომსმენი აკაკი სინანულში ჩავარდნილა და უფრო ფრთხილად ეკიდებოდა საქმეს. ნატრობდა კიდეც: "გაბრიელისთანა მოძღვარი რომ ჩვენს ახალგაზრდობასაც გამოუჩნდებოდეს ხოლმე, მადლია! მაშინ ისინი ბევრ შეცდომას აიცდენდნენ თავიდანო".

დაბოლოს, გავიხსენოთ ანტიოქიის პატრიარქ მაკარის აზრი ქართველთა სარწმუნოებაზე. მან მე-17 საუკუნეში იმოგზაურა ჩვენში და ვფიქრობთ, მრავლის მთქმელია მისი მონათხრობი: "სასულიერო პირებს ქართველები ძალიან მორიდებით ეპყრობიან, მათ ძვირს ვერასგზით ვერ ათქმევინებთ. როდესაც თავადები, დიდებულნი და მათი მეუღლეები გზაზე შეეყრებიან მღვდელმთავრებს, თუ ცხენით არიან, ჩამოქვეითდებიან და შორიდანვე დაუწყებენ მუხლთმოდრეკით თაყვანისცემას, შემდეგ ადგებიან და მიიღებენ მათგან ლოცვა-კურთხევას. ამის შემდეგ განშორდებიან უკან-უკან დახევით, რათა ზურგი არ შეაქციონ და ხელმეორედ მუხლთმოდრეკით თაყვანს სცემენ. ამნაირად იქცევიან არა მარტო უბრალო ქართველნი, არამედ მეფე-დედოფალნიც. ძალიან უყვართ ქადაგება-დარიგების მოსმენა და დიდი ხალისით ასრულებენ დამრიგებლის სიტყვა-ბრძანებას. რაც უნდა უბედურება ეწიოთ, დიდი მოთმინებით, უდრტვინველად გადაიტანენ და ითმენენ, ვერ გაიგონებ მათგან სალანძღავ სიტყვას სარწმუნოებისა და რომელიმე პიროვნების წინააღმდეგ.

კახაბერ კენკიშვილი