ღვთის სასწაულები - კვირის პალიტრა

ღვთის სასწაულები

აღდგომიდან ამაღლებამდე ქრისტიანები ასე ესალმებიან ერთმანეთს: "ქრისტე აღდგა!"- "ჭეშმარიტად აღდგა!" ჩვენს რწმენას ქრისტიანთა მკვდრეთით აღდგომის მრავალი მაგალითიც ადასტურებს. გაგაცნობთ ზოგიერთს.

*გარეჯის მონასტრის წინამძღვარი (+1773 წ.), დიდი მამა, წმინდა სვიმონი, გარდაცვალებიდან ერთი საათის შემდეგ გაცოცხლდა და მაშინვე მთელი თავისი ქონება გარეჯის მონასტრებს გაუყო "საწირავად და სალოცავად სულისა თვისისა". ერთი კვირის შემდეგ, თავისი და მონასტრის საქმე კეთილად რომ განაგო, მიიცვალა.

* ერთხელ, ეკლესიაში მლოცველ წმინდა მამა სერაპიონ გარეჯელს (1747 წ.) ბერმა აუწყა: - ავადმყოფი ბერი სიკვდილის პირსაა  და შენი ნახვა უნდაო. მამა სერაპიონი ზეცად იყო ამაღლებული გონებით და არაფერი მიუგო. ახლა სხვა ბერმა გაუმეორა თხოვნა. წადი, შვილო, მეც მოვალო, - უთხრა წმინდა მამამ. ერთი საათის ლოცვის შემდეგ აიღო კვერთხი და მოხუცებულის ნელი ნაბიჯით წავიდა ბერთან. გზად შემოყრილმა მონაზონმა უთხრა, - მამაო, მოკვდა ის ძმაო. მამა სერაპიონს ძალზე ეტკინა გული, მიბრუნდა ეკლესიაში, დაემხო ტრაპეზის წინ, შუბლს  მიწას ურტყამდა, თითქოს თვითონ ყოფილიყო ბერის სიკვდილის მიზეზი. როცა ღვთისგან პასუხი მიიღო, დამშვიდდა და წავიდა მიცვალებულის სენაკში, რომელსაც, წესისამებრ, დასაკრძალად ამზადებდნენ. შევიდა სერაპიონი და გულმდუღარემ სახელით მიმართა განსვენებულს. გარდაცვლილმა პასუხი გასცა. მამა სერაპიონმა ჰკითხა: - როგორ ხარ, ძმაოო. დიდად ავად ვარ, მამაო წმინდაო. მამა სერაპიონი ჩაეკითხა: - ქრისტეს მადლით რომ გამოჯანმრთელდე, უკეთესად იცხოვრებო? დიახო. მკვდრეთით აღმდგარი ბერი სნეულებისგან განიკურნა. ერთი წელი კიდევ იცოცხლა და წლის თავზე მშვიდობით მიიცვალა.

* ამ ამბავს თავადი ნიკოლოზ ჟევახოვი (წარმოშობით ჯავახიშვილი (1947) მოგვითხრობს. მღვდელ ალექსი გნეკუშზე (+1848).

მის მრევლში ერთი თორმეტი წლის ბიჭი გარდაიცვალა. დაკვირვებულნი იყვნენ, როცა რომელიმე ქოხში ჩხუბი და ცემა-ტყეპა ატყდებოდა, ეს პატარა ბიჭი მივიდოდა იქ, დადგებოდა ზღურბლზე და თავისი მშვენიერი თვალებით ისეთ სიმშვიდეს მოჰგვრიდა მათ, რომ წამში ყველა ჩუმდებოდა. ამიტომაც დაარქვეს ანგელოზი. მას ყველა შვილად თვლიდა. ერთხელ ერთი დღესასწაული კაცების ჩხუბით დამთავრდა. ბიჭი იმ დროს ავად გახდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამან შეძრა მთელი სოფელი,  კაცებიც დედაკაცებივით ტიროდნენ. მთელი კვირა არ მარხავდნენ, სანამ გარდაცვლილს სხეულის გახრწნის ნიშნები არ გამოაჩნდა. მიასვენეს ეკლესიაში. მამა ალექსი საკურთხეველში იდგა, ხელებაპყრობილი მთელი ტაძრის გასაგონად ღმერთს შეღაღადებდა და ბავშვის გაცოცხლებას სთხოვდა: - ღმერთო, შეისმინე მონანული ხალხის ვედრება, მოხედე მშობლების ტანჯვასო... მერე უეცრად მამა ალექსი მუხლებზე დაეცა და ქვითინით წარმოთქვა: - ასე, უფალო, აღადგინე ყრმა მკვდრეთით, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, ამას თავმდაბლობით გთხოვ და არა ამპარტავნული კადნიერებითო.

უეცრად პასუხად ელვა და საშინელი გრუხუნი გაისმა, ეკლესიიდან ხალხის ყვირილი მოისმა, მოიხედა და კუბოში წამომჯდარი ბიჭი იხილა. მუხლი მოიდრიკა და ღმერთს ტირილით მადლობა შესწირა. მერე კი დიაკონზე დაყრდნობილი კუბოსთან მივიდა, ბიჭს ხელი მოჰკიდა და საკურთხეველში შეიყვანა. დასვა სკამზე და რადგან თვითონ ფეხზე დგომა აღარ შეეძლო, დაჩოქილმა აზიარა წმინდა საიდუმლოს. ამ ამბის შემდეგ მამა ალექსიმ სამი წელიღა იცოცხლა, ბიჭმა - ექვსი და თვრამეტი წლისა გარდაიცვალა.

* სოფიო ქმარმა მიატოვა, მისი ერთადერთი იმედი, სამი წლის ათანასე, ლამაზი და ჯანმრთელი ბიჭი, ორი დღის წინ გარდაიცვალა. სასოწარკვეთილი დედა ეფერებოდა გაცივებულ ხელზე, მერე გულიდან აღმოხდა სულისგამყინავი ყვირილი: "დედაო ჩემო, ღვთისმშობელო, როგორ დავიჯერო ეს?!“ გონს გადასული ქალი ფიქრებით სხვა სამყაროში გადადის. უამრავ ხალხს ხედავს, მათ შორის თავის გარდაცვლილ მშობლებს, რომლებსაც ხელთ მისი საბრალო ბავშვი უპყრიათ. სოფიო ცდილობს, მათ შვილი წაართვას, მაგრამ ამაოდ. გონს მოსული ღვთისმშობელს ევედრება, - დამიბრუნე ჩემი ვაჟი! მუხლმოყრილი გევედრები შენი ხატის წინაშე“(ტინოსის ღვთისმშობლის წინაშე ლოცულობდა). განთიადისას დაუჯერებელი რამ მოხდა: მკვდარ ბავშვს ტუჩები შეუვარდისფრდა. უსიცოცხლო სხეულმა ამოისუნთქა. დედა დაჟინებით დააკვირდა, ხომ არ მეჩვენებაო. ბოლო ეჭვი სუსტმა ხმამ გაუქარწყლა. მრავალი წლის შემდეგ კუნძულ ევბეიდან კანადაში გადასახლებულმა ქალმა სამადლობელო წერილი გამოუგზავნა ტინოსის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის წინამძღვარს.

* წმინდა ნინოს შემოსვლის შემდეგ, როცა მცხეთის ჯვარი აღმართეს, უამრავი სასწაული აღესრულებოდა. მეფე რევის მცირეწლოვანი ძე გარდაეცვალა. შეწუხებულმა მეფემ წმინდა ნინოს სთხოვა: - თუ შენი ჯვარი ჩემს მკვდარ შვილს გააცოცხლებს, გპირდები, რომ ამ ჯვარს ძვირფას კუბოს გავუკეთებო. წმინდა ნინომ ბავშვი ჯვართან დაასვენებინა და შეევედრა უფალს ყრმის გაცოცხლება. დაასრულა თუ არა ლოცვა, ყრმა წამოხტა ფეხზე, რევიმ აღთქმა შეასრულა - ჯვარს ლუსკუმა გაუკეთა.

* ერთმა დედაკაცმა ჯვართან თავისი გარდაცვლილი ყრმა მოიყვანა და მის წინაშე დიდი სასოება აჩვენა. ამ დროს ჯვრიდან ელვა გამოკრთა და მოისმა ხმა: - "ჰოი, დედაკაცო, დიდია შენი სარწმუნოება და მელმის ტკივნეულობასა მაგას შენსა ზედა, რამეთუ შენისა მაგის სასოებისთვის მოგანიჭებ უკვე ძესა შენსა ცოცხალსა". მეყსეულად წამოდგა ყრმა და კისერზე შემოეხვია დედას...