ღვთისმშობლის წყალობა არ მოგვკლებოდეს, ივერიელნო - კვირის პალიტრა

ღვთისმშობლის წყალობა არ მოგვკლებოდეს, ივერიელნო

28 აგვისტოს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ მარიამობას - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების (გარდაცვალების) დღესასწაულს. ვულოცავთ ჩვენი გაზეთის მკითხველს, სრულიად საქართველოს. ჩვენი ერის ისტორიაში მრავალი ამბავი მოიძებნება უფლის დედის შეწევნისა, გავიხსენოთ ზოგი მათგანი:

ერთხელ მამა გრიგოლ ხანძთელს ხელმტკივანი ქალი ეახლა. საბრალო ტიროდა და შველას ითხოვდა. ღირსმა მამამ ერთ მღვდელთაგანს ეკლესიიდან ღვთისმშობლის ხატის წინ დანთებული კანდელის ზეთი მოატანინა, თვითონ კი დადგა და ხელაღპყრობილმა ილოცა. ცრემლი მდინარესავით მოედინებოდა მის თვალთაგან. მერე ზეთით ხელებზე ჯვარი გარდასახა და ყოვლადწმინდა სამების სახელით, ჯვრისავე სახით, ზეთი სცხო, თან უთხრა: "განკურნებულ იქმნენ ხელნი შენნიო". ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ქალს ხელი მყისიერად მოურჩა.

სპარსელებმა უთვალავი ლაშქრით გადაწყვიტეს საქართველოზე თავდასხმა. წმინდა თამარ მეფემაც მოუხმო თავის მეომრებს, მათთან ერთად ლოცვაში დაჰყო დღე. შემდეგ კი უთხრა: "ძმანო ჩემნო, მათი სიმრავლისა და თქვენი სიმცირის გამო გული ნუ შეგიდრკებათ. არ გახსოვთ განა, ეზეკიელის ლოცვით ანგელოზმა წამში დასცა ასურისტანელთა ბანაკი. მხოლოდ ღმერთს მიენდეთ, გულნი თქვენნი მის წინაშე სიმართლით გეპყრათ და მთელი თქვენი სასოება ქრისტეს ჯვრისადმი გქონდეთ. წარვედით მათ ქვეყანაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით და ძალითა უძლეველისა ჯვარისათა წარემართენით". დალოცა ჯარი, შეავედრა ღმერთს, გაატანა მათ ძელიცხოველი და თან გააყოლა ანტონ ჭყონდიდელი. თვითონ კი ფეხშიშველი, ტირილით შესთხოვდა მეტეხის ღვთისმშობელს გამარჯვებას, "არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულყო ღმერთმან სათხოველი მისი". მცირე დროის შემდგომ მოიწია სარგის მხარგრძელი და შამქორში ქართველთა მტერზე უნაკლულოდ გამარჯვება აუწყა.

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი თელავის სიახლოვეს, ცივგომბორის მთის ტყიან კალთაზე მდებარეობს. როგორც მატიანე მოგვითხრობს, იგი კახეთის მეფე ლევანსა (1520-1574) და მის მეუღლეს, თინათინ გურიელს აუგიათ. თურმე გურიიდან მომავალ ახალჯვარდაწერილ გვირგვინოსანსა და მის თანამეცხედრეს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერი დგას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა, ღამისთევისას შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან მანამ ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა არ აღუთქვა უფალს.

წმინდა ილარიონ ქართველმა (ძველი) მოილოცა უფლის ფეხდადგმული ადგილები, რამდენიმე დღით წმინდა საბას ლავრას ეწვია. შემდეგ მოწაფე ლავრაში დატოვა, თვითონ კი იორდანიის უდაბნოში, ერთ მღვიმეში განმარტოვდა. უდიდეს ღვაწლში განვლო ჩვიდმეტმა წელიწადმა. ერთ ღამეს წმინდა ილარიონმა კაცი ვინმე იხილა, რომელიც უბრძანებდა: "ადექი და მშობლიურ ქალაქში წადი, რამეთუ სათნო ეყო ღმერთს დედაშენი და დალოცა, არ განვიდეს ამა სოფლიდან, ვიდრე თავის ძეს არ იხილავს. გიბრძანებს, ეახლო დედას, მის ზედა განწესებული აღასრულო და პატივით დაკრძალო, ამის შემდეგ კი განაგრძო მოღვაწეობა, ვითარცა უფალმა გიბრძანოსო".

უმძიმდა წმინდა ილარიონს მღვიმის დატოვება, მაგრამ "განგებულება ღვთისა სხვაგვარად განაგებდა". მეორე ღამეს თვით ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, დაუყოვნებლივ აღესრულებინა, რაც უფალმა აუწყა ანგელოზის პირით.

"იყოს ნება ღვთისა", - თქვა წმინდანმა. შინ დაბრუნებულს მამა და ძმა გარდაცვლილნი დახვდნენ. წმინდა ილარიონმა მშობლების სახლში დედათა მონასტერი მოაწყო, დედა და და მონაზვნად აღკვეცა და იქვე დააბინავა.

მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი 1755 წელს წმინდა მიწისა და ათონის მოსალოცად გაემგზავრა. ათონზე, დიონისოს მონასტერში, მას ქართველი ბერი თევდორე უნახავს, რომელსაც მისთვის თავისი თავგადასავალი უამბია.

თევდორე ქართლელი ყოფილა სოფელ უსიტყისიდან, სამთავისის საყდრის ყმა. როცა ქართლი ლეკებმა მოაოხრეს, ისიც სხვებთან ერთად დაატყვევეს და კონსტანტინოპოლში ერთ უკეთურ თურქს მიჰყიდეს. თურქი სჯულის გამოცვლას აიძულებდა, სცემდა, გუთანში აბამდა. ჰპირდებოდა, თუ მაჰმადიანი გახდები, გაგათავისუფლებ და დაგასაჩუქრებო. მონა უარზე იდგა. ბოლოს, პატრონი სიკვდილით დაემუქრა. თევდორემ სთხოვა, მოსაფიქრებლად ერთი ღამე მიეცა. წავიდა, სანთლები იყიდა, ეკლესიაში აანთო და ღვთისმშობელს შეევედრა: "ტყვედქმნილთა, გლახაკთა და უცხოობაში მყოფთა ხელისაღმპყრობელო, მიხსენ ამ მწარე ტყვეობისგანო".

ლოცვისას ჩათვლიმა. ძილში ორი მოხუცებული გამოეცხადა. ანუგეშეს, - "მხნედ იყავ, თევდორე, ნუ უღალატებ შენს სარწმუნოებას... ღმერთი მოწყალეა, გიხსნის ჭირისა და მწუხარებისგანო".

თევდორეს გაეღვიძა და მადლი შესწირა ყოვლადძლიერ ღმერთს. მივიდა თურქთან და უთხრა: - ასო-ასო რომ ამქნა, რჯულს მაინც არ ვუღალატებო. განრისხებულმა პატრონმა ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა. შუაღამისას თევდორემ ძალ-ღონე მოიკრიბა და გაიპარა. ზღვის პირას, ტყეში, დაქცეულ ეკლესიას შეაფარა თავი. თურქებმა მიაგნეს, მაგრამ ეკლესიის ზღურბლს ვერა და ვერ გადააბიჯეს. მონადყოფილმა მოიმარჯვა ცული და მდევართა მოგერიება განიზრახა, მაგრამ საღვთო ძალამ გარეთ არ გაუშვა. თურქებს ეკლესიაში შესვლის იმედი გადაეწურათ და წავიდნენ.

რახან საფრთხე აღარ ელოდა, თევდორემ გზა განაგრძო და ზღვის ნაპირთან მივიდა. იქ ქრისტიანებმა ნავზე დასვეს და ათონზე მიიყვანეს. ერთ ღამეს ხმა ჩაესმა, რომელიც დიონისოს მონასტერში წასვლას ჩააგონებდა. კითხვა-კითხვით მიაგნო მონასტერს. იქაურ იღუმენს ჩვენება ეხილა მისი მოსვლის შესახებ და ბრძანება მიეღო, რომ უცხოტომელი ბერად აღეკვეცა. თევდორე მისვლის უმალ მონაზვნად აკურთხა.

ერთ ღამეს მამა მატოს სენაკში ქურდები შეიპარნენ. ღირსმა მამამ ღვთის სულით წინასწარ შეიტყო მათი მოსვლა, ტრაპეზი მოუმზადა და ამ სიტყვებით მიეგება: "გიბრძანებთ ღვთისმშობელი, არაფერი მავნოთ. ჭამეთ და თქვენს გზაზე წადითო". ერთმა მათგანმა მაინც მოინდომა მისი გაქურდვა, მაგრამ უეცრად უგონოდ დაეცა. მისი ამფსონები ფეხებში ჩაუცვივდნენ წმინდანს და სნეულის განკურნება სთხოვეს. მამა მატომ ჯვარი გარდასახა დაცემულს, ღვთისმშობლის სახელით განკურნა, შემდეგ ყველას გაუმასპინძლდა და მშვიდობით განუტევა.

ჰერების გადმოცემით, წელიწადში ერთხელ - აღდგომა დღეს, დედა ღვთისმშობელი აღებს ქურმუხის ეკლესიის ქვეშ გამოქვაბულის კარს, გამოდის გარეთ და ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნის. ამ დროს გამოფრინდება ხოლმე შიგნიდან ოქროს მამალი და ყივილს მორთავს. მას ბანს აძლევენ მახლობელი სოფლის მამლები. ერთხელ, როდესაც ჩვეულებისამებრ გამოვიდა მარიამ-დედა და თმის ვარცხნა დაიწყო, თათარი მიეპარა და დაჭერა მოუნდომა, მაგრამ მაშინვე ხელი გაუშეშდა, ღვთისმშობელი კი სასწრაფოდ შებრუნდა გამოქვაბულში და კარი დაიხშო. თათარი შეწევნას შეევედრა ღვთისმშობელსა და წმინდა გიორგის. განიკურნა და ქრისტიანობა მიიღო.

თუშეთში, ჭონთიოდან 4 კმ-ში, მდებარეობს არდოტიდან გადმოტანილი თხურსიეხის ღვთისმშობლის ხატი. სულთმოფენობისას, ანუ "სანებავის" (წმინდა სამების) დღეს, აქ უამრავი მლოცველი მიდიოდა საკლავ-საწირით და ღვთისმშობელს ოჯახის გამრავლებას სთხოვდა: "ღვთისმშობელო არდოტისაო, შენ ჩაგვიგდე ხვაიდ ბარაქა, გვიმატ ფურსა და ფურის ხბოსა, კაცსა კაცრეულობასა... დაგვიწერე მზეწველასა ჯვარიო".

პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში, ძირითადად ქისტები და ჩეჩნეთიდან გადმოსული დევნილები ცხოვრობენ, ამას ემატება ოთხი ქართული ოჯახი. სოფელში 1887 წელს აუგიათ ღვთისმშობლის ტაძარი, მაგრამ დროთა განმავლობაში დაზიანებულა. მისი აღდგენა 1997 წელს დაუწყიათ. მშენებლები თავს არ იზოგავდნენ, მაგრამ ზოგიერთმა ეკლესიის მაშენებლებს მუქარა შეუთვალა, - ჩვენს დაუკითხავად როგორ აშენებთო. ერთ ხნიერ ხელებდაკოჟრილ ხუროს დინჯად უთქვამს,  ჩვენ კი არ ვაახლებთ მას, თავის თავს თვითონვე იშენებს. აჯობებს, საქმეს მიხედოთ, რაიმე არ მოიწიოთ თავსო. მეორე დილით მშენებლებს გუმბათზე ჯვარი აღარ დახვედრიათ - ვიღაც უგუნურს ჩამოუხსნია ღამით... იმავე დღეს ჯოყოლოში ისეთი ქარბორბალა დატრიალებულა, რომ ძირფესვიანად წამოუქცევია ასწლოვანი ხეები და ბევრის კარ-მიდამოც გვარიანად დაზიანებულა... დილას კი ღვთისმშობლის  ეკლესია ჯვარგუმბათიანი შეხვედრია.

იხილეთ ვიდეო: "მოგვიახლოვდა არჩევნები. მინდა გთხოვოთ, გავაძლიეროთ ლოცვები" - ილია მეორე