"საქართველოს იმედი" - საქართველოს მფარველი 270 წმინდანის ისტორიები - კვირის პალიტრა

"საქართველოს იმედი" - საქართველოს მფარველი 270 წმინდანის ისტორიები

ჟურნალმა "კარიბჭემ" და გამომცემლობა "პალიტრა ლ"-მა გადაწყვიტეს, კიდევ ერთი საჩუქარი მიუძღვნან საზოგადოებას. ჟურნალთან ერთად გამოდის წიგნები იმ წმინდანების ცხოვრების შესახებ, რომლებიც ცნობილ ხატზე - "საქართველოს იმედზე" არიან გამოსახულნი.

თამარ მამაცაშვილი, ჟურნალ "კარიბჭის" რედაქტორი: - მსგავს პროექტზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდით, გვინდოდა, ქართველ წმინდანთა ცხოვრება დაწერილიყო და ტომებად გამოსულიყო ჟურნალთან ერთად. სწორედ ამ პერიოდში დაიწერა ხატი "საქართველოს იმედი". ამ დიდებულ ხატზე ასახულია საქართველოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია. გამოსახულია ყველა წმინდანი, რომელთა მეოხებაც არ მოჰკლებია საქართველოს არსებობის მანძილზე. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენმა პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მოგვცა წიგნების ამ სერიის გამოცემაზე.

ახალშექმნილი "საქართველოს იმედის"  ხატი 2011 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოდან წმინდა სამების ტაძარში გადაასვენეს. უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ იმ დღეს ასე მიმართა მრევლს: "დიდება და მადლობა უფალს, რომ ღირსი გაგვხადა, შექმნილიყო ეს ხატი და მას ეწოდება "საქართველოს იმედი". ეს ხატი ღვთის მადლითა და ძალით იქნება სასწაულთმოქმედი და ყოველ ადამიანს, რომელიც სარწმუნოებით, სიმდაბლით და სიყვარულით მოვა ამ ხატთან, აღუსრულდება თხოვნა მისი და ლოცვა მისი. ამ ხატის მადლით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო, ამ ხატის მადლით ღმერთმა დააბრუნოს ჩვენი ქართველი ხალხი უცხოეთიდან საქართველოში. ამ ხატის მადლით ღმერთმა გვაცხოვნოს ჩვენ, ამინ!"

- წმინდანთა ცხოვრებანი ძველთაგანვე გვაქვს, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ზოგიერთი წმინდანის ცხოვრება არც აღწერილა. რა შევა ამ წიგნების სერიაში?

- დაიწერება "საქართველოს იმედის" ხატზე გამოსახული ყველა წმინდანის ცხოვრება. ვიყენებთ ყველა გამოცემასა და საარქივო მასალას, დაიწერება იმ წმინდანებზეც, რომელთა შესახებაც აქამდე არ არსებობდა ლიტერატურა. ხატზე 270-მდე წმინდანია გამოსახული. თითოეულ მათგანზე დავწერთ.

- ვინ მუშაობს ახალ წმინდანთა ცხოვრების აღწერაზე, რომელთა ცხოვრებაც ახლა უნდა დაიწეროს?

- წიგნების შემდგენლები არიან კახაბერ კენკიშვილი და სოფიო თავაძე. ისინი მოიძიებენ მასალებს და შეადგენენ წიგნებს.

უკვე გამოსულია სამი ტომი, რაკი მოთხოვნა ძალიან დიდია, პირველი ტომი კი დეფიციტური გახდა, გადავწყვიტეთ, ჟურნალის ამ ნომერში ახალი, მესამე ტომის გარდა, პირველი ტომიც ჩაგვედო. Nნაწილი ჟურნალებისა, სწორედ I ტომით გაიყიდება, ნაწილი კი - III-ით.

პირველი წიგნი "საქართველოს იმედის" ხატის აღწერილობას და ყოვლადწმინდა სამებას მიეძღვნა, მეორე წიგნი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მესამე - უფლის ანგელოზებზე მოგითხრობთ, მეოთხე - წინასწარმეტყველებს ეძღვნება, მეხუთე  - წმინდა მოციქულებს, მეექვსე  - წმინდა გიორგის, მეშვიდე წიგნში წმინდა მღვდელმთავარსა და სასწაულთმოქმედ  ნიკოლოზზე გესაუბრებით…და ასე შემდეგ. პროექტი, სავარაუდოდ, ორი წელი გაგრძელდება.…

კახაბერ კენკიშვილი: - 2009 წელს ფოკის დედათა მონასტრის სახელოსნოში რამდენიმე ადამიანს იდეა დაებადა, - მინანქრით შეექმნათ წმინდა სამების ხატი. აზრი კათოლიკოს-პატრიარქს გაუზიარეს. პატრიარქმა იდეის ავტორებს შესთავაზა: წმინდა სამებასთან ერთად ხატზე ღვთისმშობელი, სვეტიცხოველი და ქართველი წმინდანები გამოესახათ. იმავე წლის სექტემბერში უკვე იმედის”ხატის სრულყოფილი ესკიზი არსებობდა, ოქტომბრის თვეში კი პირველი ძვირფასეულობა სიწმინდეს კათოლიკოს-პატრიარქმა შესწირა: ბრილიანტებით და ზურმუხტის თვლებით მოოჭვილი გულსაკიდი, შვიდი კოლოგრამი ოქრო.

ამას მოჰყვა სხვადასხვა შემოწირულობა. ყველა შემომწირველის სახელი აღინუსხება საქართველოს საპატრიარქოს სამადლობელო წიგნში. ხატის მოჭედვისას დაიხარჯა 50 კილოგრამი ოქრო, გამშვენებულია ძვირფასი თვლებით.

"საქართველოს იმედის" ხატის სიგრძე-სიგანე ორი მეტრია და ზუსტად ისეთივე ფორმა აქვს, როგორიც ხახულის კარედს. ტიხრული მინანქრის ტიხრის სიმაღლე არის 1,2 მილიმეტრი - ყველაზე მაღალი მსოფლიოში და ხშირია მასში ტიხარი, ანუ ბევრი შრომაა ჩადებული,”- ამბობს დავით კაკაბაძე (ფოკანის სახელოსნოების სამხატვრო ხელმძღვანელი-დირექტორი). ეს ხატი ჰგავს "საქართველოს დიდების" ხატს. აქაც კარგად იკითხება კვართის ჩამობრძანების ისტორია, თუმცა, პატრიარქის კურთხევით, მასზე წმინდა სიდონია მუხლმოყრილია გამოსახული და არა მიცვალებული.

2009 წლიდან ბოლო პერიოდამდე ხატის შექმნის საორგანიზაციო საკითხებს, რამდენიმე ადამიანთან ერთად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ეს უდიდესი საქმე ასევე უდიდესი მოკრძალებითა და უხმაუროდ კეთდებოდა.

ერთ-ერთი საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა ბრძანა: "მინდა გესაუბროთ ხატის შესახებ, რომელსაც "საქართველოს იმედი" ვუწოდეთ. ასეთი ხატი მსოფლიოში არსად მინახავს და მას მიეცემა ღვთის მადლითა და წყალობით განსაკუთრებული ძალა კურნებისა, დახმარებისა, იმედისა და ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა ექნება.

ხანდახან ამბობენ, ბევრი ოქრო დაიხარჯა ხატის შემკობაზეო და ა.შ. მთავარი ოქრო კი არ არის, არამედ ის, რომ ქართველმა ხალხმა თავისი გული და გონება ჩააქსოვა ამ ხატში. "საქართველოს იმედის" ხატზე ფიქრი ჯერ კიდევ 30 წლის წინ დაიწყო. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა შექმნილიყო ეს ხატი. აქ არიან ქართველი და მსოფლიო წმინდანები. შევთხოვთ მათ, მოიღონ წყალობა ჩვენს ქვეყანაზე, მთელ მსოფლიოზე და ვთხოვთ, დაგვეხმარონ ამ განსაკუთრებულ წლებში და დღეებში".

ამიერიდან ჩვენს მკითხველსა და ეკლესიის მრევლს მეტი ინფორმაცია ექნება ყველა იმ წმინდანის შესახებ, რომელიც ხატზეა გამოსახული. სასიხარულოა, რომ ეს წიგნები მაქსიმალურად ხელმისაწვდომია, მხოლოდ 2 ლარი ღირს.

"ამ ხატის მადლით ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო"

"დიდება და მადლობა უფალს, რომ ჩვენ ღირსი გაგვხადა, შექმნილიყო ეს ხატი და მას ეწოდება "საქართველოს იმედი". ეს ხატი ღვთის მადლითა და ძალით იქნება სასწაულთმოქმედი და ყოველ ადამიანს, რომელიც სარწმუნოებით, სიმდაბლით და სიყვარულით მოვა ამ ხატთან, აღუსრულდება თხოვნა მისი და ლოცვა მისი. ამ ხატის მადლით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო...