"ისეთი პატრიარქი, როგორიც ჩვენია, არავის არ ჰყავს" - კვირის პალიტრა

"ისეთი პატრიარქი, როგორიც ჩვენია, არავის არ ჰყავს"

გრძელდება ჩვენი პატრიარქის საიუბილეო დღეები, გასული კვირა იმითაც იყო აღსანიშნავი ჩვენი ერის ცხოვრებაში, რომ ლამის მთელი მართლმადიდებელი სამყაროს წარმომადგენლები საქართველოში ჩამობრძანდნენ და გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის მიმართ. სტუმრებიდან გამოვყოფთ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს. ფრიად დატვირთული იყო სტუმრების პროგრამა, ისინი დაესწრნენ საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილ კონფერენციას, საზეიმო კონცერტს, მოილოცეს შიო-მღვიმისა და სამთავროს მონასტრები, ერთად სწირეს სამების საკათედრო ტაძარში... ყოველდღიურად იმდენ ლამაზ ამბავს ვისმენ ჩვენს ტკბილ პატრიარქზე, რომ ამ ამბებით გამოწვეულ სითბოსა და სიხარულს გულში ვეღარ ვიტევ და მსურს გავუზიარო "კვირის პალიტრის" მკითხველებს.

მადლობა

მონაზონი ქეთევანი (მარტიაშვილი) იგონებს: "საპატრიარქოს ეზოში, ბაღის ბოლოს, ულამაზესი ტირიფის ხე იდგა. ხშირად ვაკითხავდი  და წყალს ვუსხამდი.  ვინაიდან უკვე წლოვანი იყო, დასნეულდა, ჭია გაუჩნდა. ერთხელ, როდესაც კვლავინდებურად მივაკითხე, დავინახე კათოლიკოს-პატრიარქი და რამდენიმე ადამიანი  ტირიფთან იდგა. მივხვდი, მებაღეებს უნდა მოეჭრათ ხე, ვინაიდან ჭია, შესაძლოა, სხვა ხეებსაც გადასდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან განვიცადე. იქვე ვიდექი და უწმინდესს შევცქეროდი. ყველამ იცის, როგორ უყვარს ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს მცენარეები, როგორ ეფერება და ესიყვარულება თითოეულ ბუჩქს, ხეს, ფოთოლს... უწმინდესმა ტირიფს ტოტები დაუკოცნა და უთხრა: დიდი მადლობა, რომ გვემსახურებოდი, ახლა დიდ ბოდიშს გიხდით, რომ უნდა მოგჭრათო... მომეჩვენა, როცა მოჭრეს, მისი ტოტები მშვიდად, მორჩილებით დაეცა ძირს".

იქაც საქართველოა

2001 წელს ირანის პრეზიდენტ მუჰამედ ჰათამის მიწვევით ირანში ვიზიტისას მისმა უწმინდესობამ მოინახულა ფერეიდანი, შეხვდა იქაურ ქართველობას და გაამხნევა ისინი. პატრიარქის ფერეიდნიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს მოაშურა არაერთმა იქაურმა ქართველმა. სამშობლოში ჩამოსული ფერეიდნელების პატრონი და მასპინძელია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II. ფერეიდნელი ქართველები მის უწმინდესობას ოცნების საქართველოდან ჩამოსულს უწოდებენ. პატრიარქი ხშირად იმეორებს ფერეიდნელთა საოცარ ლოცვას - "ღმერთს ებარებოდეთ".

სიყვარული მოყვასისა

გახსოვთ ალბათ ჩვენში გაჩაღებული სამოქალაქო ომი და ის შიმშილობის წლები. ერთ მასწავლებელ ქალბატონს სურდა, პატრიარქისთვის ესიამოვნებინა, ყოველდღე ადრიანად დგებოდა, საფუნთუშეში ახალგამოცხობილ პურს ყიდულობდა და საპატრიარქოში მიჰქონდა. ერთადერთი, რის გაკეთებაც მას შეეძლო, ეს იყო, თავისი მწირი შემოსავალი მხოლოდ პურის ყიდვის ნებას აძლევდა.

ეს ქალბატონი კიბოთი დაავადდა, სიმსივნე თავში აღმოაჩნდა. ექიმები ხელს არ ჰკიდებდნენ, სახლში ახლობლები ვეღარ უვლიდნენ. პატრიარქმა ის საპატრიარქოში წაიყვანა. პატრიარქი ყოველ საღამოს მოინახულებდა ხოლმე  და მას მოსაკითხს მიუტანდა. არადა, უწმინდესი მას თითქმის არ იცნობდა. უყვებოდა ავადმყოფს წმინდანებზე, თავის ცხოვრებაზე, ეკლესიაზე და ასე მშვიდად გააცილა უკანასკნელ გზაზე.

წმინდა გაბრიელი და პატრიარქი

დაბოლოს ისევ ღირს მამა გაბრიელს (ურგებაძეს) და პატრიარქისადმი მის სიყვარულს გავიხსენებთ:

წმინდა გაბრიელი მკაცრი იყო მათ მიმართ, ვინც სამღვდელო პირებს განიკითხავდა. ერთხელ, როცა მასთან პატრიარქიც კი განიკითხეს, განრისხებულმა წმინდა გაბრიელმა განმკითხველს მიმართა:

- როგორ ბედავ! შეხედე ჩემს მუხლებს! ხომ ხედავ, გადაყვლეფილი მაქვს დღედაღამ მასზე ლოცვით? ამას რომ ამბობ, შენ კი გაქვს მისი სიყვარული?! მე მაქვს უფლება, და თუ საჭიროა, მე ვეტყვი!

ერთხელ, საუბრისას, პატრიარქმა ღმრთივგაბრძნობილი სიტყვით მიმართა წმინდა გაბრიელს:

- ხედავ, გაბრიელ, ჩვენ შორის ღმერთს მეტად ვინ უყვარს? შენ სიგლახაკე გიბოძა, მე კი - წოდება?!

ერთხელ სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიამ, დედა ქეთევანმა, შესჩივლა, აღარ შემიძლია, ჯვარი უნდა მოვიხსნაო. ბერი შეყოვნდა, ჩვეულებისამებრ ხატებისაკენ მიბრუნდა, ხელებაპყრობილმა ილოცა და შემდეგ დასძინა: მოთმინება იქონიე, დაო და დედაო, შენით ნუ მოიხსნი ჯვარს, ვინც მოგხსნის, პასუხს იგი აგებს. განა პატრიარქს არ უჭირს? შენ არ იცი, კათოლიკოსის ჯვარი რა მძიმეა, იგი ხომ ორ ჯვარს ატარებს - ერისას და ეკლესიისას, იმან რაღა ქნას? ბევრი განსაცდელი გელოდება, ღმერთი ღუმელში შეგაგდებს, რომ გამოგცადოს და განგწმინდოს...

დიახ, მძიმეა კათოლიკოსის ჯვარი. იგი ხომ მათზეც აგებს პასუხს, ვისაც ხელნი დაასხა. ერთი მოძღვარი, რომელიც იმ ძმათა მკვლელობის დროს პატრიარქს განიკითხავდა, ბერმა შეაჩერა და უთხრა:”შენ პატრიარქს დაუჯერე, მაგის ნაკურთხი ხარ და მაგის კურთხევით დადიხარ, მე კი სულიწმინდის კურთხევით დავდივარო.”

ერთხელ, როდესაც სამთავროს მონასტერში მობრძანდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, წმინდა გაბრიელი ეკლესიის შესასვლელთან წინ გადაუდგა. გაბრიელ, შენთან არ მოვსულვარო”- მდაბლად უპასუხა პატრიარქმა, ტაძარში აღარ შევიდა და მონასტრის შენობისკენ, კიბეს ზემოთ აუყვა. ამ ამბავს ერთ-ერთი ერისკაცი იხსენებს: ამის შემხედვარე, უხერხულობისაგან არ ვიცოდი, რა მექნა. ცოტა ხანში გაბრიელ ბერმა თავის სენაკში შემიყვანა. სენაკის შუაში, ლამაზ ჩარჩოში პატრიარქის დიდი პორტრეტი ჰქონდა ჩასვენებული. მივიდა ამ სურათთან, ეამბორა, სიყვარულით გულში ჩაიკრა, მოეფერა, მერე ჩემკენ მოტრიალდა და მითხრა:

- ისეთი პატრიარქი, როგორიც ჩვენია, არავის არ ჰყავს.