"ეს ტაძარი მე და შენ ავაშენეთ მთელ საქართველოსთან ერთად!" - კვირის პალიტრა

"ეს ტაძარი მე და შენ ავაშენეთ მთელ საქართველოსთან ერთად!"

"საეკლესიო გადმოცემით, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა ღვთისმშობელთან ერთად წილი ყარეს - ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა სახარება. ზეციურ დედოფალს წილად ხვდა ივერიის ქვეყანა, ანუ საქართველო. ღვთისმშობელმა ფრიად გაიხარა და განემზადა ივერთა ქვეყანაში წასასვლელად, მაგრამ მას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: - "აწ ნუ განეშორები იერუსალიმს... მაშინ ქალწულმა მარიამმა უხმო პირველწოდებულ მოწაფეს, ანდრია მოციქულს, გადასცა თავისი ხელთუქმნელი ხატი და გაგზავნა საქართველოში საქადაგებლად.

ღვთისმშობლის მფარველობა უდიდესი პატივი და ხვედრია ქვეყნისა და, რაკი ხვედრია, უმძიმესი ტვირთი და პასუხისმგებლობაცაა, რადგან უფალი გვაფრთხილებს, ვისაც მეტი მიეცა, მეტივე მოეთხოვებაო. ღვთისმშობლის წილხვედრობა ქართველ ერს უპირველესად ავალებს, ერთგულად იცავდეს ღვთის მიერ ადამიანისთვის დაწესებულ ზნეობრივ კანონებს.

"ღვთისმშობელი მხოლოდ ზნეობრივი კანონების ერთგულებისას გვევლინება ივერიის მფარველად, რადგან მხოლოდ ზნეობრივი კანონების ერთგული ერი შეძლებს თავისი ხვედრის ღირსეულად ზიდვას და ქვეყანაც მაშინ აყვავდება", - ვკითხულობთ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ახალ საიტზე. აქვე ვრცელი სიაა მათი, ვინც ტაძარს ვაშენებთ...

ჩვენ ტაძარს ვაშენებთ! არ გვაქვს განსაკუთრებული შემოსავალი, პირიქით, ზოგიერთი საკმაოდ ხელმოკლეც ვართ და მაინც - ჩვენ შეგვიძლია ტაძარი ავაშენოთ, რადგან ამის საშუალება ერის სულიერმა მამამ - უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოგვცა თავისი მრავლისმეტყველი წინადადებით: "ყველამ თანაბრად ავაშენოთ, ყველასაგან თვეში მხოლოდ ერთი ლარი შეეწიროს ამ დიდ საქმეს".

"მსოფლიოში არ არსებობს სხვა ანალოგი, როცა არა რომელიმე ბიზნესმენი ან ორგანიზაცია, არამედ ხალხი, თავისი კეთილი ნებითა და თანაბარი მონაწილეობით ააშენებს უდიდესი მნიშვნელობის ტაძარს. ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატის სადიდებლად აგებულ სულიერ სავანეში შესულ ყველა დედას შეეძლება თავისი შვილისათვის სიამაყით თქმა: - ეს ტაძარი მე და შენ ავაშენეთ მთელ საქართველოსთან ერთად!" - ამბობს პაატა ბურჭულაძე.

29 მარტს უკვე ტაძრის მაკეტიც წარვუდგინეთ სრულიად საქართველოს მოსახლეობას. წარვუდგინეთ-მეთქი, ვამბობ, რადგან ჩვენ ვართ ქტიტორები და აღმშენებლები, ჩვენ ვუდგამთ სულს ამ დიდებულ საქმეს. ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ამას შევძლებდით, ვერც ვიოცნებებდით, რადგან სურვილი ერთია და მეორე - რა ძალგვიძს!

მართლაც დამამუნჯებელი მშვენიერება წარუდგინა საზოგადოებას არქიტექტორმა ომარ ნაფეტვარიძემ და საპატრიარქოს სამეცნიერო საბჭომ. ეს დიდებული ტაძარი, რომლის სიგრძე 60 მეტრი იქნება, სიგანე - 34 მეტრი, 51 მეტრი სიმაღლისა აშენდება.

ანსამბლ "მძლევარის" მრავალჟამიერისა და მარიამ როინიშვილის "ავე მარიას" ფონზე კიდევ უფრო სასწაულებრივი ჩანდა ყველაფერი.

პაატა ბურჭულაძე: - დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ტაძრის პროექტის პრეზენტაცია მოხდა. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ 145 ათასი ადამიანია უკვე ჩართული ამ დიდ საქმეში. ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის მშენებლობამ გააერთიანა მთელი საქართველო. ეს არის ტაძარი, რომელიც სჭირდება ჩვენს სულებს. დიდი მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს, რომ ამის საშუალება მოგვცა.

მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს მთელი ჩვენი საზოგადოება, საქართველოში მცხოვრები ხალხი და ქართული ემიგრაცია ერთად აშენებს.

იქმნება ცოცხალთა და გარდაცვლილთა წიგნი, რომელშიც ტაძრის აღმშენებელი მილიონობით ქართველის გვარ-სახელი ჩაიწერება. სახალხო აქციაში უკვე 145 ათასი ადამიანია გაწევრებული! ჩვენ ერთად ავაგებთ ტაძარს, რომელიც გაგვაერთიანებს! ისტორიული მშენებლობა 17 აპრილს იწყება! ამ დღეს, 18 საათზე, მახათას მთაზე ყველას გელოდებით. პატრიარქმა კიდევ ერთი საჩუქარი მოგვიმზადა: ყველას შეგვეძლება, ფიზიკურადაც მივიღოთ მონაწილეობა ტაძრის მშენებლობაში. პირველად ნიჩბით მიწას თავად პატრიარქი ამოიღებს, შემდეგ კი ყველას, დიდსა თუ პატარას, მიეცემა ამისი საშუალება.

დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ტაძრის ერთ-ერთი ქტიტორი: - სიმბოლურია, რომ ამ ტაძრის პროექტის პრეზენტაცია ხდება ეროვნული მუზეუმის დარბაზში, იქ, სადაც ინახება ერის სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობა. ამ ტაძრის მშენებლები არ ეკუთვნიან მცირე, ელიტურ ჯგუფს, მონაწილეობა ყველას შეუძლია. ღმერთმა მოგვცეს ასეთი გაერთიანების საშუალება. აქვე იქნება საგანმანათლებლო ცენტრიც. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პატრიარქს ხშირად მოჰყავს კლიმენტი ალექსანდრიელის სიტყვები: "მორწმუნე არის მონა ღვთისა და მორწმუნე და მცოდნე - მეგობარი ღვთისაო..."

P.S. პრეზენტაცია მართლაც სახალხო ზეიმად იქცა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, ტაძრის მშენებლობა სულიერი მდგომარეობაა და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ერისათვის.