თქვენს გაზეთთან ერთად თქვენს ოჯახში "საქართველოს იმედი შემობრძანდა - კვირის პალიტრა

თქვენს გაზეთთან ერთად თქვენს ოჯახში "საქართველოს იმედი შემობრძანდა

"საქართველოს სჭირდება იმედი ღვთისა, რწმენა ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და მომავლისა" ნაზამთრალ გარემოს ნელ-ნელა უბრუნდება სითბო. შემოაბიჯა გაზაფხულმა მძიმე და ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ. თუმცა ვერაფერი უღვივებს ისეთ სიხარულს ადამიანს, როგორსაც სულიერი მზადყოფნა სიცოცხლის გასაგრძელებლად - რწმენა ღვთისა.

ამ რწმენით მოვდიოდით. კვალად ვტოვებდით ვაჟკაცების სიცოცხლის ფასად დაცულ თითოეულ მიწის გოჯს, რომელიც მერე და მერე ყაყაჩოებით დაიფარებოდა და მომავალი თაობაც არაერთხელ გაიმეორებდა: ეს წითელი ყაყაჩოები წინაპართა დაღვრილი სისხლიაო... "შენ, სისხლო ჩემო, / სად არ დაღვრილო - / შენ - / სად არ გხვრეპდა შავი ყორანი. / ვინ გაგაკვირვოს,/  რამ გაგაკვირვოს,- / ნადიდგორალი, / ნაშამქორალი"...

ყოველი მხრიდან მოსული მტრების გამართულ სასაკლაოზე ვინ იცის მერამდენედ დანგრეულ ციხესიმაგრეს აშენებდა ქართველი კაცი, გადათელილ ვაზს აყენებდა, ნერგებს რგავდა... ვინ იცის, მერამდენედ! და ამ ყველაფერს იმედი აკეთებინებდა - უფლის იმედი, რომელიც არასოდეს მიატოვებდა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს.

დიდგორისა და შამქორის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარაო, - სევდანარევად დასძენს ვინმე ჩვენგანი.

იქნებ ყოველდღე მეორდება კიდეც დიდგორი და შამქორი, ოღონდ ახლა ჩვენს სულებში, ჩვენი სულიერი გადარჩენისათვისო, - აუცილებლად უპასუხებს მოყვასი. ასეც არის...

ბარში თოვლი უკვე დადნა, მთაშიც მალე დადნება. მინდვრებს მიაკითხავენ გლეხები. ისევ დაიხვნება და დაითესება - მხოლოდ იმედით.

მართლმადიდებლობა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. "კვირის პალიტრა" ამჯერადაც არ ღალატობს ტრადიციას და ამ დიდი დღესასწაულის აღსანიშნავად მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარ სანთლებსა და "საქართველოს იმედის" ხატს ჩუქნის მკითხველს, - მას, ვისთან ერთადაც უკვე 17 წელია მოდის, სიხარულსა და წუხილს იზიარებს, ვის თანადგომასაც მუდმივად ცდილობს. "კვირის პალიტრა" დაბადების დღეს 18 აპრილს აღნიშნავს და უკვე წლებია საუკეთესო საჩუქრად მკითხველის ნდობას იღებს.

"საქართველოს იმედის" ხატი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაიდო გაზეთში. ერის სულიერმა მოძღვარმა გადაწყვიტა, რომ ყველა ოჯახში შებრძანებულიყო ხატი, რომელიც, მისივე სიტყვებით, "ღვთის მადლითა და ძალით იქნება სასწაულმოქმედი. ყოველ ადამიანს, რომელიც რწმენითა და მადლით მიეახლება მას, აუსრულდება თხოვნა. ამ ხატის შემწეობით დაბრუნდებიან ქართველები სამშობლოში".

"კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მღვდელ-მსახურმა, იღუმენმა იოანემ აკურთხა. სწორედ წმინდა გიორგის მონასტერში დამზადდა სანთლები, რომლებსაც "კვირის პალიტრა" უძღვნის მკითხველს.

მამა იოანე იმედოვნებს, რომ ამ ხატ-სანთლებთან ერთად უფლის მადლი და იმედი შებრძანდება ყოველი თქვენგანის ოჯახში: "მადლობა უფალს, რომ ღირს ვიქმენით ამ უდიდესი დღესასწაულისა. ვულოცავ სრულიად საქართველოს ბრწყინვალე დღესასწაულს და ვუსურვებ ერთობას - ერთობას უფალში.

ღვთის განგებით, ამ გაზეთში დევს ხატი საქართველოს იმედისა იმის ნიშნად, რომ ადამიანმა არ დაკარგოს იმედი ღვთისა და რწმენა მომავლისა.

ყველას უნდა ჰქონდეს იმედი უფლისა. თუ კაცი წრფელი გულით შესთხოვს შეწევნასა და გადარჩენას, ღმერთი შეეწევა ყველგან და ყოველთვის. მთავარია, სულიერი გადარჩენა, სწორედ სულის გადასარჩენად ცხოვრობს მორწმუნე ერი....

საქართველოს სჭირდება იმედი ღვთისა, რწმენა ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და მომავლისა. უფალმა გაგვაძლიეროს ჭეშმარიტი სარწმუნოების რწმენასა და სიყვარულში!

უფალმა მოგვმადლოს მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!"