"განშორებას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა" - კვირის პალიტრა

"განშორებას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა"

ბავშვობიდან მახსოვს, ბებია სააღდგომოდ კვერცხებს რომ შეღებავდა, რამდენიმეს გადადებდა,  ხელი არ ახლოთ, თომას კვირისთვის მინდაო. მერე თაფლის სანთლებს ჩამოქნიდა და მათაც გაანაწილებდა: ეს აღდგომისთვის, ესეც - თომას კვირისთვისო. მოუთმენლად ველოდი ბრწყინვალე შვიდეულის გასვლას, რომ თომას კვირის სამშაბათს ბებიას ჩვეული რიტუალი შეესრულებინა. დილით ოჯახის საქმეს რომ მორჩებოდა, საგარეო შავ კაბას ჩაიცვამდა, ჭრელ თავსაფარს კეფასთან შეიკრავდა, პატარა კალათაში წითელ კვერცხებს, სანთელს, პასქის თხელ ნაჭრებსა და ბოთლით ღვინოს ჩაალაგებდა, დამჭკნარ ხელს ჩამკიდებდა და სასაფლაოზე მივდიოდით.

ჩამოუვლიდა ბებია ჩვენი ოჯახის გარდაცვლილ წევრთა საფლავებს, გადამაგორებინებდა წითელ კვერცხებს და  გასძახებდა იქვე ყანაში ან ვენახში მომუშავე მეზობლებს, მაზლებო, გადმოდით, ჩემი გარდაცვლილების სული მიცხონეთო. მერე ძველ ეკლესიაში შევიდოდა, დამაყენებდა საკურთხევლის წინ, თვითონ დაიჩოქებდა და ლოცულობდა. ძალიან მიყვარდა ეს რიტუალი. ბებია "ძველი დროის ქალი" იყო, მოქმედი ეკლესიები და მღვდლების დარიგებები რომ ახსოვდა, ამიტომაც გადიოდა თომას კვირის სამშაბათს საფლავებზე. იტყოდა ხოლმე, აღდგომა უფლის არის, აღდგომის მომდევნო კვირა კი სიხარულისა და კაცი საფლავზე არ უნდა გავიდესო. წუხდა, აღდგომას ხალხის ტალღა სასაფლაოსკენ რომ დაიძვრებოდა. რა თქმა უნდა, ბავშვები არც ამ დღეს ვაკლდებოდით. უცნაური სანახავი იყო საფლავებზე გაშლილი სუფრები, ერთ საათში კი აქეთ-იქით მობანდალე მთვრალ ხალხსაც წააწყდებოდი...

1989 წელს გავრცელდა ოფიციალური ცნობა, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ხალხს ურჩევდა, სასაფლაოზე გასულიყვნენ არა აღდგომის დღესასწაულზე, არამედ მეორე დღეს, ორშაბათს. ეს იმდროინდელმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ ამცნო ხალხს. სასულიერო პირების განმარტებით, პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რომ ხალხი როგორმე არასწორ ქცევას გადასჩვეოდა - ამის შემდეგ აღდგომა დღეს სასაფლაოებზე გამსვლელთა რაოდენობა მართლაც შემცირდა.

ბოლო დროს მღვდლები ცდილობენ, ხალხი ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავზე გასვლასაც გადააჩვიონ. ეს არაერთხელ უთქვამს სამღვდელოებასაც და მრევლისთვის მოუწოდებია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში არა მარტო საფლავებზე გასვლა და მათი კურთხევა არ ეგების, არამედ დაუშვებელია სასაფლაოზე პურმარილით მისვლა და ღრეობაში გადაზრდილი ტრაპეზი.

დროა, გამოფხიზლდეს ხალხი და ის აკეთოს, რაც ეკლესიურად მართებულია და არა ის, რაც თვითონ სურს. ნუ გახვალთ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავზე, ეს არ არის გლოვის დღე, ეს დღესასწაულია! აღდგომა არის ბრწყინვალე დღესასწაული ცოცხალთა და, რა თქმა უნდა, მიცვალებულთათვისაც, მაგრამ არა - მიცვალებულთა ხსენების დღე. მიცვალებულთა ხსენების დღე აღდგომის შემდეგი კვირის -  თომას კვირის სამშაბათია და ამ დღეს არის საჭირო სასაფლაოზე გასვლა, - ამბობენ სასულიერო პირები.

პატრიარქის თქმით, ორშაბათს საფლავზე გასვლა შეიძლება, თუმცა სამუდამოდ ასე არ უნდა გაგრძელდეს.

აღდგომას საფლავზე გასვლის ტრადიცია საინტერესოდ ახსნა აწ გარდაცვლილმა ჯანრი კაშიამ. მან თავისი ახალგაზრდობის წლები გაიხსენა: "რატომ გადიოდა აღდგომა დღეს ხალხი სასაფლაოზე? იმიტომ, რომ კომუნისტები დევნიდნენ მათ, ვინც ტაძრებში მისვლას გაბედავდა. სასაფლაოზე გამსვლელებს კი არ ერჩოდნენ, მეტიც, ხელს უწყობდნენ არასწორი ტრადიციის დამკვიდრებაში". მოძღვართა მითითებით, ადამიანმა საფლავზე მხოლოდ სანთელი, წითელი კვერცხი და პასქა უნდა წაიღოს. მოლხენა და სუფრის გაშლა წარმართული ტრადიციაა. თუ მიცვალებულისთვის რაიმეს გაკეთება გვსურს, ჯობს, საჭმელი ღარიბებს დავურიგოთ და გარდაცვლილთა სულებისთვის ვილოცოთ.

იღუმენი ანთიმოზ ბიჩინაშვილი: აღდგომის დღესასწაული ერთი კვირა გრძელდება და მას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. შვიდეულის თითოეული დღე განსაკუთრებული მადლით არის აღსავსე და ამ კვირაში მიცვალებულთა ეკლესიაში მოხსენიება აკრძალულია.

ბოლო წლების ტრადიციის მიხედვით, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს თუ მაინც გავდივართ საფლავებზე, ამ დღეს მიცვალებულები უნდა გავიხსენოთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ, რომ ვახაროთ მათ: "ქრისტე აღდგა! სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. ასე რომ, თუ ადამიანს სწამს ღმერთი, სწამს, რომ ის აღდგა და სიკვდილი განაქარვა, მისთვის ამ სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდი ცოდვაა. ჩვენი წუხილი თავშეკავებულად უნდა გამოვხატოთ, რადგან "განშორებას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა".