პატრიარქის კურთხევით სააღდგომოდ თქვენს ოჯახებში "საქართველოს იმედი" შემობრძანდება - კვირის პალიტრა

პატრიარქის კურთხევით სააღდგომოდ თქვენს ოჯახებში "საქართველოს იმედი" შემობრძანდება

ერის სულიერმა მამამ  მნიშვნელოვანი უწოდა "კვირის პალიტრის" უკვე ტრადიციად ქცეულ სააღდგომო საჩუქარს

"უმძიმეს დღეშია ჩვენი სამშობლო. კაცთაგან შეწევნის იმედი გაქრა. თვალნი ისევ საქართველოს ისტორიას, წინაპართა ჩვენთა რწმენას, სასოებასა და სიყვარულს უნდა მივაპყროთ და მაგალითად დავისახოთ. ღვთის შვილები კი მეოხებას არ მოგვაკლებენ.

სწორედ ამ სასოებით შეიქმნა უნიკალური ხატი, "საქართველოს იმედი", რომელზეც ჩვენი ეკლესიის ყველა წმინდანი და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მნათობნი არიან გამოსახულნი, რათა მათი მეოხებით გადავრჩეთ და გადარჩეს ჩვენი ქვეყანა" -”უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

"კვირის პალიტრა" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს ესტუმრა. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ერის სულიერმა მამამ აკურთხა ჩვენი საქმიანობა და მნიშვნელოვანი უწოდა ჩვენთან უკვე ტრადიციად ქცეულ სააღდგომო საჩუქარს.

კიდევ ერთი წელი გავიდა აღდგომიდან აღდგომამდე. უდიდესი ზეიმი გველოდება წინ. წელსაც, როგორც ადრე, ჩვენს მკითხველს ვჩუქნით მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარ სანთლებსა და ხატს, რომლის სახელიცაა "საქართველოს იმედი"...

ქართველთა სულიერი მწყემსის, ილია II-ის დალოცვა, მისგან დადებითი შეფასების მოსმენა მეტად საგულისხმო გახლავთ. ეს არის ის საზომი, რომლითაც  შეიძლება შეამოწმო საკუთარი სწორება ჩვენი სამშობლოს გადარჩენისათვის უმნიშვნელოვანეს ქართულ იდეასთან...

მალე პატრიარქის კურთხევით, ჩვენს ოჯახებში შემობრძანდება ხატი "საქართველოს იმედი" და მასთან ერთად იმედი იმისა,  რომ აღსრულდება ქართველთა ოცნება - ივერია გაბრწყინდება! პატრიარქის შექება სწორედ იმ იმედს გვიჩენს, რომ ჩვენც ამ ოცნების აღსრულებას ვემსახურებით...

ღმერთმა ნუ ქნას სხვაგვარად!

მივეახლოთ წმინდა ხატს კრძალვით და გულით შევთხოვოთ  საქართველოს იმედის გამართლება.