წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულები - კვირის პალიტრა

წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულები

21 ნოემბერს წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეა

როცა სატანა უფალს აუმხედრდა, შეეწინააღმდეგა მთავარანგელოზი მიქაელი. მან ბრძანა: "ვინ არის მსგავსი ღვთისა? არავინ, ღვთის გარდა!" მაშინ გაიყო ანგელოზთა სამყარო და ერთმანეთს შეება. გაიმარჯვეს უფლის ერთგულებმა, წმინდა მთავარანგელოზის მეთაურობით. იმ დღის შემდეგ უფალმა იგი აკურთხა მთავარსარდლად უხორცო ძალთა, ანგელოზთა მხედრობის უფროს ოფიცრად და უწოდა მიქაელი, რაც ებრაულად ნიშნავს: "ვინ არის, ვითარცა ღმერთი". შემოგთავაზებთ რამდენიმე ამბავს წმ. მიქაელის მეოხებისა.

ქართველთა მფარველი

ქართლში მტრის მიერ დაკავებული ციხისთვის ალყა შემოერტყა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს. ერთხელ, მეფე თავისი კარვის კართან იდგა. მხოლოდ პერანგით მოსილს გულზე მთავარანგელოზის მცირე ოქროს ხატი ეკიდა. უცებ ციხიდან ვიღაცამ ისარი ესროლა, რომელიც ხატს მოხვდა. მეფე ღვთის მადლით, მშვიდობიანად გადარჩა...

ბასიანის ომში გამარჯვებული ქართველები შემოვიდნენ ოძრახეს, სადაც მეფე ელოდებოდათ. იქიდან კი ლხენა-ლხენით ტფილისს გაეშურნენ. წმინდა თამარ მეფემ სულთნის დიდებულები თითო ნალის ფასად გაყიდა. იმასაც ამბობენ: როცა სულთნის დიდებულები თამართან შეიყვანეს, ერთი მათგანი დაეცა მის ფერხთით და გველივით იკლაკნებოდა. გონს მოსულს ასეთი მოქცევის მიზეზი ჰკითხეს. თამარის თავს ზევით იყო ის, ვინც მოერია ჩვენს ჯარს და შევშინდი მის დანახვაზეო, - უთქვამს. მეფე თამარის თავს ზევით კი მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ეკიდა.

სიკვდილის ჟამს

მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა წმინდა ევდოკის და უთხრა: "მე ვარ მთავარი ღვთის ანგელოზთა, მე მევალება, მონანულ ცოდვილთა სულების ნეტარ ცხოვრებაში შეყვანა. დიდი სიხარულია ზეცაში, როცა ცოდვილი ინანიებს, რამეთუ ღმერთს არ უნდა სიკვდილი მის ხატად შექმნილი კაცის სულისა".

თიხის ხატი

X საუკუნეა. ეგეოსის ზღვაში გაფანტულ კუნძულებს სარკინოზი მეკობრეები აწიოკებდნენ. მტერმა რამდენჯერმე დაარბია კუნძული ლესბოსიც, მაგრამ წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მანდამადოსის უძველეს მონასტერს ვერაფერს აკლებდა. ერთხელ, როცა ბერებმა გალავნის კარი გააღეს, იქვე დამალული სარკინოზები მონასტერში შეიჭრნენ და ცოდვის კალო დაატრიალეს. გადარჩა მხოლოდ მორჩილი გაბრიელი, რომელიც ამ დროს საკურთხეველში იმყოფებოდა და თვალის დახამხამებაში სახურავზე აცოცდა. მდევარი მიეწია, საცაა მოკლავდნენ, რომ უეცრად ტაძრის სახურავი მღელვარე ზღვას მიემსგავსა, იქიდან გამოვარდა მრისხანესახიანი მეომარი ცეცხლისმტყორცნელი მახვილით ხელში და მტერს მივარდა, იგი მთავარანგელოზი მიქაელი გახლდათ. დამფრთხალმა მტერმა ტაძრიდან გაასწრო, მაგრამ მაინც ვერ გადაურჩა მის რისხვას - ყველა სარკინოზი თხემიდან მუცლამდე მახვილით იყო ჩაჭრილი. გაბრიელმა ადიდა ღმერთი, მოაგროვა მიწაზე დაღვრილი ბერების სისხლი, შეურია თეთრ თიხას და წმ. მიქაელის რელიეფური ხატი გამოძერწა. ისე სწრაფად დაამთავრა, თითქოს მის ხელებს ვინმე სხვა ამოძრავებდა. ეს ის სახე იყო, გაბრიელმა ტაძრის სახურავზე რომ იხილა. ეს წმინდა ხატი სასწაულთმოქმედად ითვლება. ზოგჯერ მთავარანგელოზს, ადამიანთა თანაგრძნობით, თვალები ცრემლით ევსება და მორწმუნები ფრთხილად წმენდენ, ზოგჯერ კი სახეზე ოფლი ასხამს კაცთა მოდგმის შეწევნის გამო.

"ათას სიკვდილზე მეტი"

ეს ამბავი  ოპტის მონასტრის მოძღვარმა წმ. იოსებმა 1909 წელს უამბო სულიერ შვილს: - შარშანწინ ჩემთან ახალგაზრდა კაცმა მოინანია, რომ რევოლუციონერებს შორის წილისყრის მერე, მეფის მოკვლა მას ხვდა. "მკვლელობის წინაღამე ნერვიულობით თეთრად გავათენე, - ამბობდა იგი, - დილით ჩამთვლიმა... ვხედავ, მეფეს. დანა მოვიმარჯვე და მივუახლოვდი. უცებ ჩვენ შორის ციდან ელვასავით ჩამოეშვა წმინდა მთავარანგელოზი მიქაელი, თავისი ცეცხლოვანი მახვილით. მის წინაშე შეშინებული დავემხე. გამომეღვიძა და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი იმ ქალაქიდან. ახლა ვიმალები. ვიცი, მომაგნებენ და მომკლავენ, მაგრამ ათასჯერ სიკვდილი მირჩევნია, გაბრაზებული მთავარანგელოზის ნახვასო".

წყარო.

XIII საუკუნეში, როცა ათონის მთაზე დოქიარის მონასტერი ააშენეს, თავიდან წყალი ჭირდა. იღუმენმა გადაწყვიტა მისი თიხის მილებით გამოყვანა. ეს ძალზე ძვირი ჯდებოდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდათ - ეს საქმე ბერ თეოდულეს დაავალეს. ის მეორე დღეს უნდა შესდგომოდა საქმეს. ღამით, ძილში მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი გამოეცხადნენ და უთხრეს: - წყალი მონასტრის კედელშიაო. წაიყვანეს მონასტრის სამხრეთ დასავლეთით და მიწას რკინის კეტი დასცხეს. დილით თეოდულემ, სხვა ბერებთან ერთად, იმ ადგილის გათხრა დაიწყო. მალე მაკურნებელმა წყაროსთვალმა ამოხეთქა.

ლოთის გამოფხიზლება

ვინმე ბუდიმირი წმინდა ნიკოლოზ სერბს წერილით ეკითხებოდა: "მე მკერავი ვარ, მაგრამ ბევრს ვსვამდი. ერთხელ, წმინდა მთავარანგელოზი მიქაელი გამომეცხადა და მიბრძანა, - მეტად აღარ მიეკარო სასმელსო, მაგრამ ყურად არ ვიღე. ერთხელ, დუქანში არყის დალევა მოვისურვე. უეცრად სირჩა ხელიდან გამივარდა და ხელში დენივით დამიარა. მე ეს მინიშნებად ჩავთვალე. მას შემდეგ სამი წელია პირში წვეთი არ ჩამიშვია. რა დამემართებოდა, სმა რომ გამეგრძელებინა?.."

თქვენ რას უპასუხებდით მკითხველს?

კახაბერ კენკიშვილი