35 წელი - გზა ურთულესი და უმნიშვნელოვანესი! - კვირის პალიტრა

35 წელი - გზა ურთულესი და უმნიშვნელოვანესი!

ჩვენი პატრიარქი გულით ხედავს უკვე 80 წელია...

2012 წლის 25 დეკემბერს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს აღსაყდრებიდან 35 წელი შეუსრულდა, 2013 წლის 4 იანვარს კი - დაბადებიდან 80 წელი. "კვირის პალიტრა" ულოცავს უწმინდესს და მზეგრძელობას უსურვებს ერის საიმედოდ.

პატრიარქის ინტრონიზაციის 35 წლისთავის აღსანიშნავად ტაძრებში  ღვთისმსახურება ჩატარდა, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში  საიუბილეო კონცერტი გაიმართა. 25 დეკემბერსვე უწმინდესი და უნეტარესი მცხეთაში ჩაბრძანდა. პატრიარქმა წირვის შემდეგ მრევლს მიმართა: "საქართველოს დაღუპვა არ უწერია. საქართველო გაბრწყინდება, ის არის ყოვლადწმინდა ღვთისშობლის წილხვედრი. ყოვლადწმინდა ღვთისშობელმა გადააფაროს კალთა საქართველოს და ვერავითარი მტერი ვერ დაამარცხებს მას".

ურთულეს დროს, ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, როცა საცდური ყოველწამიერად მრავლდება და "შინაურდება", როცა ღირებულებები თავდაყირა დგას, ჩვენ გვაქვს კუნძული, საითაც უნდა გავცუროთ

გადასარჩენად და ამ კუნძულზე შუქურად ანთია ჩვენი სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

35 წელია ფხიზლად და დაუღალავად დასტრიალებს თავს სამწყსოს. ლოცულობს ჩვენთვის, ჩვენი მომავლისთვის, წინაპრებისთვის - მეფეებისთვის, ეროვნული მოღვაწეებისთვის, მათთვისაც, ვინც თითოეული ჩვენგანის უშუალო წინაპარი იყო და ვისი სახელები აღარც კი ვიცით...

ჩვენ, ყველანი, ერთად, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს ვაშენებთ ყოველთვიური 1 ლარის შეწირვის გზით... ჩვენი სულიერი მწყემსი აქაც გვერდით გვიდგას და მისი შესაწირის მეოხებით ეს დიდებული ტაძარი ქართველი მეფეების, კათოლიკოს-პატრიარქების და იმ ქართველების აშენებულიც იქნება, სააქაოს რომ დაუცოტავდათ მახსენებელი...

დიდი მლოცველია ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი! მისი ლოცვა შეგვეწევა და გვამხნევებს, მისი სიყვარული თავშესაფრად გვყოფნის ულმობელ დაპირისპირებათა ეპოქაში მიუსაფრად ქცეულებს.

ძალიან ხშირად, როგორც ურჩი შვილები, ბევრს ვივიწყებთ, "ვცელქობთ", პატრიარქის კურთხევასაც კი ყურად არ ვიღებთ ხოლმე გაკადნიერებულები. ის კი ისევ სიყვარულით გვეძახის და გვხვდება, უკვე მერამდენედ გვიკრავს გულში ძე შეცდომილებს.

არავის გაჰკვირვებია პატრიარქის სულისშემძვრელი მეოთხე საგალობელი: "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო"...

დავღალეთ მამა - მზრუნველი და მოსიყვარულე... ის, ვინც უფლის წყალობად უნდა მივითვალოთ. მის განსაკუთრებულ ღვაწლს დიდად აფასებენ მსოფლიოში. ამას მოწმობს მსოფლიო საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის საპატრიარქოების, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებლური ქვეყნის ჯილდოები. ნიუ-იორკის და კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ მას ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. უწმინდესი და უნეტარესი არჩეულია ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, მინიჭებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტების საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდებები. მისი ღვაწლი, ხილული და უხილავიც, ერთ მთლიანობად იკვრება და "ჩვენი სიცოცხლე" ჰქვია.

"მზიანი ღამე", - ასე შეაფასა სრულიად უწმინდესმა და უნეტარესმა ერთხელ თავისი განვლილი ცხოვრება. იყო ბევრი სირთულე, მაგრამ მზეც ანათებდაო... იმ ყველა სირთულეში ცხადია, ჩვენ ვერიეთ - ერი, რომლის სამშვიდობოს გაყვანის პასუხისმგებლობა მძიმე ტვირთად აწევს... და ის მზეც არ იქნებოდა ქართველი ერის გარეშე - ხალხისა, რომლის სიყვარულმაც ალბათ ბევრი ტკივილი გადაატანინა... უფლის წყალობით, ცხადია...

უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი თაოსნობით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი" ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური...

მუხლჩაუხრელ შრომაში ჩაფლულს ერთი წუთით არ დაუკარგავს ის სიწრფელე და სიალალე, რაც ადამიანებთან ურთიერთობაში ბავშვებს ახასიათებთ. ეს მაშინ, როცა მეცნიერს მეცნიერებაზე შეუძლია ელაპარაკოს, ხელოვანს - ხელოვნებაზე, ურთულეს ინტელექტუალურ ლაბირინთშიც კი მოძებნოს გზა და თითოეულს ისე დაელაპარაკოს, როგორც მას უკეთ ესმის. ამიტომაც მისი ბავშვური სიწმინდის იქით ყოველთვის იგრძნობა სიბრძნე... სახარებაშიც წერია: "ვინც არ იქნება ბავშვივით, ის ვერ შევა ცათა სასუფეველში". ეს სწორედ ის თვისებაა, რომელიც ხშირად უადვილებთ ღმერთთან სიახლოვეს და გახსნილი გულით იღებენ ყველაფერს, რაც სახარებაში წერია (ზურაბ ცხოვრებაძე). ეს თვისებები მის ქადაგებაშიც იგრძნობა, მის დაწერილ ხატებშიც, მის საგალობლებშიც. იგრძნობა მაშინაც, როცა უკრავს ან მუსიკას უსმენს. მისეული მუსიკის აღქმა და განცდა გამოცდილ მუსიკოსებსაც კი აღაფრთოვანებს.

პატრიარქის საგალობლები ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნოგრაფიას დაამშვენებდა.

2003 წლის 13 თებერვალს მისი ნაწარმოებები ლატვიაში მოისმინეს. გაოცებული დარჩნენ, - ეს ქართველების სულიერმა მამამ შექმნაო? ყველა აღაფრთოვანა ამ საგალობლებმა. დარბაზი მდუმარედ იდგა ფეხზე. ეს კონცერტი ევროვიზიით გადაიცემოდა 15 ქვეყანაში, 19 ქვეყანაში - რადიოთი. ლატვიელებს თვალზე ცრემლი მოადგათ... გაითვალისწინეთ, ისინი სამხრეთელები არ არიან და ძალიან კარგად მართავენ საკუთარ ემოციებს...

უსასრულოდ შეიძლება ჩვენი პატრიარქის ჰიმნოგრაფიაზე ვისაუბროთ, ისე როგორც მისი ხატწერის ნიმუშები გვაძლევს ღრმა გააზრების საფუძველს.

ხატწერამდე იყო ყმაწვილობაში დახატული მცხეთის ჯვრის მონასტერი, მშობლების პორტრეტი... ფიროსმანისეული უშუალობა და გულწრფელობა იგრძნობა მის ფუნჯში, რომელიც შემდეგ უკვე კანონიკური ხატების წერისას ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ სიღრმეებსაც ჩასწვდა და სარწმუნოებრივი სიმაღლეც გადმოსცა.

"გვახსოვდეს, რომ ადამიანის ცხოვრება უნდა წარმოადგენდეს სულიერ ჯვარს, რომლის ვერტიკალური ძელი ღვთისკენ სწრაფვაა, ხოლო ჰორიზონტალური - სწრაფვა ადამიანებისკენ. ეს არის ყოველი ადამიანის ცხოვრების მიზანი" (ილია II, საკვირაო ქადაგებიდან, 2007 წ).

ამას გვასწავლიდა და გვასწავლის... ჩვენ კი, დაბნეულებს, ძალიან გვიჭირს ამ ჯვრის აღმართვა და ზიდვა...

ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი რევაზ სიხარულიძე იხსენებდა, როგორ ასწავლიდა პატრიარქი მას და მის თანატოლ სხვა სტიქაროსნებს, ჩვენ ყველას, უნდა გვყავდეს ჩვენი ლაზარე, რომელსაც ყოველდღიურად დავეხმარებითო... ერთის "ლაზარეს" თუ საკვებით დახმარება სჭირდებოდა, მეორის "ლაზარეს" შეიძლება მხოლოდ სულიერი თანადგომა მოეთხოვა... მესამისას - გზის გაკვალვაში დახმარება... და ჩვენ იმიტომაც ვართ ადამიანები, რომ ჩვენი ლაზარე გვახსოვდეს მუდამ.

იყვნენ შეჭირვებულები, რომელთანაც საჭმელი თავად მიჰქონდა პატრიარქს, ზოგთან სტიქაროსნებს ატანდა...

თუ გაიგებდა, ვინმეს დიდი უბედურება შეემთხვაო, - აუცილებლად წავიდოდა მასთან. ბევრი მოუბრუნებია ცხოვრებისკენ, ბევრისთვის მიუცია გზა, რომ უდიდეს ცოდვაში - თვითმკვლელობის ცოდვაში არ ჩავარდნილიყვნენ.

ყველა იმ მშობლის სათქმელი, ვინც შვილი დაკარგა და პატრიარქის თანადგომა გამოცადა, მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა გადმოსცა: "დიდი პატივი დასდო ჩემს ოჯახს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. 1990 წლის ოქტომბერში შვილი გარდაგვეცვალა. ჩვენთვის ძალიან მძიმე დროს მიგვიღო, გვანუგეშა, გაგვამხნევა.

თქვენო უწმინდესობავ, უღრმესი მოწიწებით მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ განუზომელი მადლისთვის, შვილმკვდარ მშობლებს ნუგეშით რომ დაგვდეთ. ნუგეში, საბას მიხედვით, გულის დასადებს ნიშნავს, ხოლო თქვენი ვრცელი გულის დადებით რამდენი მშობელი აგვაცდინეთ იმ საშინელებას, სისაზარლეს, თვითმკვლელობა რომაა.

ერთხელაც მე, უღირსს, მერამდენე შვებად ერთი, ასე ვთქვათ, ქათინაური მიბოძეთ: თავფარავანზე, წმინდა ნინოს ბევრდღიანი გზის დადგომამდე, ერთი დღით თქვენ ჩამობრძანდით და, რა ვიცოდი მე უღირსმა, თქვენთან ახალი შეხვედრით დაჯილდოება თუ მებოძებოდა, და თუმც არცთუ ფხიზელი ვიყავ, მაგრამ იმდენი მორიდება კი მქონდა, რომ მეუფე დანიელის (მაშინ მამა დავითის) იმედით -“არა უშავს, ეახლეთ, მიდითო, ჯერ კი ვუარობდი, ასეთი როგორ ვეახლო-მეთქი, მაგრამ ძალიან მჯერა ჩემი მოძღვრისა და მან ისე გამამხნევა, რომ გავბედე და მოგიახლოვდით. თქვენ კი, თქვენო უწმიდესობავ, მანამდე თუმც მხოლოდ ერთხელ გყავდით ნანახი და ისიც რამდენიმე თვის წინ, მაინც მიცანით და როგორ მომეფერეთ. რამდენჯერ გამიმეორეთ - ესეც გახსოვდათ, ეს სახელი - ირაკლის მამა, ირაკლის მამა, - ამ სიტყვებით მეფერებოდით ორმაგად უღირსს, და ადრე თუ ძალიან მერიდებოდა, ირაკლიზე ჩემს შვილს რომ ამბობდნენ, ჩემი შვილობით რომ აფასებდნენ, თქვენღა მითხარით ეს საოცნებო - "ირაკლის მამა", რადგან ირაკლი, თქვენო უწმინდესობავ, როგორ და რამდენად უკეთესი იყო ჩემზე, მე ხომ ვიცოდი.

იმ თავფარავნის შემდეგაც აუარება სიკეთისთვისაც დიდ, უღრმეს და მოწიწებით მადლობას მოგახსენებთ გადარჩენისა და თანადგომისთვის.

უწმინდესო და უნეტარესო, გმადლობთ!"

პატრიარქის დიდი მცდელობითა და ლოცვა-კურთხევით, მეცნიერება რელიგიას დაუახლოვდა, სამონასტრო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

მისი ლოცვა-კურთხევით მუშაობს ჰუმანიტარული სამსახური, რომელიც მოყვასის არდავიწყებასა და მადლის ქმნაზეა ორიენტირებული. მომლოცველობის სამსახური, რომელიც მართლმადიდებლობასა და საქართველოს ისტორიას ერთად აყვარებს ადამიანებს...

როცა საქართველოში დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტის იმედი ლამის დავკარგეთ, როცა შობადობა იმდენად მცირე იყო, რომ ერს გაქრობის საფრთხე დაემუქრა, ისევ ჩვენი სულიერი მამა აღმოჩნდა საყრდენი და ძალის მიმცემი - ყველა ოჯახს ნათელ-მირონით დანათესავებას დაჰპირდა, თუკი მესამე შვილს იყოლიებდნენ... ბოლო ნათლობა სულ რამდენიმე დღის წინ - ბარბარობას ჩატარდა და პატრიარქის ნათლულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა (მის უწმინდესობას უკვე 14000-მდე ნათლული ჰყავს). მას მერე, რაც პატრიარქმა ყოველი მესამე და მომდევნო შვილის მონათვლა დაიწყო, გაიზარდა იმ ოჯახთა რიცხვი, სადაც მესამე, მეოთხე შვილს აჩენენ.

სულიერმა მწყემსმა არც ყველაზე მძიმე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გვაგრძნობინა ობლობა. მაშინ, როცა საშინელების პირისპირ დარჩენილმა მრავალტანჯულმა, მცირერიცხოვანმა ერმა ამხელა იარა მიიღო, როცა საკუთარ მიწაზე დაცემულ საკუთარ შვილებს ვერ ასაფლავებდა, წესს ვერ უგებდა, ისევ ჩვენი სულიერი მამა მოევლინა მამად შვილებს - ომში დაცემულ ბიჭებს, სათითაოდ გამოიხსნა, სამშობლოს მიწას რომ მიგვებარებინა...

”ჩვენ ბევრი სამადლობელი სიტყვა გვაქვს სათქმელი - გადარჩენილი სიცოცხლეების გამო, იმის გამო, რომ ჩვენს მიცვალებულებს ჭირისუფლობდა, 2008 წელს საქართველოს მიწაზე დაცემულ ბიჭებს სათითაოდ გამოითხოვდა სამშობლოს მიწას რომ მიებარებინა... იმისთვის, რომ ჩვენთვის ლოცულობდა და ლოცულობს, ათასი რამ გვყოფს და ის ერთი - გვაერთიანებს...

2004 წელს ეკურთხა წმინდა სამების ტაძარი, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის გვირგვინად მოიაზრება. კურთხევის დღეს ტაძარში მტრედი შეფრინდა. ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ის საკურთხეველში შეიყვანა. პატრიარქმა ბრძანა, - ჩემს ტახტზე დასვითო. მთელი კურთხევის განმავლობაში მშვიდად იჯდა მტრედი საპატრიარქო ტახტზე... მადლი ყოველთვის თვალით შეიძლება ვერ ვიხილოთ, ვერც სიმბოლოებით აღვიქვათ, მაგრამ გული ხომ შეუცდომლად იგრძნობს...

მადლი ყოველთვის თვალით შეიძლება ვერ ვიხილოთ, ვერც სიმბოლოებით აღვიქვათ, მაგრამ გული ხომ შეუცდომლად იგრძნობს...

ქართველი ერის გული გრძნობს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ღვაწლს... გული არ ტყუვდება...

"კვირის პალიტრა" ყოველთვის დიდი გულისყურით იღებდა უწმინდესისა და უნეტარესის ყოველ სიტყვას, ამიტომაც ყველა საქმის წამოწყების წინ ცდილობდა, პატრიარქის კურთხევა მიეღო... მრავალ საზრუნავში ჩაფლული ერის სულიერი მამა ყოველთვის სიყვარულით გვითმობდა ყურადღებას, ხედავდა თითოეული ჩვენგანის სულს და გზასაც გვიჩვენებდა. მისი უწმინდესობის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, "კვირის პალიტრა" გთავაზობთ  კედლის კალენდარს პატრიარქის ფოტოთი და მისივე დალოცვის სიტყვებით: "იხარეთ ორსავე სოფელსა შინა". მისი დალოცვა ყოველ ჩვენგანს გაჰყვება სულის სალბუნად და იმედად...

პატრიარქი გულით ხედავს უკვე 80 წელია... ჩვენც აგვხელოდეს გულის თვალი სამყაროს დასანახად, მისი სიყვარულისა და ლოცვის სამრავალჟამიეროდ...

ჩვენი პატრიარქი

1933 წლის 4 იანვარს ჩრდილო კავკასიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წარმომადგენელს, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილს მეშვიდე შვილი შეეძინა. იმავე წელს გიორგის ძმასაც ეყოლა ვაჟი - რაფიელი. მაშინ ერთი უცნაური ამბავი მოხდა შიოლაშვილების ოჯახში: ოთახში თეთრი მტრედი შემოფრინდა და მშობიარის სარეცელთან დაჯდა. იმავე დღეს გიორგი შიოლაშვილმა თავისი მშენებარე სახლის საძირკველში ბარათი ჩაატანა, რომელშიც ეწერა, მომავალში საქართველოს ეკლესიას ირაკლი ან რაფიელი უწინამძღვრებსო.

ძაუგის (ვლადიკავკაზის) ქართული ეკლესია XX საუკუნის 30-იან წლებშიც კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ქრისტეშობის დღეს სწორედ ამ ეკლესიაში მონათლეს სამი დღის ჩვილი და მეფე ერეკლეს პატივსაცემად ირაკლი დაარქვეს. საქართველოს მომავალი სულიერი მამა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა, შემდეგში+ წილკნის ეპისკოპოსმა ტარასიმ და მონაზონმა, დედა ზოილემ მონათლეს.

სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ დალოცა.

გიორგი შიოლაშვილის შვილები ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. "ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა. ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა. მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმინდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა", - იხსენებდა უწმინდესი და უნეტარესი.

ირაკლი შიოლაშვილმა 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც I ხარისხის დიპლომით დაამთავრა და სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. დაიწყო დიდი გზა, რომელიც მოთმინებით და რწმენით, სიყვარულით და სიკეთით უნდა გაევლო.

1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, ბერად აღიკვეცა და სახელად წმინდა ილია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია ეწოდა. მალე ხელი დაასხეს იეროდიაკვნად, 1959 წელს კი - მღვდელ-მონაზვნად.

მღვდელ-მონაზონმა ილიამ 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული მოღვაწეობისათვის 1961 წელს აღიყვანეს იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ ხელი დაასხა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1963 წელს დაინიშნა ახალგახსნილი მცხეთის სასულიერო სემინარიის - იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის - რექტორად.

1967 წელს ეპისკოპოსი ილია აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და ორ წელიწადში მიტროპოლიტის ხარისხი მიანიჭეს. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II.

მაშინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო. დღეს მათი რიცხვი 800-ს გასცდა.

1977 წელს 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-ზე მეტია. საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი - წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

1988 წელს უწმინდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოიტანეს თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში... საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდით - გელათის მეცნიერებათა აკადემია.