უხილავად გაგრძელებული მეგობრობა - კვირის პალიტრა

უხილავად გაგრძელებული მეგობრობა

დედა ნატალია: "დავინახე როგორი სასოებით შესცქეროდა წმინდა ნიკოლოზის ხატს ვიღაც უცნობი, ლამაზი ქალი და გამოველაპარაკე. მაშინ გავიცანი ლალი გუნთაიშვილი და შეგვიყვარდა ერთმანეთი"

"არსებობს სულთა კავშირი", - ხშირად გვესმის ჩვენი უწმინდესისაგან... 7 ივნისს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მესამედ თავის პოვნის დღეს, აუცილებლად უნდა შევდგომოდი ჟურნალ "გონების თვალის" ახალი ნომრის სასტამბო სამუშაოებს. თავის გასამართლებლად, რომ ტაძარში წასვლას ვერ ვახერხებდი, დაუჯდომელი წავიკითხე და გამომცემლობაში”გავწიე, მაგრამ ღვთის განგებულების გარეშე არაფერი ხდება ქვეყნად. მოკლედ, რაღაცები მაკლდა და - ხვალ დილიდან შევუდგეთ დაკაბადონებასო, - ბექამ.

სიხარულით მივაშურე წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერს ავჭალაში. წირვა უკვე დამთავრებულიყო. ტაძარი მოვილოცე და პარაკლისის წაკითხვა გადავწყვიტე. ერთ მონაზონზე მიმითითეს, - ის მოგცემსო. აი,  იქ მელოდა თურმე, რაც მელოდა!

სრულიად უცნობმა მონაზონმა ძველი ნაცნობივით გულში ჩამიკრა, დამლოცა, პარაკლისი მომაწოდა და - გვერდით ჩამომიჯექიო. ყველაფერი ჩემი დიდი ბაბუების დამსახურებად მივიჩნიე (მათ შორის ყველაზე უფროსს, ილარიონ კაპანაძეს ბერად შედგომისას, ხელი იმერეთის ეპისკოპოსმა, წმინდა გაბრიელ ქიქოძემ დაასხა), უხერხულობისა და სიხარულისგან ცრემლი მომერია და სკამზე მოკრძალებით ჩამოვჯექი. წამიერად შევხედე მონაზონს მეტყველ, გონიერ თვალებში და მივხვდი, რომ ჩემი სულის და ხორცის ნაწილი იყო! დიდი ხნის უნახავი და უკან დაბრუნებული შვილივით გელოდი, თითქოს ვგრძნობდი, რომ სადღაც იყავი და აუცილებლად უნდა მოსულიყავიო, - მითხრა. დამშვიდობებისას წმინდა იოანე ოქროპირის წიგნი მაჩუქა.

საუბრისას გაირკვა, რომ დედა ნატალია  (ერში ოლღა ბენდიანიშვილი-მზევაშვილი) სიმბოლურად ჩვენს ჟურნალსაც უკავშირდება, ისიც წმინდა იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ხსენების დღეს, 20 მაისსაა დაბადებული და ვიფიქრე, უთუოდ მათი კეთილი ნებაა, მკითხველს გავაცნო ეს ღვაწლმოსილი ქალბატონი-მეთქი.

მაგრამ არის კიდევ ერთი, მეტად საგულისხმო დეტალი, რომელსაც ვერაფრით ავუვლი გვერდს: სულიერი კავშირი რომ გარდაცვლილ ახლობლებთანაც არსებობს, ამასაც ბრძანებს უწმინდესი, მაგრამ რომ არა ეს უცნაური დღე, საიდან უნდა მცოდნოდა, თუ ჩვენ შორის, წმინდა მამების გარდა, ერთი საოცარი ქალბატონიც იქნებოდა ხიდივით და დედა ნატალიასთან შეხვედრა ორივესთვის ასე განუმეორებელმა, უსაყვარლესმა და უსათნოესმა ქალბატონმა, დიდებულმა დედამ, მეუღლემ, ბებიამ და მეგობარმა, საქართველოში დღემდე უპირველესი გაზეთის, "კვირის პალიტრის" დამფუძნებელმა ლალი გუნთაიშვილმაც ისურვა?

მოდი, მივყვეთ თანამიმდევრობით:

- დედაო, შვიდი წლიდან ღმერთს დავეძებდიო, მითხარით. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში გაზრდილ ბავშვს როგორ გაგიჩნდათ ასეთი სურვილი?

- მამაჩემს, გიორგი ბენდიანიშვილს, მაღალი პარტიული თანამდებობა ეკავა ბათუმში. Mმერე, წარმოშობით რაჭველს, ონში რამდენიმე სასოფლო საბჭოს ხელმძღვანელობა დაავალეს. იმ დროს ტაძრებს ანგრევდნენ მთელ ქვეყანაში. მიუღია ასეთი დავალება მამაჩემსაც. მთელი ღამე არ ეძინა თურმე ნერვიულობით. მეორე დღეს რაიკომის პირველ მდივანთან მისულა და მიუცია პარტბილეთი - ამის გამკეთებელი არა ვარ და რაც გინდათ, ის მიქენითო. ღვთის ნებით, მამაჩემი მაშინ გადარჩა.

- მერე როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?

- სამედიცინო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მასაჟისტად დავიწყე მუშაობა. ოჯახიც შევქმენი, სამი შვილიც გავაჩინე. ჩვენი პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ დაიწყო ხალხმა სიონის საკათედრო ტაძარში სიარული. ისე მინდოდა სულ უფლისა და უწმინდესის გვერდით ყოფნა, გავბედე და თავად პატრიარქს ვთხოვე, დავესაქმებინე. ჯერ ხალიჩების გაფენა-აკეცვაში დაეხმარე ბიჭებს, დანარჩენს ღმერთი გამოაჩენსო. წირვა-ლოცვებს ვესწრებოდი, პატრიარქის ბრძნულ ქადაგებებს ვუსმენდი, გალობებით ვტკბებოდი და არც ოჯახს ვაკლებდი ხელს. ცოტა ხანში მედავითნეობის კურსები გაიხსნა. უწმინდესის რჩევით, უმოკლეს დროში შევისწავლე ხუცურის კითხვა და სიონში, მსახურებებზე ჩემი ხმა რომ გავიგონე, თავადვე გამიკვირდა. კიდევ ბევრი სასწაულის მოწმე გამხადა უფალმა. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: დიდი წყალდიდობა მოხდა თბილისში 1980 წელს. მტკვარი ლამის ყველა ოჯახს შეუვარდა სახლში. წვიმს, ცა ჩამოდის ძირს. უცებ პატრიარქმა გადაწყვიტა, ეზოში გავიდეთ სალოცავადო. გავყევით უსიტყვოდ. ახლაც მათრთოლებს: გადმოეშვა ზეციდან ნათელი სხივი და მიჰყვა პატრიარქს. შეჩერდა უწმინდესი და შეჩერდა სხივიც. კარგა ხანს ლოცულობდა ერის მამა, ბერის მამა, ენის მამა, ყველას მამა... ის სრულიად მშრალი, ჩვენ კი ერთიანად გალუმპულები, ტაძარში შევბრუნდით. წვიმამაც იკლო და შესაძლო ზარალსაც გადაურჩა ქვეყანა.

- "ერის მამა, ბერის მამა, ენის მამა, ყველას მამა!" - ასეთი ზუსტი, ლაკონიური პატრიარქის დახასიათება არც გამიგია. ლექსივით გარითმულიც გამოგივიდათ, დედაო.

- ხანდახან კი მომდის, შვილო, მუზა... საოცარი ადამიანია ჩვენი პატრიარქი, ყაზბეგში, მის მშობლიურ სოფელ სნოში, უწმინდესის კურთხევით ერთი წელიწადი ვიცხოვრე მისსავე სახლში. ანიდან ჰოემდე მივყევი და ჩამოვთვალე პატრიარქის ღირსებები. ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა ბუკლეტად მიქცია და ვჩუქნი, ვისაც განსაკუთრებულად უყვარს იგი.

- დაკეტილი, სათავსებად, აბანოებად და თეატრებად ქცეული ეკლესიების აღდგენაც იმ დროს დაიწყო!

- დიახ, პატრიარქის თხოვნით, ჯგუფ-ჯგუფად დავდიოდით და, უფლის ნებით,  ხალხის დახმარებით, მიტოვებულ და გადაკეთებულ ტაძრებს ნელ-ნელა ფუნქციას ვუბრუნებდით. აწ გარდაცვლილ მეუფე კონსტანტინე მელიქიძეს, მგალობელ ქეთევან ქილიფთარს და მე სწორედ გაუდაბურებული ამ ტაძრის აღდგენაზე ზრუნვა დაგვევალა. ახლა მონაზვნების  წყალობით ბაღნარს ჰგავს აქაურობა, მაშინ კი ეკალ-ბარდებში ძლივს შესამჩნევი გზაწვრილი მიდიოდა ტაძრამდე. განა მარტო ეზო, ტაძარიც სავსე იყო ათასგვარი ნაგვით. ვის არ ვაწუხებდით, ვის არ ვთხოვდით ნივთიერ თუ ფიზიკურ დახმარებას. ღვთის წყალობით, საქმე კეთილად დაგვირგვინდა - 1988 წლიდან დაიწყო წირვა-ლოცვა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, მერე ახალი ტაძარიც აიგო იოანე ნათლისმცემლის მშობლების, ზაქარიასა და ელისაბედის სახელზე, დედათა მონასტერიც დაარსდა. მონაზვნად აღკვეცის შემდეგ, 2007 წლიდან დამიბრუნა და შემიფარა აქ წმინდა იოანე ნათლისმცემელმა. თავის დროზე, როდესაც მეტეხის ტაძრიდან თეატრი გამოუშვეს, სიონიდან იქ გადავედი მედავითნედ.

შემდეგ კუკიაზე აღდგენილ წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, ჩუღურეთში აღდგენილ წმინდა ნიკოლოზის ტაძარს 18 წელი ვემსახურე. ხშირად ერთდროულადაც მიწევდა სხვადასხვა ტაძრის დახმარება, სად იყო მაშინ ამდენი მსახური და მედავითნე. დიდი ტრაგედიაც იმ დროს დამატყდა თავს. 2001 წლის 9 იანვარს მოულოდნელად გარდამეცვალა დიდი მომავლის მქონე 37 წლის ვაჟი. მარტონი ვიყავით იმ ღამით შინ. საღამოს ლოცვებს რომ შევუდექი, რაღაც ძალამ სოსოსკენ მიმახედა. საკუთარი თვალით დავინახე, როგორ გადიოდა სული ჩემი შვილის სხეულიდან. საოცარი ძალა ვიგრძენი, გვერდით არავისი ყოლა არ მინდოდა. ჩავეხუტე და ასე ჩუმად, ტირილსა და საყვედურებში გავატარე მთელი ღამე, რომ თავს არ გაუფრთხილდა და მიმატოვა. დილით უსათუოდ უნდა წავსულიყავი ტაძარში წირვაზე, ვერც ღმერთს ვუღალატებდი, ვერც მამა გრიგოლს (გოცირიძე). ჩემს შვილსაც ყველაზე მეტად მაშინ ლოცვა სჭირდებოდა, ტირილს მერეც მოვასწრებდი. ჰოდა, ვეუბნები სოსოს, -“მოდი, დავტოვოთ ახლა შენი სხეული შინ, მე და შენ კი წირვაზე წავიდეთ და ერთად ვილოცოთ, ერთად ვთხოვოთ უფალს შენი სულის გადარჩენა-მეთქი.”

...ვწერ ამ სიტყვებს და ცრემლი მერევა, ეს რა თავგანწირვაა, ეს რა გმირობაა!

და ისევ ჩამესმის დედა ნატალიას მშვიდი ხმა:

-ღმერთის ღალატი არ შეიძლება, მასზე მეტად ჩვენ არავინ უნდა გვიყვარდეს. ის თვითონაა ყველაფრის გამგე და პატრონი, უკეთ იცის, რა როდისაა უკეთესი ჩვენი მარადიული ყოფისათვის. ვიცოდი, ჩემს შვილს ჩემზე უკეთ ის უპატრონებდა და ვემსახურე, როგორც შევძელი.

რაკი წმინდა ნიკოლოზის ტაძარმა და მამა გრიგოლმა ჩემი დიდი ტკივილი, ჩემი სულგანათლებული რედაქტორი გამახსენა, ახალი კითხვის მიზეზი ბუნებრივად გამიჩნდა: - დედაო, თქვენი ტაძრის მრევლს, ლალი გუნთაიშვილს ხომ არ იცნობდით-მეთქი.

- ვიცნობდი? უახლოესი მეგობრები ვიყავით! დავინახე ერთხელ, როგორი სასოებით შესცქეროდა წმინდა ნიკოლოზის ხატს უცნობი, ლამაზი ქალი და გამოველაპარაკე. მაშინვე შეგვიყვარდა ერთმანეთი. ავად რომ გახდა, ხშირად ვნახულობდი. შვილებს დიდი და კარგად აწყობილი საქმე დაუტოვა, მაგრამ მაინც დარდობდა, უჩემოდ რა ეშველებათო. ფარივით ედგა  - ძლიერი და ჭკვიანი. მეგობრობაც ფასდაუდებელი იცოდა და საქმეც.

- იქნებ მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდი გაიხსენოთ?

მივედი ერთხელ საავადმყოფოში. მეუბნება, - შეხედე, ოლიკო, ფარდას და თუ რამე დაინახო, მითხარიო. გავშეშდი, ფარდაზე აშკარად დავინახე უფლის გამოსახულება ღრუბლებში. გაიხარა, - მეგონა, მეჩვენებოდა. უკვე აღარაფრის მეშინია, უფალი ჩემთანააო. მთავარანგელოზ გაბრიელის კრების დღეს, 2004 წლის 26 ივლისს მიაბარა სული უფალს.

ცოცხალივით იწვა შუა ტაძარში და დასტიროდა დიდი და პატარა. ბოლო ხანს მამა გრიგოლის ვაჟი, მამა დავითი იბარებდა მის აღსარებებს. გვანუგეშებდა, იმდენად სუფთა იყო, აუცილებლად ღვთის სასუფეველში დაიდოო ბინა. არა აქვს მნიშვნელობა, ვსაუბრობ თუ არა მასზე, სულ მენატრება და სულ ჩემთანაა. ჩვენ უხილავად ვაგრძელებთ მეგობრობას, ხშირად ისევ ვეკითხები რჩევას, ისევ ვსაუბრობთ. ერთ საოცარ ამბავსაც მოგიყვები: მოდის ერთხელ ირაკლი და მეუბნება, - დეიდა ოლიკო, იერუსალიმში უნდა გაგიშვა, დედაჩემმა მთხოვა და სურვილი რომ არ შევუსრულო, ვერ მოვისვენებო. მეგონა, სიზმარში ნახა. არ მძინებია, ცოცხლად ხდებოდა ყველაფერიო, მითხრა. მერე მე ვუამბე, როდესაც ლალი იერუსალიმიდან საოცარი შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა და ორივენი ერთად ვტიროდით იმ ყველაფერზე, რაც ნახა, მითხრა, აუცილებლად გაგიშვებ იქ და ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვის საშუალებას მოგცემო. მერე ავად გახდა და სადღა ჰქონდა ამაზე ფიქრის თავი. ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ უთხოვია შვილისთვის, შეესრულებინა თავისი დანაპირები. გამიშვა ირაკლიმ 2005-ში იერუსალიმში და მოვილოცე უფლის ნატერფალები... ლალი-ელენეს სულიც შევავედრე უფალს, მისი შვილების და მთელი ქვეყნის კარგად ყოფნაც შევთხოვე.

P.S. ბევრი რამ ვუამბე დედა ნატალიას. წავიტრაბახე კიდეც, მასაც ძალიან ვუყვარდი, ორივენი 10 აპრილს ვართ დაბადებულები, ჩემი ერთი შვილი და "პალიტრაც" ერთ დღეს, 18 აპრილს მოევლინნენ ქვეყანას-მეთქი...

რომ არ გადამეღალა, მონასტრის ამბები აღარ ვკითხე... ერთს კი აუცილებლად დავამატებ: მართლა მალამოსავით თბილი და ტკბილი დედა ნატალია, რომელიც გამუდმებით ღვთის მორჩილებასა და მოთმინებაზე საუბრობს, თურმე საოცარ მალამოებს ამზადებს, თანაც უსასყიდლოდ. ბევრი მადლიერი და კმაყოფილი ადამიანი მეც ვნახე. იმასაც გეტყვით, ნაშუაღამევის სამ საათზე, როცა ზეცის კარიბჭე ღიაა და ანგელოზნი და ქერუბიმნიც უგალობენ ქვეყნის შემოქმედს, ყველასთვის გულმხურვალედ იწყებს ლოცვას დედა ნატალია. გამთენიისას, ხუთ საათზე უკვე ტაძარსაც აღებენ და ერთობლივად შუაღამიანს აღავლენენ დედები. დიდი იმედი მომეცა, ყველას გადარჩენაზე მლოცველნი, თავადაც ღმერთმა დალოცოს, ამინ!

მის უწმინდესობას და უნეტარესობას ილია მეორეს

მაღლებული უფლისგან,

ედნიერია ერი თქვენით,

უნდრუკო საკურთხისაო,

იდო მწყემსთავრო ქართველთ ერისაო.

რთო - ღვთისაგან რჩეულო,

ერასდროს დამარცხებულო, -

არო - გამომაფხიზლებელო.

ვალო პატიოსანო,

ვერთ მწყემსო და მგოსანო,

ოკორო ვარდ-იისაო,

ერწამო შაქარისაო,

ლოცველო ყველა მხრისაო,

ერგო კეთილ აღმოცენებისაო,

რთავ სოფლის მშვენებაო,

ალატო თლილო ქვისაო,

ამი-ჟამ ლოცვად ხმიანობ

ტოი ხარ სამოთხისაო,

ვეტი ხარ ცხოვრებისაო,

აძარო ცხონებისაო,

რემო მოსავლისაო,

არი ხარ ქვეყანისაო, -

ორ-შევარდენო ყაზბეგისაო,

ობეო ბაღნარისაო,

არაულო ერისაო,

ანდალო კელაპტრისაო,

ანჩქერო ბროლის მთისაო,

ის ნამო ვენახისაო,

ირძველო ქართველთ ზვრისაო,

ირვა-ლოცვაზე მზიანობ,

ეშმარიტისა სიტყვაო,

ოხობო მთაწმინდისაო,

აჭვი ხარ ოქრო მზისაო,

ანგო და ჩანგო ჩვილთაო!

თამარ კაპანაძე