100 ათასი ქართველის ზვარაკობა მფარველად ექცა ღვთივკურთხეულ ივერიას - კვირის პალიტრა

100 ათასი ქართველის ზვარაკობა მფარველად ექცა ღვთივკურთხეულ ივერიას

საქართველოს სულიერმა მამამ გულმხურვალედ ილოცა და ალოცა მასთან მომდგარი მოწამეთა შთამომავლობა, – სრულიად საქართველო

კეთილად მოღვაწე დედოფლის, ღვთაებრივი თამარის გამგებლობა სამართლიანად ითვლება ჩვენი ბედკრული სამშობლოს ისტორიის ოქროს ხანად. ჭეშმარიტად გაბრწყინებული, დედა-მარიამის მადლიანი კალთის საფარქვეშ მყოფი ივერია მე-12 საუკუნის დასაწყისში აზია-აღმოსავლეთის ჰეგემონი სახელმწიფო იყო, დიდი პოლიტიკის წარმმართველი და სეფესიტყვის მქონე. თამარის აღსრულების შემდეგ საქართველოს ძლიერების ხანა დასრულდა. ჯერ მონღოლებმა დაასუსტეს ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და შემდგომ ჯალალ ად-დინის შემოსევამ. თუმცა, გადამწყვეტი არც მტერთა ამაოხრებელი თარეში იქნებოდა, რომ არა გაუგონარი ღალატი, რომლის შედეგად ქართველებმა ლამის საკუთარი ხელით მოუსწრაფეს ქვეყანას სიცოცხლე. 1225 წელს, რუსუდანის მეფობის ჟამს, 120-ათასიანი ლაშქრით მოადგა საქართველოს საზღვრებს სისასტიკით განთქმული ჯალალ ად-დინი. ვერც ასეთი მრავალრიცხოვანი მომხდური დააკლებდა რამეს ქართველთა ძლიერებას, რადგან არაერთი უთანასწორო ბრძოლა მოუგიათ ჩვენს წინაპრებს. 60 ათასი ქართველი იდგა სოფელ გარნისთან მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე ჯალალ ად-დინის წინააღმდეგ და მთავარსარდლის უცნაური გადაწყვეტილებით მხოლოდ 4 ათასმა მიიღო მონაწილეობა შერკინებაში. სახელოვანი შალვა ახალციხელი მესხების თანხლებით ვაჟკაცურად შეება უთვალავ მტერს, მაგრამ არა და არ ინება ივანე ათაბაგ-ამირსპასალარმა უმამაცესი სარდლისა და სწორუპოვარი მეომრის შალვა ახალციხელის მიშველება. უკან გააბრუნა 56 ათასი(!) მტერთა მზარავი ქართველი, ნაწილებად დაშალა და ციხესიმაგრეებში შეხიზნა. არც შალვამ ისურვა უკან დახევა. ვიდრე ხელში იარაღი ეჭირა, ცოცხალთაგანი არცვინ გაუშვა მტერი, მაგრამ აბა, რას გახდებოდა შემოწყვეტილი თანამებრძოლების გარეშე დარჩენილი მარტოკაცი. უიარაღო ტყვედ იგდეს ხვარაზმელებმა იმდროინდელი საქართველოს უპირველესი გმირი და ქვეყნის შუაგულისკენ წამოშავდნენ. შალვამ არც ტყვეობაში დაიშალა ჭირისუფლობა საქართველოსი: მტრის გზა-გეზს ატყობინებდა ქართველ მამულიშვილებს, მაგრამ ბოლომდე ვერ მოასწრო თანამემამულეთა თანადგომა. ჯალალის მსტოვრებმა ხელთ იგდეს ახალციხელის წერილები და წამებით შეჰყარეს სიკვდილს სამშობლოსთვის დამაშვრალი და ვალმოხდილი შალვა ახალციხელი...

საქართველოს სატახტოს უახლოვდებოდა კაცთმოძულე ჯალალ ად-დინი. რუსუდან მეფე გაიხიზნა დასავლეთ საქართველოში და საუკუნის მანძილზე მტრის ფეხდაუდგამი, მდიდარი და მშვენიერი თბილისი შეეგება ურიცხვ მტერს. დიდხანს მამაცურად უძალიანდებოდნენ კიდეც ჯალალის სტიქიონს, მაგრამ თბილისელმა მუსლიმანებმა ქალაქის კარიბჭე ღალატით განუხვნეს ხვარაზმელებს და უღვთოდ გაწირეს დიდი და პატარა...

ჯოჯოხეთი დატრიალდა საქართველოს გულში. კარგა ხანს ჟლიტეს ჯალალის გალაღებულმა მეომრებმა ბავშვები და მოხუცები, ორსულები, მათ დასაცავად თავგამეტებული ქართველი ვაჟკაცები. იავარყვეს, შებილწეს, დაანგრიეს, დაწვეს, მიწასთან გაასწორეს აშუღთა და პოეტთა საოცნებო ქალაქი.

ახალი საწამებელი მოიგონა ჯალალმა. გაძარცულ და გატყავებულ სიონის ტაძარს გუმბათი გადაანგრია, ზედ თავისი ბილწი საჯდომი დაიდგა”და იქიდან გადმოხედა ავი ღიმილით აწიოკებულ თბილისს. სარდლებს მეტეხის ხიდზე სიონიდან გამოტანილი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატები პირაღმა დააყრევინა და გადარჩენილი ქართველები ხიდის თავში მოარეკინა. იქვე წაუკითხეს ბოროტი ხვარაზმელის განჩინება გაუგონარი უბედურებით ცრემლგამშრალ და გაწამებულ ქართველებს: - ვინც ფეხს დაადგამს და შეურაცხყოფს ამ ხატებს, სიცოცხლეს ვაჩუქებთ, ვინც არა და... სიკვდილი, სიკვდილი, სიკვდილი!!!

აგერ, სპეტაკ თმა-წვერიანი ბერიკაცი გაიყვანეს. ძალით მიათრევენ ხატებისაკენ ხვარაზმელები. გაჯიქდა ჭაღარააშლილი მოხუცი, ზეცისკენ ხელაპყრობილმა და ჩუმად მლოცველმა არნახული ღონე მოიცა, ვიდრე ხატს ქალამნის ჭვინტით შეეხებოდა, უკან გადაქანდა და ზურგში მობჯენილ იატაგანს შეახია მოხრილი ბეჭები. ჩაკეცვაც არ აცალეს, ერთი მოსმით გადაუქნიეს მახვილი, თავი მოჰკვეთეს და მტკვარში ისროლეს ყველას თვალწინ.

- შემდეგი! - დაირხა ისევ ბრძანება. ახლა ჭაბუკი გაიყვანეს, ახალულვაშშეღინღლული, ანგელოზის სახიანი. აღარ იღიმებოდა ჯალალი - დაარტყმევინეთ ფეხი ძალითო, - დააწია ბრძანება თავის ჯალათებს. ბიჯი ვერ წაადგმევინეს ჭაბუკს, მუხლებზე დასცეს, ფორთხვით მიათრიეს დედაღვთისმშობლის ხატებასთან. პირქვე გადაემხო ყმაწვილი და ამბორი დაასწრო მრუდე იატაგნის შხუილს...

ისევ ჩაიხუტა მტკვარმა ნამარტვილები სხეული, სული კი შარავანდად დაადგა მეტეხის ხიდის კამარას...

- შემდეგი... შემდეგი... შემდეგი!..

მკლავი მოეღალათ ჯალათებს, მტკვარი კი შედედდა, გაიტენა წამებულთა გვამებით...

მიიჟამა და მინავლდა, როგორც იყო, ის სუსხიანი დღე. მეტეხის ხიდთან გაოგნებული ჯალათები იდგნენ ხმალდაშვებულნი, ხიდზე კი ცრემლი და მირონი ერთად სდიოდა წამებულთა სისხლით უხვად დაწინწკლულ ღვთისმშობლის ხატებს...

პირში ვინ გაუბედავდა თქმას, მაგრამ მოიარებით კი აწვდინეს ჯალალ ად-დინის ყურს აქამდე კაცობრიობის ისტორიაში გაუგონარი ამბავი: - ჯერაც არ მოსწრებია არცვის ქვეყანაზე, ერთ დღეში 100 ათასი კაცი მსხვერპლად მისულიყოს რწმენისა და სამშობლოს საზვარაკოზეო!. .

სახე დაეღრიჯა ბოღმითა და რისხვით ჯალალს, გამარჯვებული და გალაღებული მივიდა დილით მეტეხის ხიდთან და თავლაფდასხმული და მარცხშეყრილი მიშავდებოდა თავისი კარვისკენ. ვერ იქნა და ვერ მოახრევინა ქედი ამ კერპებს, ნირი ვერ წაუხდინა, რწმენა ვერ შეაცვლევინა...

მთელი ღამე არამიწიერი, ზეციდან დაშვებული ნათლის სვეტები ადგა ხიდის კამარას მეტეხთან. საიდანღაც ზარის და გალობის ხმაც მოჰქონდა მწუხრის ქალაქის ნიავს. არადა, დაქცეული იყო ტაძრებიცა და სამრეკლოებიც თბილისში...

ნათლის სვეტების მოკვლა და თავკვეთა აღარ ძალუძდა ჯალალს და ეს უმწეობა უღველფავდა გაქვავებულ გულს. ვერ დადგა იმ ღამეს კარავში, ქალაქგარეთ გაიჩქარა ამალიანად მარცხნაჭამმა გამარჯვებულმა...

მეორე დღეს კი მთელ ქვეყანას მოედო და განეფინა ქართველთა უმაგალითო მარტვილობის ამბავი. ყველა გაოცებული და გაშტერებული ისმენდა დაუჯერებელს - არც მანამდე და არც მის შემდგომ არც ერთ ქვეყანას, არც ერთ ერსა და რელიგიას არ მოსწრებია ერთ დღეში უფლისთვის აღსრულებული ამდენი წმინდანი!!!

p.s. მას შემდეგ საუკუნეებმა გადაიქარტეხილა. 100 ათასი ქართველის ზვარაკობა სამარადჟამო მფარველად ექცა ღვთივკურთხეულ ივერიას. ვისაც გული და სიყვარული ფიანდაზად გადაუშლია სამშობლოსა და დედა-ღვთისმშობლისთვის, დღესაც ესმის ის იდუმალი გალობა, რომლის ძალამაც ვერ დააყენა თბილისში მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე ჯალალ ად-დინი. ის ნათლის სვეტებიც ისევ ადგას მეტეხის ხიდს, მხოლოდ გულის სიწმინდე და წამებულთა მიზნის გათავისება სჭირდება კაცს, რომ შეამჩნიოს და ეთაყვანოს ზეციურ წყალობას...

გასულ პარასკევს, უკვე ტრადიციულად, ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა 100 ათასი ქართველი წმინდანის სულთა სადიდებლად. საქართველოს სულიერმა მამამ გულმხურვალედ ილოცა და ალოცა მასთან მომდგარი მოწამეთა შთამომავლობა,–სრულიად საქართველო. მერე ყვავილები და გულიდან წამოსული ალალი ცრემლი ერთად გადააყარეს ერის მწყემსმა და მისმა შვილებმა წამებულთა ნაკვალევს. მტკვარმაც, როგორც საუკუნეების მიღმა, თითქოს ისევ გააჩერა დროისა და ჩქერთა მდინარება, მადლიერების ნიშნად ჩაიკრა და ჩაიხუტა თავის ტალღებში გვირგვინებს გატანებული ცრემლი და პატრიარქის სიბრძნე: - ამ წმინდანთა ლოცვა იფარავს კურთხეულ ივერიას და გწამდეთ, რომ ასეთი წინაპრების პატრონი ერი უეჭველად გაბრწყინდება!..