"აღდგომიდან ამაღლებამდე" - კვირის პალიტრა

"აღდგომიდან ამაღლებამდე"

საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" უკვე მეშვიდედ შემოვიდა ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში, როგორც ნამდვილი ზეიმი. უდიდესი დღესასწაული, აღდგომის შემდეგ ტრადიციად ქცეული ფესტივალი, ამჯერადაც მუსიკალური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებსა და შემსრულებლებს წარმოგვიდგენს, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ რჩება მხოლოდ თბილისის საზღვრებში - მთელ საქართველოს მოიცავს. როგორია ფესტივალის წლევანდელი გეგმები, ამ საკითხზე საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარეს, პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელ ლაშა ჟვანიას ვესაუბრეთ:

- VII საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" 18 აპრილს გაიხსნა, ხუთი დღის განმავლობაში თბილისში ჩატარდა, 24 აპრილს სტეფანწმინდას ეწვია, 8 მაისს მარტვილს ესტუმრება, კერძოდ სალხინოს, 22 მაისს - ქუთაისს და ამაღლებას, 24 მაისს კი ბათუმში დაიხურება.

კვირაცხოვლობას, ფესტივალის თბილისის ნაწილის დახურვის დღეს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიურმა ორკესტრმა ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით დანანა ქავთარაშვილის (სოპრანო), სულხან გველესიანის (ბანი) მონაწილეობით შეასრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმიდესის და უნეტარესის, ილია II-ის AGNUS DEI (კრავი ღვთისა). ეს საგალობელი ლიტურგიის დასკვნითი ნაწილია.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი აშშ-ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალში ცნობილი უცხოელი მუსიკოსები, საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებლები, საორკესტრო და საგუნდო კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას. ძალიან საინტერესო კონცერტია დაგეგმილი სალხინოში. ორკესტრს უდირიჟორებს ესპანეთიდან მოწვეული დირიჟორი მარიანო რივასი. ესპანელი დირიჟორის შემოქმედებითი ბიოგრაფია შედარებით ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, დატვირთულია საინტერესო ფაქტებით.

ის თანამშრომლობს ცნობილ საორკესტრო თუ საგუნდო კოლექტივებთან - ოვიედოს საოპერო ფესტივალის  გუნდთან, "მოსკოვის ვირტუოზებთან", ესპანეთის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან და გუნდთან, პაბლო სარასატეს და მალაგას ფილარმონიულ, ფრანკფურტის სიმფონიურ და სხვა ორკესტრებთან... შესრულდება მუსიკა ჩარლი ჩაპლინის ფილმებიდან. ამ კონცერტით ორკესტრი დირიჟორთან ერთად გასტროლებზეც მიდის... ქუთაისში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი და ალექსანდრე კორსანტია შეასრულებენ ნაწარმოებებს.

ფესტივალი ბათუმში სოსო ბარდანაშვილის საღამოთი დასრულდება. ის ისრაელში ცხოვრობს და მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორია. შარშან ფესტივალზე გვქონდა მისი "ოცდამეერთე ფსალმუნი". ასზე მეტი ნაწარმოების ავტორია, მათ შორის ოთხი ოპერის, ორი ბალეტის, სამი სიმფონიისა...

- შარშანდელი ფესტივალი ეძღვნებოდა ნოდარ ანდღულაძის იდეის საბავშვო ოპერის შექმნის განხორციელებას, წელს რას ეძღვნება ფესტივალი?

- წელს ფესტივალი საორგანიზაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლისთავს ეძღვნება; გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ახალი ეპოქის 35 წელი... ფესტივალით, პრაქტიკულად, ვიწყებთ პატრიარქის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავის აღნიშვნას. კულმინაცია იქნება კონცერტი შემოდგომით, რომელსაც იგივე საორგანიზაცო საბჭო ჩაატარებს, შედგება კათოლიკოს-პატრიარქის ახალი ნაწარმოების თE DEUM პრემიერაც.

AGNUS DEI - კრავი ღვთისა

ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიებში (VII საუკუნის ბოლო) - AGNUS DEIროგორც პურის განტეხის თანმხლები საგალობელი, ღვთისმსახურებაში იყო ჩართული. თავდაპირველად იგალობებოდა ხალხის, ხოლო XIII საუკუნიდან - ღვთისმსახურის მიერ.