"დედა, რომ იცოდე, როგორ ძალიან მინდა სიცოცხლე" - კვირის პალიტრა

"დედა, რომ იცოდე, როგორ ძალიან მინდა სიცოცხლე"

მას მშობლიური ქალაქი თვალით არ უნახავს. არც ომის მომსწრე იყო. მისმა მშობლებმა ემზარ მილორავამ და მილედი ჩხვიმიანმა ომის ქარცეცხლში, ერთ ბატალიონში გაიცნეს ერთმანეთი. "ომის შვილებს" 1994 წლის 23 თებერვალს, ჭუბერში ვაჟი დაებადათ და უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიძის პატივსაცემად (ომის დროს სატანკო მეორე კორპუსის ბატალიონის მეთაური იყო) ნუგზარი დაარქვეს.

"აი, მივუახლოვდი ტაძარს, დავიჩოქე და ღმერთს შევთხოვე, ერთხელ მაინც მომელამუნებინა ჩემი აფხაზეთისათვის, ერთხელ მაინც ჩამეთვლიმა მის ჭარმაგ დაკოჟრილ ხელებში, ერთი დილა მაინც გამეთენებინა სიცოცხლის მოტრფიალე მზიანეთში, ერთხელ მაინც მეცქირა ჩემი ქალაქის, სოხუმისთვის, ერთი მონატრებული, მდუღარე კურცხალი მაინც დამეღვარა გმირთა საფლავზე" - წერდა 12 წლის ლაღი ყმაწვილი. შემდეგ კი 16 წლის ნუგზარი უმძიმესი სენით დაავადდა. 2010 წლის მაისიდან ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილების პაციენტი, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმსახურებმა ჯერ მორჩილად, 2011 წლის 13 აპრილს კი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, მეუფე იაკობისა და მეუფე შიოს კურთხევით, ბერად აღკვეცეს. სახელად - კომანში მოწამებრივად აღსრულებული მღვდელმონაზვნის ანდრიას (ყურაშვილის) სახელი დაანათლეს.

"როგორ ძალიან მინდა სიცოცხლე?!"

ათი თვე სარეცელს იყო მიჯაჭვული, ტკივილებით გათანგული დედას სთხოვდა მისი ნაფიქრალი ჩაეწერა:

"დე, გემუდარები, შესთხოვე უფალს, ან აღმადგინოს როგორც ლაზარე, ან თავისთან წამიყვანოს. მშვიდად გამიყვანოს, ძალიან ნუ მეტკინება."

"უფალო, ხომ ხედავ 16 წლისა  რაზე ვოცნებობ, არ მითხრათ, რომ მე ვცხოვრობ. ეს სიცოცხლე არ არის. უფალმა სიცოცხლე სხვა რაღაცას დაარქვა. დე, თქვენ მიხანგრძლივებთ აქ ყოფნას და ტანჯვას."

"როდის იქნება ის დიდებული დღე,  ჩემი გარდაცვალებისა, უფალო, რომ დავისვენო. ღვთისმშობელო, შენც ხომ დედა ხარ, დაიტანჯა დედაჩემი ჩემი ყურებით. მადლობა უფალს იმისთვის, რომ დავრბოდი, არ მტკიოდა, იმისთვის, რომ ასე თბილ და მოსიყვარულე ოჯახში ვიზრდებოდი, მადლობა ყველა განსაცდელისთვთის, მადლობა ამ ტკივილებისთვის, უფალო!"

"შენ და მამიკომ უნდა გააძლიეროთ ერთმანეთი, ერთმანეთის ჯვარი უნდა ზიდოთ. თუ ბავშვი არ გეყოლათ, აიყვანეთ და გაზარდეთ. ეს დიდი მადლია. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი.  დედა, რომ იცოდე, როგორ ძალიან მინდა სიცოცხლე. მინდა მონასტერში მოღვაწეობა შევძლო, მაგრამ არ ვიცი, ღვთის ნება იქნება?!"

აღსასრული

2011 წლის 28 ივლისს წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს, 17 წლის მამა ანდრიამ უფალს შეჰვედრა სული. სამუდამო განსასვენებლის შერჩევა სიკვდილამდე შესთავაზეს ცხუმ-აფხაზეთელმა მღვდელმსახურებმა და მანაც წმინდა ანტონ მარტყოფელის სავანე აირჩია.

"ბავშვობიდან ბერობისთვის ემზადებოდა..."

მამა ნიკოლოზი (ნიკოლაიშვილი) - ქუთაისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის დეკანოზი, ბერი ანდრიას პირველი მოძღვარი: "დაწყებითი კლასის მოსწავლე იყო, როდესაც ჩვენს ეკლესიაში მოვიდა (მისი ოჯახი დევნილად ქუთაისში ცხოვრობდა) და მას შემდეგ ტაძრის კალთას არ განშორებია. დედაეკლესიის წიაღში იზრდებოდა, მისი სული ძლიერდებოდა და მადლით ბრწყინდებოდა. ამ მადლის გამოხატულებაა მისი წიგნი "სიკეთის საგალობელი", რომელიც სულიერებით არის გაჟღენთილი. ის არ აცდენდა არც ერთ წირვა-ლოცვას. წლები არ განსაზღვრავს სულიერებას. მამა ანდრიამ მცირე წლებში იმხელა მანძილი განვლო, რომელსაც სხვამ შეიძლება მთელი სიცოცხლე მოანდომოს. ის, შინაგანად ბერობისთვის ბავშვობიდანვე ემზადებოდა, იზრდებოდა ღვთის სიტყვით. ეს იყო მისთვის მაცოცხლებელი".

ვლადიმერ კეჭეხმაძე, ხატმწერი: "ქუთაისში, ერთ ეკლესიაში ვლოცულობდით და ერთი ბარძიმიდან ვეზიარებოდით. მასთან გატარებული ერთი წელი ჩემთვის ღვთის საჩუქარია. იგი უდრტვინველად იტანდა ენით აუწერელ ტკივილებს, განსაცდელი ითმინა და მოწამებრივად აღესრულა".

პაატა ბიწაძე, ონკოლოგიური ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილების პაციენტი: "მამა ანდრიას სკვნილის გაკეთება მე ვასწავლე. როდესაც შინიდან საავადმყოფოში დავბრუნდი, გავოცდი, ისეთი სიბეჯითით იმდენი სკვნილი გაეკეთებინა, 33-იანებს - ერისკაცებს ჩუქნიდა, 50-იანებს მორჩილებს, 100-იანებს - ბერებს. შენ ჩემი მასწავლებელი ხარო - მითხრა და მეც 100-იანი სკვნილი მაჩუქა. მის ფოტოსთან ერთად იმ სკვნილს მოწიწებით ვინახავ."

მილედი ჩხვიმიანი, ბერი ანდრიას დედა: "28 ივლისს, 12 საათზე მითხრა: მე დღეს გარდავიცვლებიო. მღვდელმა მამა ვარახიელმა ამ ქვეყნიდან გასვლის ლოცვა წაუკითხა: გაამხნევა მისმა მოძღვარმა მამა შალვამაც: ეს უკანასკნელი შებრძოლებააო - უთხრა. მე ღვთისმშობლის ლოცვების კითხვა დავიწყე. გაღიმებულმა მთხოვა: ახლა შემეწიე, დე, და მერე ვეცდები იმდენი ვილოცო,M ანგელოზები გავაკვირვოო!

ჩემმა შვილმა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა დამიბარა. მარტო საკუთარ თავზე და მეუღლეზე ზრუნვა არ მეყოფოდა, ჩემი ცხოვრება ფუჭი იქნებოდა...

8 წლის მარიამ ჩხიკვაძეს თავგამოდებით მაბარებდა, მიმიხედეო. გოგონა ორი თვის წინ მიიცვალა. სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები საჩხერეში ჩავედით და მარიამი უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ.

შევქმენით ბერი ანდრიას ფონდი. გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ჩვენი თანადგომა ისურვეს. მათ მიერ შემოწირული თითოეული თეთრი მძიმე სენით გაწამებული ბავშვების ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეს მოხმარდება.

საბანკო კოდი GE 73 TB 71

7153 6080 1000 02

სატელეფონო ზარები

0 901 50 05 35

ჯეოსელი, მაგთი, ბილაინი

მიმღები ბერი ანდრიას ფონდი

სვეტლანა კვიკვინია