ქართველი მონა, რუმინელი ხალხის სულიერი მწყემსი - კვირის პალიტრა

ქართველი მონა, რუმინელი ხალხის სულიერი მწყემსი

26 ივნისი - წმინდა ანთიმოზის ხსენების დღე

ერთი რუმინელი ისტორიკოსი წერს: "რამდენჯერაც დახედავს მზე რუმინეთის მიწას, იმდენჯერ გაიხსენებს რუმინელი ხალხი სიყვარულითა და პატივისცემით ანთიმ ივერიელს, რომელმაც ჩადო საძირკვლის ქვა რუმინეთის ეროვნული კულტურის ბალავარში და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდა მისი თავისუფლებისთვის". წმინდა ანთიმოზის ხსენების დღე რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჯვართამაღლებას, 27 სექტემბერს, დაადგინა, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ - 26 ივნისს.

...კონსტანტინოპოლის ბაზარს ათვალიერებს დოსითეოსი, პატრიარქი იერუსალიმისა. ერთგან ხეში გამოკვეთილ უმშვენიერეს ვაზის ჩუქურთმას ჰკიდა თვალი და გაშეშდა. გამყიდველს ჰკითხა, - ვისი ნახელავიაო. ჩემი მონისო, - მიუგო თურქმა და იქვე მჯდომ ყმაწვილზე მიუთითა. "რა გქვია და სადაური ხარ?" - ჰკითხა დოსითეოსმა ახალგაზრდას. მღვდელმთავარს  თავი მოუდრიკა ჭაბუკმა - ქართველი ვარ, ანდრია მქვიაო. თუმცა კი ძვირი დაუფასა თურქმა, მღვდელმთავარმა მაინც იყიდა მისგან ქართველი მონა...

ამ თქმულების გარდა წმინდა ანთიმოზის სიჭაბუკეზე არაფერია ცნობილი. არ ვიცით, საქართველოს რომელი კუთხიდან იყო, როგორ მოხვდა კონსტანტინოპოლში. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ სამხრეთ საქართველოდან უნდა გაეტაცათ. სხვების აზრით კი, სიჭაბუკეში რუსეთში ახლდა მეფე არჩილს და ეხმარებოდა ქართული სტამბის გამართვაში. უკან, სამშობლოში მომავალი, ლეკებმა დაიჭირეს და მონად გაყიდეს. ცნობილია ისიც, რომ მის მშობლებს მარიამი და იოანე ერქვათ.

იერუსალიმის პატრიარქის კარზე წმინდა ანთიმოზს სრულუყვია განათლება და ოსტატობა. მისი თანამედროვე წერს: "ბრწყინვალედ ფლობდა ხელოვნების ყველა დარგს, განსაკუთრებით - მხატვრობას, მოჩუქურთმებას, ქსილოგრაფიას, იყო შესანიშნავი კალიგრაფი, ნიჭიერი მოქანდაკე, ჰქონდა ენციკლოპედიური ცოდნა, ბრწყინვალედ იცოდა საღვთო წერილი, მამათა სწავლებანი, კლასიკური ლიტერატურა".

წმინდა ანთიმოზი მიიწვია ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ. მაშინ ის უკვე მღვდელ-მონაზონი ყოფილა. იმ დროს ვლახეთში ერთადერთი სტამბა იყო. წმინდა ანთიმოზის მეცადინეობით კი ოთხი ახალი სტამბა გაიმართა, სადაც იბეჭდებოდა წიგნები რუმინულ, ბერძნულ,  სლავურ, არაბულ და თურქულ ენებზე.  გარდა სასულიეროსი, სტამბებში იბეჭდებოდა სასკოლო სახელმძღვანელოები მეცნიერების სხვადასხვა დარგში. იმდროინდელ ვლახეთში ბერძნულმა ენამ თითქმის გააძევა რუმინული ეკლესია-მონასტრებიდან. ამიტომაც წმინდა ანთიმოზი ბუქარესტში ბეჭდავს სახარებას ბერძნულ და რუმინულ ენებზე. ამით მან ყველას დაანახა, რომ რუმინულ ენას ძალუძდა მთელი სიზუსტით, და სიღრმით გადმოეცა უცხოენოვანი ტექსტი. 1694 წელს ბეჭდავს პირველ წიგნს რუმინულ ენაზე, ესაა "დავითნი". ამავე წელს ბუქარესტიდან გადადის სნაგოვოს მონასტერში მონასტრის წინამძღვრად. აქაც გამოსცემს წმინდა სახარებას რუმინულ ენაზე. ტექსტის ბოლოში ერთობ საგულისხმო მინაწერია: "ვითარცა უცხო მხარეში დიდხანს მყოფ ადამიანს სურს სამშობლოს ხილვა, ხოლო ქარიშხლისგან ტანჯულნი ღმერთს ემუდარებიან მყუდროებას, ასევე მბეჭდავს სურს და ახარებს წიგნის გასრულება". სამშობლოს დიდი მონატრება იგრძნობა ამ სიტყვებში, მაგრამ ვლახეთი ქცეულიყო მის მეორე სამშობლოდ, ვლახეთი, რომელიც იმ დროს თურქთა უღელქვეშ იტანჯებოდა, კათოლიკეებიც ესეოდნენ მართლმადიდებელ ქვეყანას, სტაცებდნენ მრევლს.

1698 წელს ვლახეთს ეწვია ანტიოქიის პატრიარქი და ვლახეთის მთავარს დახმარება სთხოვა არაბულ და ბერძნულ ენებზე სალიტურგიო წიგნების გამოცემაში. კონსტანტინემ ეს საქმე წმინდა ანთიმოზს დაავალა, მანაც ჩვეული გულმოდგინებით დაამზადა არაბული შრიფტი და 1701 წელს დაბეჭდა არაბული და ბერძნული სალიტურგიო წიგნები. ანტიოქიის პატრიარქი წმინდა ანთიმოზის ღვაწლზე ამბობდა: "რა შეგვიძლია მივცეთ მას ასეთი დიდი წყალობის ნაცვლად, როგორ დავაფასოთ სათანადოდ მისი ამაგი ჩვენ, ღარიბ-ღატაკებმა, როგორ მივუზღოთ სამაგიერო ასეთი განძისთვის?" ვლახეთში არაბულ-ბერძნულ ენებზე "კონდაკისა" და "ჟამნის" დაბეჭდვის შემდეგ სირიის ქალაქ ჰალაბში გაიმართა პირველი ეროვნული სტამბა არაბეთში. ამით საფუძველი დაედო ქრისტიანული წიგნების ბეჭდვას აღმოსავლეთში.

1705 წელს წმინდა ანთიმოზი აირჩიეს რიმნიკის ეპისკოპოსად. მან სნაგოვოდან რიმნიკში ჩაიტანა სასტამბო მოწყობილობა და გამოსცა 640-გვერდიანი "სადღესასწაულო". იგი სპეციალისტთა აზრით - ბეჭდვითი ხელოვნების უბრწყინვალესი ნიმუშია. მიტროპოლიტ თეოდოსის გარდაცვალების შემდეგ, 1708 წლის 21 თებერვალს წმინდა ანთიმოზს ჩაბარდა უნგრეთ-ვლახეთის სულიერი მწყემსობა. ამის   გამო ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი აღფრთოვანებული წერდა: "მოვიდა დიდი ადამიანი ვლახეთის მიწაზე, მოიტანა სინათლე ღვთაებრივმა ანთიმოზმა, უნგრეთ-ვლახეთის იერარქმა, შვილმა ბრძენ ივერთა მოდგმისა".

როგორც მღვდელმთავარს, მიეცა ხელმწიფება - ეკლესია-მონასტრებში მხოლოდ რუმინულ ენაზე ლოცვა ებრძანებინა. იერუსალიმის პატრიარქი კი კატეგორიულად მოითხოვდა ვლახეთის ეკლესია-მონასტრების რელიგიურ-ადმინისტრაციულ დამორჩილებას. ამან წმინდა ანთიმოზის სასტიკი პროტესტი გამოიწვია. 1713 წელს წმინდა ანთიმოზი იწყებს ბუქარესტში ყოველთა წმინდათას მონასტრის შენებას. პატრიარქისგან გამოითხოვა სიგელი, რომლის ძალით ამ მონასტერს სრული დამოუკიდებლობა მიენიჭა.

მისი მიტროპოლიტობისას ვლახეთში ოცზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო და აღდგა. რუმინელი მკვლევრები ანთიმოზ ივერიელის მათ გეგმაში, ფანჯრის საპირეებში თუ სხვაგან ქართული ხელოვნების გავლენას ხედავენ. გადმოცემით, წმინდა ანთიმოზს მოუხატავს ყოველთა წმინდათას მონასტრის მთავარი ხატი. მისივე ნახელავია ამ მონასტრის ეკლესიის მთავარი კარი, ხოლო წმინდა ანთიმოზის მიერ შედგენილი ტიპიკონი ჩასმულია ოქროში გამოყვანილი ქართული ორნამენტებით შემკული ტყავის ყდაში. ცალკეა აღსანიშნავი მისი ღვაწლი თბილისის სტამბის დაარსებისას. ვახტანგ VI-ის თხოვნით, მან იშუამდგომლა კონსტანტინე ბრინკოვიანუსთან და თბილისში სტამბის გასამართად გამოგზავნა თავისი საუკეთესო მოწაფე მიხაილ იშტვანოვიჩი, რომელმაც აქ რამდენიმე წიგნი დაბეჭდა ქართულ ენაზე...

1711 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, თითქოს გაჩნდა იმედი თურქთა ორსაუკუნოვანი მონობისგან განთავისუფლებისა. ვლახეთის მთავარს ომის დასაწყისში აშკარად რუსული ორიენტაცია ჰქონდა, მაგრამ საომარ მოქმედებათა მსვლელობისას კონსტანტინე ბრინკოვიანუ შეყოყმანდა, ლოდინისა და ლავირების პოლიტიკა არჩია. მაშინ წმინდა ანთიმოზმა პრორუსულად განწყობილი დიდგვაროვნები შეკრიბა და გადაწყდა, დახმარებოდნენ რუსებს. წმინდა ანთიმოზის მითითებით, ვლახეთის ჯარების მხედართმთავარი მოსალაპარაკებლად გაიგზავნა პეტრე პირველთან. მაგრამ, სამწუხაროდ, წმინდა ანთიმოზის და თავისუფლებისმოსურნე ვლახების იმედი არ გამართლდა. რუსეთ-თურქეთი დაზავდნენ. ომის დამთავრების შემდეგ გაბრაზებულმა კონსტანტინემ უსაყვედურა წმინდა ანთიმოზს "პოლიტიკაში ჩარევა" და მოსთხოვა, უარი ეთქვა მიტროპოლიტობაზე. წმინდა ანთიმოზმა განუცხადა, - ნებით ვტოვებ მიტროპოლიტობასო. ის არწმუნებდა კონსტანტინეს თავის ერთგულებაში, ხოლო მის უნებართვოდ გამართულ დიდგვაროვანთა კრების გამო განუცხადა: "ეს გავაკეთე მხოლოდ ჩემი, როგორც ერის სულიერი მწყემსის, მოვალეობისა და ვალდებულების გამო" (მკითხველს ალბათ გაახსენდება წმინდა ამბროსი ხელაიას სიტყვები კომუნისტებისადმი: "მე აღვასრულე ჩემი მოვალეობა"). წმინდა ანთიმოზმა გული მოულბო კონსტანტინეს, რომელიც დარწმუნდა, რომ არ შეეძლო დარჩენილიყო ბრძენი ანთიმოზის რჩევის გარეშე და დატოვა თავის ადგილზე. სამი წლის შემდეგ კონსტანტინე ბრინკოვიანუ, თავის ოთხ ვაჟთან ერთად, თურქებმა დააპატიმრეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. უარის შემდეგ თავები მოჰკვეთეს, შუბებზე ააგეს და კონსტანტინოპოლის ქუჩებში ჩამოატარეს, ცხედრები ზღვაში გადაყარეს. ისინი ერთმა მენავემ გამოასვენა და პატარა კუნძულ ჰალვის მონასტერში მიაბარა მიწას.

1715 წელს თურქებმა თავი მოჰკვეთეს ვლახეთის მომდევნო მთავარს და მამამისს. ამის შემდეგ ვლახეთში დადგა ფანარიოტთა ბატონობის ხანა. სულთნისგან მთავრად მოგზავნილმა ფანარიოტმა (კონსტანტინოპოლის ფანარის რაიონის მკვიდრთ უწოდებდნენ) ნიკოლო მავროკორდატმა, უწინარესად რუსული ორიენტაციის დიდგვაროვანთა დევნა დაიწყო. გააუქმა ეროვნული კრება და დიდგვაროვანთა ადგილას თან წამოყვანილი ჩარჩ-ვაჭრები და მევახშეები დასვა. რამდენიმე წელიწადში ვლახეთის მოსახლეობა განახევრდა, ფანარიოტები სიმდიდრეში ცურავდნენ. მათ მიჰბაძეს ვლახმა მთავრებმაც, ისინი უკვე უკადრისობდნენ "რუმინელობას", იცვამდნენ ბერძნულად და დაჟინებით ებრძოდნენ "რუმინულ ნაციონალიზმს". მთავარს დაგეგმილი ჰქონდა რუმინული სკოლების დახურვა, რუმინული ენის განდევნა სასახლის კარიდან, ეროვნული ჯარის ნაწილების შეცვლა თურქთა რაზმებით, მხოლოდ იმ ეკლესია-მონასტრების დახმარება, სადაც ღვთისმსახურნი ბერძნები იქნებოდნენ. ფანარიოტელთა პოლიტიკის წყალობით ვლახი ხალხი ორმაგი უღლის ქვეშ აღმოჩნდა - თურქთა ბატონობას ფანარიოტის მბრძანებლობაც დაემატა.

წმინდა ანთიმოზმა შემოიკრიბა ქვეყნის ერთგული ვლახი დიდგვაროვნები და დაელოდა ხელსაყრელ მომენტს. თურქეთსა და ავსტრიას შორის ატეხილი ომიც თითქოს რაღაც იმედს უსახავდათ, მაგრამ ეს გეგმაც ჩაიფუშა. დამპყრობლებმა დიდგვაროვანთა ნაწილი ამოხოცეს, ნაწილი ციხეში ჩაყარეს და ტანჯვა-წამებით ამოხადეს სული.

ქვეყანაში საშინელი ტერორი მძვინვარებდა, მაგრამ მღვდელმთავარს არც გაქცევით და არც დამალვით არ უცდია თავის გადარჩენა. აი რას წერს  მემატიანე: "როდესაც ეტლი, რომელშიც მიტროპოლიტი იჯდა, გაჩერდა სასახლის წინ, მას თურქი ჯარისკაცები მისცვივდნენ, გადმოაგდეს, შემოახიეს სამოსელი, დააგლიჯეს წვერ-ულვაში, შემდეგ წაათრიეს და სარდაფში ჩააგდეს". ნიკოლო მავროკორდატმა წმინდა ანთიმოზს უბრძანა, უარი ეთქვა ვლახეთის მიტროპოლიტობაზე. ივერიელმა უარი შეუთვალა. ნიკოლომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს, იერემიას, სთხოვა დახმარება. მანაც დიდი სიამოვნებით შეკრიბა ბერძენი ეპისკოპოსნი და წმინდა ანთიმოზი "ამხილა" მისნობასა და საეშმაკო საქმიანობაში. ის განკვეთეს ეკლესიიდან, აჰყარეს სამღვდელო ღირსება, დაუბრუნეს საერო სახელი ანდრია, თავზე წითელი თურქული ფესი დაახურეს. ფანარიოტებმა იცოდნენ, როგორ უყვარდათ რუმინელებს თავიანთი მღვდელმთავარი, ამიტომაც წმინდა ანთიმოზი შუაღამისას გაიყვანეს ბუქარესტიდან. სინას მთისკენ მიმავალი კი ასო-ასო აკუწეს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემიამ სინოდის სხდომაზე გააუქმა წმინდა ანთიმოზის საყვარელი მონასტრის, ყოველთა წმინდათას, დამოუკიდებლობა.

წმინდა ანთიმოზის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი მკვლელთა მიმართ სიძულვილმა შეცვალა. თაობიდან თაობას გადაეცემოდა სისხლით დაღდასმული მათი სახელები.