პატრიარქმა საქართველოს ეკლესია წმინდა ნიკოლოზს შეავედრა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა საქართველოს ეკლესია წმინდა ნიკოლოზს შეავედრა

19 დეკემბერს წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის ხსენების დღეა. გილოცავთ ყველას!

ოცი წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს ეკლესია საგანგებოდ შეავედრა წმინდა ნიკოლოზს და მოხდა სასწაული - დიდი მღვდელმთავრის მეოხებით ჩვენი ეკლესია აღორძინდა, გაძლიერდა, გამშვენდა. მოგითხრობთ მის მიერ მოხდენილ რამდენიმე სასწაულზე.

მოულოდნელი სიხარული

ოლღას მონასტრის იღუმენია ანგელინა გვიყვებოდა: "რევოლუციის შემდეგ საშინელი დრო დაგვიდგა, გამოვიარეთ შიმშილი, სიცივე, მაგრამ ამ განსაცდელებისას უფალს არ მივუტოვებივართ და ყველაზე დიდი გაჭირვებისას ხშირად შეგვეწეოდა ისეთი ადამიანების ხელით, რომელსაც ვერ წარმოვიდგენდით. სავანეში თავს ღვთისმშობლის საფარველქვეშ ვგრძნობდით. აქ არის მისი ხატი, "მოულოდნელ სიხარულად" წოდებული და როცა გვეგონა, საშველი არსაიდანაა და ვერავინ შეგვეწევაო, ღვთისმშობელი მოულოდნელად მოგვივლენდა წყალობას. საოცრად ახლობელი და გასაგები იყო ჩვენთვის ზეციური დედოფლის სახელი - "მოულოდნელი სიხარული!".

კეთილისმყოფელნი თბილისშიც გვყავდა. ზოგჯერ ჩვენთვის პროდუქტს ყიდულობდნენ ან ფულს გვიგროვებდნენ და ალექსანდრე ნეველის ტაძრის კარიბჭეში, მესანთლესთან გვიტოვებდნენ. ერთხელ სავანეში პურის ნამცეციც კი აღარ დაგვრჩა. გადავწყვიტეთ, თბილისიდან წამოგვეღო ჩვენი კეთილისმყოფელების შემოწირულობა. ტაძარში შევედით, მაგრამ იმ დღეს ნაცნობთაგანი არავინ იყო. ვისხედით საღამოს მსახურებამდე. მწუხრი დაიწყო, მე და მონაზონმა ვალენტინამ გულმხურვალედ დავუწყეთ ვედრება წმინდა ნიკოლოზს - დაპურებას ვთხოვდით. ტაძრის დაკეტვის დროც დადგა. აცრემლებულნი გამოვედით ტაძრიდან.

"ეტყობა, წმინდა ნიკოლოზმა ჩვენი ცოდვების გამო არ შეისმინა", - გავიფიქრეთ. სხვა გზა აღარ იყო - სადგურზე წავედით, რათა მცხეთის მატარებელს დავლოდებოდით. იმ დროს მონაზონი ქუჩაში თავს ვერ გამოაჩენდა სამონაზვნე სამოსით, ამიტომ უბრალო ერისკაცული ტანსაცმელი გვეცვა და თავზეც საგანგებოდ ფერად-ფერადი ქალაღაია გვეხურა.  მცხეთაში დაღამებისას ჩავედით. მონასტრის გზა ტყეში გადიოდა. სიბნელეში ლოცვით მივდიოდით. უეცრად ჩვენ წინ რამდენიმე კაცი აღიმართა. მივხვდით, ავაზაკთა ხელში ჩავცვივდით. "ჩქარა, ფული მოგვეცით", - იყვირა ერთმა. ჩვენ თვითონ ღატაკები ვართ-მეთქი, - ვუთხარი. ახლავე გაჩხრიკეთო, - ბრძანა ერთმა კაცმა. "ჩვენ მონაზვნები ვართ, გაგვიშვით, ღვთის გულისათვის", - ვითხოვე. "სტყუი, მონაზვნები ღამით არ დადიან. თუ მონაზონი ხარ, რატომ მონასტერში არ ზიხარ?" - დამიყვირა ყაჩაღმა. ქვითინით მოვუყევი, - მონასტერში ვშიმშილობთ, სავანიდან იმიტომ გამოვედით, რომ მოხუცებული დედებისთვის პური გვეშოვა-მეთქი. არ დამიჯერა. ეტყობოდა, მეთაური იყო. მეგობრებს უბრძანა, - ჩემს მოსვლამდე ესენი არ გაუშვათო და სადღაც გაქრა.

გავიდა ერთი საათი, ორი. როგორც იქნა, გამოჩნდა (როგორც შემდგომში შევიტყვეთ, იგი, თურმე, თავზარს სცემდა ხელისუფლებას). მოვიდა ჩემთან და ტომარა გამომიწოდა: "წადით და ღამე მეტად აღარ იაროთ". "რა გქვიათ?" - ვკითხეთ. "რა თქვენი საქმეა", - გვიპასუხა უხეშად. ტომარაში ახალგამომცხვარი ლავაში აღმოჩნდა. მთელი სიცოცხლე ღმერთს ვევედრები, რომ უფალმა აცხოვნოს სული იმ კაცისა ისევე, როგორც თავის მარჯვნივ გაკრული ავაზაკი აცხოვნა.

უნდა მესროლა, მაგრამ...

ეს ამბავი გასული საუკუნის ოციან წლებში მოხდა. რუსეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ერთი გოგონა თავისი სახლის წინ, ბაღში იდგა. დაინახა - გლეხი თოფს უმიზნებდა. შეშინებულმა დიდი რწმენით ლოცვა დაიწყო: - წმინდაო ნიკოლოზ, შემეწიე, დამიფარეო.

უეცრად გლეხმა იარაღი მოისროლა და გოგონას მიაძახა, - ახლავე გაიქეცი აქედანო.

გოგონა მაშინვე მატარებლით მოსკოვში გაემგზავრა. რამდენიმე წელი გავიდა. ერთხელ კარზე ვიღაცამ დარეკა. გააღეს. ზღურბლზე გამხდარი გლეხკაცი იდგა და კანკალებდა. შემოიპატიჟეს. კაცმა გოგონა დაინახა თუ არა, მის წინ დაემხო და შენდობა ითხოვა.

- ვერ მიცანით? მე ხომ თქვენ მოკვლას გიპირებდი. იარაღი დაგიმიზნეთ, უნდა მესროლა, მაგრამ დავინახე, თქვენს მაგივრად წმინდა ნიკოლოზი იდგა. მას კი ვეღარ ვესროლე, მას მერე სულ ვავადმყოფობდი და გადავწყვიტე, მომეძებნეთ.

გოგონამ ის ოთახში შეიყვანა, დაამშვიდა, - ყველაფერი გაპატიეო. კაცმა თქვა, - ახლა მშვიდად მოვკვდებიო. უეცრად სისუსტე იგრძნო და ჩაიკეცა. მღვდელი მოიყვანეს, აღსარება ათქმევინეს. რამდენიმე დღის მერე სული მშვიდად მიაბარა უფალს.

მადლიერების ნიშნად მოვინათლე

1973 წელს ტაძარში ერთი 17-18 წლის გოგონა მივიდა და იკითხა, - ჩემი მშობლები ათეისტები და მოუნათლავები არიან და თუ შეიძლება მოვინათლოო. ჰკითხეს, მონათვლის სურვილი საიდან გაგიჩნდაო. გოგონამ ასეთი რამ უამბო: გვიან ღამით შინ ვბრუნდებოდი. უეცრად თავს ორი ყმაწვილი დამესხა და ეზოში შემათრია. მათთან ერთად მესამეც იყო. გამახსენდა ქრისტიანთა ღვთისმსახური ნიკოლოზი, რომელიც ადამიანებს გაჭირვებაში ეხმარება. გულში შევევედრე: - გადამარჩინე უბედურებას-მეთქი. უეცრად ეს ყმაწვილები რაღაც უხილავმა ძალამ განზე გადაყარა. საიდანღაც ჩემს გვერდით გაჩნდა ხნიერი, შავად მოსილი კაცი და მითხრა: - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, შინამდე მიგაცილებო. მდუმარედ მივდიოდით. მოვბრუნდი მადლობის გადასახდელად და იქ არავინ იდგა. მეორე დღეს მომხდარი რომ გავაანალიზე, მივხვდი, წმინდა ნიკოლოზმა მიხსნა. მადლიერების ნიშნად გადავწყვიტე, მოვინათლოო.

მუსლიმანი გადაარჩინა

ტაშკენტის ტაძარში ერთი მუსლიმანი დიდი კრძალვით მუხლს იდრეკდა წმინდა ნიკოლოზის ხატის წინაშე და სანთლებს ანთებდა. მერე ტაძრის მსახურთ უამბო იმ სასწაულზე, რომელიც მას წმინდა ნიკოლოზმა მოუხდინა: ზამთრის ღამეს შორეულ სოფელში მიმავალი მგლების ხროვას გადავეყარე და სასოწარკვეთილმა ვიყვირე: - რუსების ღმერთო და ნიკოლოზ, გადამარჩინე-მეთქი. უეცრად ქარბორბალა ამოიჭრა, გამძვინვარებული ნადირი მოხვეტა და სტეპში გადაისროლა. როცა ყველაფერი დაწყნარდა, ჩემ წინ ჭაღარა ბერიკაცი იდგა, რომელმაც მითხრა: - რუსულ ტაძარში მომძებნეო და უჩინო შეიქნა. როცა ტაძარში მოვედი და წმინდა ნიკოლოზის ხატს შევხედე, ის ბერიკაცი ვიცანი, ღამე სტეპში რომ გამომეცხადაო.

დასჯილი ბერი

სტუდენიცის მონასტრის ბერს, არქიმანდრიტ თეოდოსის ძალზე უყვარდა სამეურნეო საქმე და სავანის კეთილდღეობისთვის იღვწოდა. ერთხელ, ნიკოლოზობა დღეს, მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულზე მუშაობა არ ეგების, მეზობელი სოფლების მოსახლეობას მოუხმო ხორბლის დასათესად. თესლი არ გაღივდა. ამან ვერაფერი ასწავლა თეოდოსის და მეორე წელს ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს დააწყებინა მკა მამითადს. პირველსავე ბულულს მეხი დაეცა და მომუშავეთა თვალწინ დაიწვა. ხალხი პირჯვრის წერით გაიფანტა. მიხვდა თეოდოსი, რომ ღმერთი მკაცრად სჯის მას, "ვინც იცის ნება უფლისა და არ აღასრულებს".