მამა გაგიმ ჯოჯოხეთური ტანჯვა დაითმინა, მაგრამ სულით არასოდეს დაცემულა... - კვირის პალიტრა

მამა გაგიმ ჯოჯოხეთური ტანჯვა დაითმინა, მაგრამ სულით არასოდეს დაცემულა...

"თამარ მეფის უშვერად მოხსენიებისთვის  რუს პოლკოვნიკს სილა გააწნა"

როდესაც მოწამეთას მონასტრის წინამძღვრის აწ გარდაცვლილი არქიმანდრიტ თორნიკეს (გაგი მოსეშვილის) ცხოვრებას გაეცნობით, ალბათ, ჩემსავით გაიფიქრებთ, რომ მეოცე საუკუნის კაცის კი არა, ძველი ქრისტიანის ცხოვრება წაიკითხეთ. თუმცა, ეს მსგავსება მხოლოდ სულიერი არ არის, - მამა გაგი გარეგნულადაც ძალზე მიაგავდა ფრესკიდან გადმოსულ ძველ, "ღმერთშემოსილ" მამებს.

გასულმა ასწლეულმა ღვთის სრული მივიწყებისა და უარყოფის წყვდიადში მაინც შვა მისი მსგავსი მოღვაწენი, სიმდაბლით, სიმტკიცით და უდიდესი რწმენით რომ ატარებდნენ თავიანთ ცეცხლოვან საბერო ჯვარს და მბრწყინავი კანდელებივით თუ მარტოხელა შუქურებივით უნათებდნენ გზას ადამიანებს უკუნი და მღელვარე უფსკრულის თავზე.

გვესაუბრება მამა გაგის შვილი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი რევაზ მოსეშვილი.

KvirisPalitra.Ge- მამა რევაზ, თქვენ და თქვენს ოჯახს ძალზე საინტერესო ისტორია გაქვთ. რამ განაპირობა თქვენი ეკლესიური ცხოვრება?

- 1954 წლის 8 ივნისს ქუთაისში დავიბადე. მამა ჩემს დაბადებას არ შესწრებია, რადგან როგორც პოლიტიკური პატიმარი, შუა აზიაში გადაასახლეს... იგი მხოლოდ რვა წლისამ ვნახე, 1962 წელს, როცა გადასახლებიდან დაბრუნდა, ქუთაისიდან ბათუმს წამიყვანა, სადაც იმხანად მღვდელმთავრის ხარისხში მისი უწმინდესობა, ილია მეორე მოღვაწეობდა.

მამა გაგი, რომელიც კომუნისტებმა "პოლიტიკურ რეციდივისტად" მონათლეს, მხოლოდ ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის მშობლებმა შეიფარეს. დამეთანხმებით, ეს იმ დროს გმირობის ტოლფასი იყო.

ბუნებრივია, მამამ პატრიარქს მიმაბარა, მისი სულიერი შვილი გავხდი და 8-9 წლის თუ ვიქნებოდი, პირველი აღსარება რომ ჩავაბარე და ვეზიარე. ეს წუთები არასდროს დამავიწყდება... რომ წამოვიზარდე, სწავლა სასულიერო სემინარიაში გავაგრძელე...

ერთ წელიწადში პატრიარქმა დავით მეხუთემ (დევდარიანმა) დიაკვნად დამასხა ხელი; მომდევნო წელს კი მისივე რეკომენდაციით ზაგორსკის სერგიევ პოსადის სასულიერო აკადემიაში ჩავირიცხე, ხოლო როდესაც საპატრიარქო ტახტზე მისი უწმინდესობა ილია II აღიყვანეს, მან იმავე წელიწადს მაკურთხა მღვდლად და სიონის საკათედრო ტაძარში განმაწესა.

1979 წლიდან დღემდე ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ქუთაის-გაენათის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში ვმსახურობ, მყავს მეუღლე და შვილები.

- თქვენ ცნობილი სასულიერო პირის, არქიმანდრიტ თორნიკეს (ერისკაცობაში - გაგი მოსეშვილის), როგორც მას ხალხი უწოდებდა, მამა გაგის ვაჟი ბრძანდებით. ეგებ გვესაუბროთ მის ლეგენდად ქცეულ ცხოვრებაზე?

- მართალი გითხრათ, ძალზე მიჭირს მამაზე საუბარი... ჯოჯოხეთური ტანჯვა გადაიტანა, მაგრამ სულით არ დაცემულა...

მამა 1916 წელს, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ჩვენთან ავადსახსენებელი მეთერთმეტე არმია რომ შემოვიდა, ხუთიოდე წლის იყო. რადგან მშობლები საქართველოდან გახიზნულნი იყვნენ, მისი აღზრდა მამიდებმა იკისრეს. თუ რამ ებადათ, ბოლშევიკებმა ჩამოართვეს. სკოლა თბილისში დაამთავრა და სწავლა სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო. მეოთხე კურსზე იყო, უწმინდესი კალისტრატე ცინცაძისგან კაბის ტარების უფლება რომ მიიღო, ინსტიტუტი დატოვა და ზედაზენს წავიდა მორჩილად.

ერთხელ მეგობრებმა მიაკითხეს. გაიმართა ტრაპეზი, რომლის დროსაც მონასტრის ეზოში რუსი ცოლ-ქმარი მხლებლებთან ერთად შემოვიდა. როგორც ქართველებს გვჩვევია, მამამ სუფრასთან მიიწვია... ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ მამას სთხოვა, საქართველოს ისტორიაზე გვესაუბრეთო... მამა გაგი საკმაოდ ნაკითხი გახლდათ, ჩვენი წარსულის ჩინებული მცოდნე და, ბუნებრივია, საუბარი საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლიდან დაიწყო და როდესაც თამარის ეპოქას შეეხო, საგანგებოდ გამოკვეთა ქალი მეფის როლი... რუსმა პოლკოვნიკმა ქართველთა სიწმინდე - თამარი უშვერი სიტყვებით მოიხსენია. მამა განრისხდა, პოლკოვნიკს სილა გააწნა, ამ უკანასკნელმა თავი ვეღარ შეიკავა და აგიზგიზებულ ბუხარში ჩავარდა... სტუმარი სერიოზულად დაშავდა, მაგრამ მამამ მალევე განკურნა... იგი კა-გე-ბეს თანამშრომელი აღმოჩნდა და რამდენიმე დღეში საკავშირო უშიშროების კომიტეტმა მამა საბჭოეთის მოღალატედ და ინგლისის აგენტად გამოაცხადა.

მამაჩემი კოლიმაში გადაასახლეს... ახალგაზრდა, ენერგიული კაცისთვის ეს უმძიმესი წლები იყო. მკაცრმა კლიმატმა, შიმშილმა, სიცივემ და მძიმე ყოფამ ჯანმრთელობა შეურყია და სიმსივნით დაავადდა... სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. მოიწვიეს ებრაელი ქირურგი, რომელმაც საოპერაციო მაგიდაზე მამას გულიდან ჯვრის მოხსნა მოსთხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო...

დიდი შეხლა-შემოხლის შემდგომ ოპერაცია გაკეთდა, მაგრამ უნარკოზოდ... მამას ამ ყველაფრის შემდეგ სხეული თითქმის ულპებოდა, საშინელი სუნი სდიოდა და აუტანელი ტკივილები ჰქონდა.. რომ არავინ შეეწუხებინა, დამლაგებლის საკუჭნაოში განმარტოვდა, იატაკზე იწვა და ლოცვაში ათენ-აღამებდა...

ერთ ღამეს ხილვაში დედა ღვთისა ნახა, რომელმაც ანუგეშა და ტკივილი დაუამა, მეორე ღამით კი ბებიამისი, ოლღა გაჩეჩილაძე დასიზმრებია, რომელმაც სამკურნალო ბალახების სახელები ჩამოუთვალა და მათი დამზადების წესზე მიანიშნა...

რამდენადაც მამას სიარული არ შეეძლო, ბალახები კოლიმაში გადასახლებულმა ქართველმა პატიმრებმა შეუგროვეს და თავისივე ხელით დამზადებული წამლით თანდათან განიკურნა (ეს ჩვენი საგვარეულო წამალია და დღესაც ბევრი მომხმარებელი ჰყავს). ის ებრაელი ექიმი თურმე დაცინვით მოიკითხავდა ხოლმე მამას, - ისევ ცოცხალიაო? ხოლო როდესაც სრულიად ჯანმრთელი იხილა, განცვიფრებულმა პატიება სთხოვა და, თქვენ წარმოიდგინეთ, მოინათლა კიდეც. როგორც მამა იტყოდა ხოლმე, იმ შავბნელ ეპოქას ვერც ის მოქცეული ებრაელი გადაურჩა...

გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, ერთხანს ლენინგრადში, სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა, მაგრამ სამშობლოსთან და ახლობლებთან განშორებას ვერ გაუძლო, საქართველოს დაუბრუნდა, უწმინდეს კალისტრატეს კვლავ აკურთხებინა კაბა და ბეთანიის მონასტერში წავიდა, სადაც აწ წმინდანთა დასს შერთულ გიორგი მხეიძეს და იოანე მაისურაძეს დაუახლოვდა, თუმცა ბოროტმა არც იქ მოასვენა.

ერთ მშვენიერ დღეს ე.წ. "ჩორნი ვარონამ" მიაკითხა და... როგორც პოლიტიკურად არასანდო, შუა აზიაში გადაასახლეს.

ისევ დაიწყო საშინელი დღეები და მტანჯველი წლები. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს... პატიმრობიდან რომ მობრუნდა, შიომღვიმის მონასტერში მივიდა მორჩილადM, მაგრამ სატანურმა მანქანამ კვლავ თავისი გაიტანა, მესამედაც დაიჭირეს და კვლავ შუა აზიაში უკრეს თავი... საბოლოოდ, 1962 წელს დაუბრუნდა სამშობლოს.

მისთვის ხშირად მიკითხავს, თუ რა ძალამ დაათმენინა ამდენი ტკივილი და იცით, რა მიპასუხა? - ყველაფერი ღვთის, მამულის, რწმენის, ახლობლებისა და მეგობრების სიყვარულმა გადამატანინა, ყოველთვის ვგრძნობდი, უფალი რომ ჩემთან იყო და იმ გაუსაძლის წლებშიც  მუდამ ვცდილობდი, ადამიანად დავრჩენილიყავი.

გადასახლებიდან დაბრუნების შემდგომ მამას ყველა დიდ ქალაქში აეკრძალა ცხოვრება. ოჯახს უკიდურესად უჭირდა, ხელისუფლებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან იგნორირებულნი ვიყავით, ერთადერთ მხსნელად და ქომაგად ჩვენი პატრიარქი, ილია მეორე მოგვევლინა. სწორედ მისი დაჟინებული თხოვნით და ლოცვა-კურთხევით დაინიშნა მამა ჯერ გუდაუთის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვრად, შემდეგ კი - ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად... ბოლოს ბერად აღიკვეცა და არქიმანდრიტის ხარისხში მოწამეთას მონასტერს წინამძღვრობდა. სწორედ მის წიაღში განისვენებს მისი სხეული, - მამა 2007 წლის თებერვალში მიიცვალა...

- მამა რევაზ, ძნელია მამა გაგის შვილობა?

- უდიდესი პასუხისმგებლობაა ასეთი წარსულის მქონე ადამიანის შვილობა. მისი დიდი წარსულის ჩრდილში ვარ და მადლობა უფალს, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ!

- თანამედროვეობის უმწვავეს პრობლემად რა მიგაჩნიათ?

- ახალგაზრდობის უმრავლესობის რწმენა ზედაპირულია. ღმერთი მხოლოდ მაშინ არ უნდა გაიხსენო, როცა გჭირდება. მიმოიხედეთ, ირგვლივ ერთურთის გაუტანლობა, შური, მტრობა და მშობელთა უპატივცემულობა სუფევს, რაც ზედაპირული რწმენის შედეგია. ახალგაზრდები ძალიან მიყვარს და მათი კეთილი მომავალიც მეიმედება. ღმერთმა დალოცოს ისინი, მათგან ყოველი ბოროტი განაგდოს და საქართველო ნათელი სამოსით შემოსოს. სრულიად საქართველოს კი ვუსურვებ, ცხოვრების წესად ათი მცნება დაიმკვიდროს და ჩასწვდეს იმ სიბრძნეს, ღმერთმა კაცთა მოდგმას რომ უანდერძა. ეს იოლი გზა სულაც არ გახლავთ, მაგრამ ერთადერთი და გადამრჩენია.

- დაგვლოცეთ, მამაო.

- ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

მანანა ტუაევამ